დრონები, რომლებსაც ოდესღაც ძირითადად დაზვერვისთვის იყენებდნენ, დღეს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე დომინირებენ, არამედ ფრონტის ხაზიდან შორს, ღრმა ზურგში მდებარე ლოგისტიკურ და უზრუნველყოფის ობიექტებსაც სწვდებიან. უპილოტო საფრენი აპარატების შედარებით დაბალმა ფასმა, სიზუსტემ და მოქმედების განუხრელად მზარდმა რადიუსმა წარმოშვა ვარაუდები, რომ ბრძოლის ველს ახალი მეფე ჰყავს, არტილერია, ტანკები და თვით ქვეითი ჯარიც კი უკვე წარსულია. Starlink-ის მსგავსი სატელიტური კავშირის როგორც რუსული, ასევე ევროპული ანალოგების გამოჩენა კიდევ ერთ, ახალ შესაძლებლობას აჩენს: დრონები სულ უფრო დიდ მანძილზე იმოქმედებენ და ოპერატორებთან რეალურ დროში კავშირს შეინარჩუნებენ.
როგორ შეცვლის “ახალი მეფე” საბრძოლო ტაქტიკას და სტრატეგიებს? არც უკრაინისთვის და არც რუსეთისთვის ეს არ არის თეორიული დისკუსია ომის მომავალზე. ეს ცვლილებები უკვე განსაზღვრავს, როგორ ინიღბებიან ქვედანაყოფები, როგორ მუშაობს ლოგისტიკა - როგორ და როდის გადააქვთ მეთაურებს მარაგები და ტექნიკა და ფრონტის უშუალო ხაზს მიღმა რომელი ობიექტების შენარჩუნებაა შესაძლებელი. უსაფრთხო ზურგი თითქმის აღარ არსებობს - სამხედროებს დაცულად ყოფნა მხოლოდ ძალიან მცირე ხნით შეუძლიათ. „რა დასკვნების გამოტანის საფუძველს გვაძლევს ახალი ომის გამოცდილება უკრაინაში? ომის ხელოვნების რომელი თეზისები „გადააფასა“ დრონების აღზევებამ და რომელი - განამტკიცა? როგორ შეიძლება დრონებით ომის მომდევნო ეტაპმა ბრძოლის ველი კიდევ უფრო ფართო, სწრაფი და დაუნდობელი გახადოს? ვაჟა თავბერიძის კითხვებს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში გენერალი კევინ რაიანი და პოლკოვნიკი ფრენკ სობჩაკი პასუხობენ.
ჩემდა გასაოცრად მსოფლიოს არაერთ არმიას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, რამდენად გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება დღეს მთლიანად ომის ხელოვნება".
რადიო თავისუფლება: შეიძლება თუ არა დრონების ტექნოლოგიის კიდევ უფრო მაღალი ტემპებით განვითარებამ ტრადიციული საარტილერიო ომი მართლაც ზედმეტი გახადოს?
პოლკოვნიკი ფრენკ სობჩაკი: დრონები, მიუხედავად მათი მზარდი მნიშვნელობისა, ტრადიციულ საარტილერიო ომს „წირვას ვერ გამოუყვანს“. არტილერიას აქვს შესაძლებლობები, რომელთაც დრონები უბრალოდ ვერ მოგცემს. მაგალითად, მას შეუძლია მასშტაბური, კოორდინირებული ცეცხლის წარმოება უმძიმეს ამინდშიც, მათ შორის ნისლში, წვიმაში, ქარიშხალსა და ძლიერ ქარში. მისი ჩახშობა ელექტრონული jamming საშუალებებით შეუძლებელია და, სწორად გამოყენების შემთხვევაში, არტილერიას შეუძლია ცეცხლის ისეთი კონცენტრაცია, რომლის მიღწევაც დრონებს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ ძალუძთ.
ასევე ნახეთ
"დიდი პრობლემა": რუსეთის რეაქტიული დრონები უკრაინას ურტყამენამავე დროს, დრონები თანამედროვე ომის უკვე სრულიად აუცილებელ კომპონენტად იქცა და მათი მნიშვნელობის გაუცნობიერებლობა ნებისმიერი არმიისთვის უდიდესი რისკის ტოლფასი იქნებოდა. დღეს არ არის მსოფლიოში არმია, სამხედრო ძალა, რომელსაც ექნებოდა ფუფუნება, დრონების აღზევებას ყურადღება არ მიაქციოს და არაფერი შეცვალოს საკუთარ მიდგომაში. უკრაინის ომი ღია საბრძოლო ლაბორატორიაა, სადაც ეს ცვლილებები ყველასთვის თვალსაჩინო უნდა გამხდარიყო, თუმცა, ჩემდა გასაოცრად, მსოფლიოს არაერთ არმიას ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, რამდენად გარდამტეხ ეტაპზე იმყოფება დღეს მთლიანად ომის ხელოვნება და მისი ბუნება.
