Reuters-ი: ნატოს მოკავშირეებმა გაზაფხულზე რუსეთის სამხედრო საიდუმლო წვრთნები ჩაშალეს

კაბელის გაყვანა ბალტიის ზღვის ფსკერზე (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთი მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში გამოცდიდა საიდუმლო იარაღს, რომელიც განკუთვნილია წყალქვეშა კაბელების მწყობრიდან გამოსაყვანად ყოველგვარი კვალის დატოვების გარეშე. ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა ეს გამოავლინეს და წვრთნები ფაქტობრივად ჩაშალეს.

ამას ამტკიცებს სააგენტო Reuters-ი ორ დასავლელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომელთა სახელებიც დასახელებული არ არის.

2026 წლის აპრილში დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ საჯაროდ განაცხადეს ჩრდილოეთ ატლანტიკის წყლებში რუსეთის წყალქვეშა კვლევების მთავარი სამმართველოს (ГУГИ) საიდუმლო ოპერაციის შესახებ, რომლის სამიზნეც შესაძლოა წყალქვეშა კაბელები ან მილსადენები ყოფილიყო.

Reuters-ი წერს იმავე ეპიზოდზე, თუმცა აქვეყნებს დამატებით დეტალებს, რომელთა შორის არის წვრთნების ჩატარების ადგილი (არქიპელაგ შპიცბერგენთან), ახალი იარაღის გამოცდა, ასევე აშშ-ის მონაწილეობა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია. კრემლი ყოველთვის უარყოფს ნატოს ქვეყნებში დივერსიული ოპერაციების ჩატარებას ან რაიმე სახის დაპირისპირებისთვის მზადებას.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა „რთული და დამანგრეველი ტექნოლოგიის გამოყენების სიმულირებისთვის“ გამოიყენეს ღრმაწყლოვანი აპარატები, რომლებიც განკუთვნილია მნიშვნელოვანი წყალქვეშა კაბელების მწყობრიდან გამოსაყვანად „კვალის დატოვების გარეშე“. ГУГИ-ს წყალქვეშა ნავები და სხვა გემები შპიცბერგენის სანაპიროებთან ნატოს მოკავშირეებმა აღმოაჩინეს.

ამტკიცებენ, რომ დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიისა და აშშ-ის ერთობლივი ოპერაციის შედეგად რუსმა სამხედროებმა ტერიტორია დატოვეს ისე, რომ არცერთი კაბელი არ დაუზიანებიათ.

დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის ოფიციალურმა პირებმა მოსკოვს აცნობეს, რომ იციან ახალი ტექნოლოგიის შესახებ. ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა ტურე სანდვიკმა Reuters-ს განუცხადა, რომ ნატოს მოკავშირეთა ოპერაციამ რუსეთის ხელისუფლებას მისცა „მკაფიო სიგნალი იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ ფარულად მოქმედება“.

თეთრ სახლს კომენტარის გაკეთების მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია.

ასევე ნახეთ

ბრიტანეთმა 25 პროცენტით გაზარდა დაკვირვება რუსეთის ხომალდებზე