გასულ ღამით აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ სარატოვში. მონიტორინგის უკრაინული არხების ცნობით, დრონებით შეტევა იყო სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ონლაინ-ვაჭრობის კომპანია Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრზე.
11 სექტემბერს გამთენიისას სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა მოკლე ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად სარატოვში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ ხანძრები გაჩნდა სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Ozon-ის ლოგისტიკის ცენტრში.
სარატოვში მდებარე ლოგისტიკის ცენტრზე დრონებით შეტევა და ხანძარი დილით დაადასტურა კომპანია Ozon-ის პრესსამსახურმა. ობიექტმა მუშაობა შეაჩერა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
- სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომლის მფლობელიც კომპანია „როსნეფტია“, უკრაინის თავდაცვის ძალები ხშირად უტევენ. 2025 წლიდან ამ საწარმოზე 15-ზე მეტი დარტყმა იყო.
- 2026 წლის ზაფხულიდან უკრაინა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში უტევს ონლაინ-ვაჭრობის კომპანიების, Ozon-ის და Wildberries-ის საწყობებს.
კიევი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს უწოდებს ომის გადატანას იქ, საიდანაც ეს ომი მოვიდა. რუსეთი ამ დარტყმებს „ტერორისტულ შეტევად" განიხილავს.