საერთო ჯამში, ვიტყოდი, რომ მრავალ კომპონენტში დრონები ტრადიციულ არტილერიას შეავსებენ და შესაძლოა, გარკვეულწილად, მასზე უკეთესიც გახდნენ, მაგრამ მთლიანად ვერ ჩაანაცვლებენ.
გენერალი კევინ რაიანი: უკრაინაში დრონების მზარდ გამოყენებას ომის ბუნება არ შეუცვლია. დრონები არის ტაქტიკური და არა სტრატეგიული მასშტაბის ინოვაცია. სტრატეგიულ სიბრტყეზე ომი ერთი მხარის მიერ მეორისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევის ბრძოლად რჩება. ამ შემთხვევაში, რუსეთი ცდილობს, თავისი ნება უკრაინასა და დასავლეთს მოახვიოს თავს. თუმცა დრონებმა ხელოვნურ ინტელექტთან და მყისიერ კომუნიკაციებთან ერთად რევოლუციურად შეცვალეს მეთაურების მიერ ომის წარმოების გზა და მეთოდები.
ომის უცვლელი ბუნებისა და ცვალებადი მეთოდიკის ისტორიული ანალოგი შეიძლება იყოს XI საუკუნეში ნორმანების მიერ ინგლისში შეჭრა და მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა შეჭრა ნორმანდიაში. ვილჰელმ დამპყრობელმა ანგლიის სანაპიროს ასობით ხისგან ნაგები ხომალდი მიაყენა და ასე გადასხა ლაშქარი. თითქმის ათასი წლის შემდეგ, მოკავშირეთა იერიშში ათასობით საფრენი აპარატი და გემი მონაწილეობდა. და, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ შორის არც ერთი ხის გემი არ ყოფილა, ყველას ფოლადის კორპუსი ჰქონდა. ანუ, არსი, ბუნება, მიზნები მსგავსი იყო, მაგრამ იარაღი და ტაქტიკა რადიკალურად განსხვავდებოდა.
ასევე ნახეთ
“ომი შეიძლება ათწლეულები გაგრძელდეს” - ნადეჟდინის დაკარგული იმედიდრონების შესაძლებლობების სწრაფი განვითარება დღეს უკრაინაშიც ასეთივე ღრმა ცვლილებებს იწვევს. ოთხი წლის წინ რუსეთის ძალები უკრაინაში ძირითადად იმავე შეიარაღებით შეიჭრნენ, რომელსაც არმიები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყენებდნენ. ეს შეიარაღება დღესაც ადგილზეა და კვლავ გამოიყენება, თუმცა უპირატეს, პრიორიტეტულ იარაღად დრონები იქცა, მათი ეფექტურობისა და ხელმისაწვდომობის გამო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთის ძალების დანაკარგების 80 პროცენტზე მეტი დრონებითაა გამოწვეული. რუსეთიც, ცხადია, მსგავს ტაქტიკაზე გადავიდა.
ტრადიციული ბრძოლის ველის და მასშტაბური სატანკო იერიშების ნაცვლად დღეს ვხედავთ სარდაფებსა და ბლინდაჟებს შეფარებული რუსი და უკრაინელი ოპერატორების დუელს, რომლებიც ბრძოლის ველს დრონების კამერებით აკვირდებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ უპილოტო საფრენ აპარატებს აგზავნიან. შედეგად, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურება მაღალი სიზუსტითა და დაბალი დანახარჯით ხდება. ანუ დრონებს არტილერია და ტანკები სრულად არ ჩაუნაცვლებია, მაგრამ მათი ფუნქციების ნაწილი ნამდვილად გადაიბარეს.
რადიო თავისუფლება: ანალოგიურად შეიძლება თუ არა დრონების ტექნოლოგიის განვითარებამ, სულ უფრო და უფრო „რობოტულმა ომმა“ ქვეითი ჯარი ბრძოლის ველიდან „გააქროს“?
პოლკოვნიკი ფრენკ სობჩაკი: როდესაც მეუბნებიან, რომ ქვეითი ჯარი ბრძოლის ველიდან გაქრება, მახსენდება მარკ ტვენის ცნობილი პასუხი, როდესაც მან ბრიტანულ გაზეთებში საკუთარი გარდაცვალების შესახებ ცნობები წაიკითხა: „ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულიაო“. ასევე გაზვიადებულია ცნობები იმის შესახებაც, თითქოს ქვეითი ჯარი მოძველდა ანაც, შეიძლება, ჩანაცვლდეს.
ქვეით ჯარს ბრძოლის ველზე ყოველთვის ექნება თავისი როლი, რადგან არც ერთ სხვა ძალას არ შეუძლია ტერიტორიის დაკავება და შენარჩუნება. ამავდროულად, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სამხედრო საქმეში ნამდვილი რევოლუციის მომსწრენი ვართ, რომლის მასშტაბებიც, ალბათ, ომის წარმოებაში იმ ძირეულ ცვლილებებს უტოლდება, რომლებიც პირველ მსოფლიო ომამდე და მისი მიმდინარეობისას მოხდა. ქვეითი ქვედანაყოფი, რომელიც თუნდაც მცირე ხნით აღმოჩნდება დაუცველი ეფექტიანი და მრავალრიცხოვანი დრონებით აღჭურვილი მოწინააღმდეგის წინაშე, განადგურების უდიდესი საფრთხის ქვეშ ექცევა.
დრონების შედარებით დაბალი ფასისა და მათი ეფექტიანობის ერთობლიობა ნიშნავს, რომ თამაშის წესები შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
ასევე ნახეთ
რატომ არ ჩერდება ომი?!თუ უკრაინა Starlink-ზე თანხმობას მიიღებს, რუსეთის ზურგის მოწყვლადობა დრამატულად გაიზრდება".
რადიო თავისუფლება: რამდენად შესაძლებელია დრონების Starlink-თან დაკავშირებამ მომდევნო 12 თვეში ბრძოლის ველი რადიკალურად შეცვალოს - როგორ შეერწყმება ეს მოწინააღმდეგის სიღრმეში განხორციელებულ, უკვე ძალზე ეფექტიან დარტყმებს?
პოლკოვნიკი ფრენკ სობჩაკი: Starlink-ზე „მიბმულ“ დრონებს უკვე ვხედავთ. ხარჯების გათვალისწინებით, ყოველ შემთხვევაში ამჟამად, მომდევნო 12 თვეში ამის ყველაზე დიდი შედეგი საბრძოლო სივრცის გაფართოება იქნება მოწინააღმდეგის სიღრმეში - თუ უკრაინა Starlink-ზე თანხმობას მიიღებს, რუსეთის ზურგის მოწყვლადობა დრამატულად გაიზრდება.
სტაციონარული ლოგისტიკური და უზრუნველყოფის ობიექტები, რომლებიც მანამდე ზურგში შედარებით უსაფრთხოდ მიიჩნეოდა ან, სულ მცირე, იმდენად კარგად იყო დაცული, რომ თავდასხმების უმეტესობა შეეკავებინა, სწრაფად იქცევა კრიტიკულ მოწყვლად წერტილებად და მიმზიდველ სამიზნეებად. იმდენად გაიზრდება იმ ადგილების რაოდენობა, რომლებზეც იერიშის მიტანა და მათი განადგურება იქნება შესაძლებელი, რომ მათი დაცვა უკიდურესად გართულდება. ამიტომ ბევრ აქამდე სტაციონარულ ობიექტს მოულოდნელად მოუწევს, მობილობა შეიძინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში განადგურება დაემუქრება.
გენერალი კევინ რაიანი: დრონებზე მზარდ დამოკიდებულებას ერთმა ფაქტორმა შეუწყო ხელი: ბრძოლის ველის რეალურ დროში ხედვისა და მყისიერი კომუნიკაციის შერწყმამ. როგორც რუსეთის გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა იური ბალუევსკიმ 2024 წელს აღნიშნა, „ომის ნისლი“ პრაქტიკულად გაიფანტა, ყველა ყველაფერს ხედავს კამერებით აღჭურვილი დრონების წყალობით, რომლებიც ერთდროულად საკუთარ სხვადასხვა ქვედანაყოფს უკავშირდებიან.
ამ შედეგის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტრადიციულმა რადიოკავშირმა და ოპტიკურ-ბოჭკოვანმა კომუნიკაციებმა, მაგრამ დრონებისა და მათი ოპერატორების თანამგზავრის საშუალებით დაკავშირება სწრაფად იქცევა კიდევ ერთ საკვანძო ნახტომად. Starlink-ის მეშვეობით დრონების დაკავშირებამ უდიდესი როლი ითამაშა იმ ფართოდ გაშუქებულ წარმატებების სერიაში, რომლებიც უკრაინელებმა ბოლო რამდენიმე თვეში შემოგვთავაზეს. აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც რუსულ დრონებსა და სამხედრო ქვედანაყოფებს Starlink-ზე წვდომა შეუწყდათ, მათ მყისვე განიცადეს მძიმე დანაკარგები და დღემდე ვერ ახერხებენ ამ დანაკლისის სრულფასოვნად შევსებას.