მაია კოხტაშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს, ფსიქოტროპულ პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ექიმს პროვოკაცია მოუწყვეს - მასთან მივიდა ადამიანი და ლოგინად ჩავარდნილი და ტკივილით გატანჯული ოჯახის წევრისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა; ექიმი შევიდა მის მდგომარეობაში და წამალი გამოუწერა.
ოფიციალური ინფორმაციით, “დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი”.
"საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თავის განცხადებაში, პირდაპირ საპატიმრო სასჯელზე მიუთითებს; თუმცა ეს მუხლი - ჯარიმასაც ითვალისწინებს.
ექიმს, რომელიც ადგილობრივების მხრიდან განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, პაციენტები და მათი ოჯახები სოციალურ ქსელში ღია მხარდაჭერას უცხადებენ.
- “ექიმობა მხოლოდ სპეციალობა არ არის — ეს არის ღვთისგან ბოძებული უნარი, სხვის ტკივილს შეეხო და იმედი დაუბრუნო. შენ ეს სიკეთე წლების განმავლობაში თესე და დღეს ის სიყვარულად და მხარდაჭერად გიბრუნდება! სიმართლეს თავისი ძალა აქვს! ”.
- “ღმერთო შენ უშველე ხალხის საყვარელ და ერთგული მაია ექიმს შენ ხომ იცი რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია უანგაროდ და ღიმილით ასეთი ღიმილიანი დაუბრუნე თავის ოჯახს და იმ ათასობით პაციენტს ვინც მოუთმენლად ველოდებით”
- „ოთხი ერთმანეთზე უკეთესი შვილი გაზარდა, უანგაროდ დაეხმარა ძალიან ბევრ პაციენტს, უამრავ ადამიანს სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა და დღეს, ქვეყნის სირცხვილია სადაცაა მაია ექიმი“.
მას შემდეგ, რაც ექიმს სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა, სოციალურ ქსელებში თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო. მოქალაქეებმა გირაოს თანხა - 50 ათასი ლარი - დაახლოებით საათ-ნახევარში შეაგროვეს.
ექიმის ოჯახის წევრები და ახლობლები მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.
რა მტკიცებულება აქვს გამოძიებას?
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერის თანახმად, ექიმი რეცეპტის გამოწერას კანონით გათვალისწინებულ ვადაში [14 დღის შემდეგ] ჰპირდება ადამიანს, რომელიც მასთან, როგორც ტიტრების შინაარსიდან ჩანს, უკვე მეორედ არის მისული. ექიმი მას ეუბნება, რომ მესამედ მისვლა, 14 დღეში, მას აღარ მოუწევს და რეცეპტს დისტანციურად გამოწერს.
ვიდეოში არ ჩანს, რომ ექიმი იღებს ფულს ანდა მასთან მისულ ადამიანს ფულის სამომავლო გადახდაზე უთანხმდება.
ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში 11 სექტემბერს დაწერა, რომ ექიმთან აგენტ-პროვოკატორი მიაგზავნეს, რომლის ვინაობაც დადგენილია. 12 სექტემბერს კი, ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ - აგენტი-პროვოკატორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელია.
"ბებია ჰყავდა ვითომ ლოგინად ჩავარდნილი ახმეტიდან შორს მდებარე სოფელ ნაფარეულში, სამწვერა ნერვის ანთებით და მწვავე ტკივილებით, ვითომ ბებია - მაყვალა მარტყოფლიშვილი" - წერს გელა მთივლიშვილი.
ამ დღეებში არაერთმა ადამიანმა ივარაუდა, რომ ექიმი სამაგალითოდ ისჯებოდეს სწორედ მის ოჯახში არსებული განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო. აქტივისტების თანახმად, მაია კოხტაშვილის ერთ-ერთი შვილი უწყვეტი პროევროპული პროტესტის აქტიური მონაწილეა.
"უაზრო კანონები"
ყველა დარწმუნებულია, რომ მაია კოხტაშვილი პროვოკაციას თავისი გულისხმიერების გამო წამოეგო და ქვეყანაში მოქმედ “უაზრო კანონებს” ემსხვერპლა, რადგან ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობდა, გაეთვალისწინებინა პაციენტების მდგომარეობა.
ახმეტის მკვიდრი ნათია დეკანოზიშვილი, რომლის 89 წლის დედა მაია კოხტაშვილის პაციენტია, სოციალურ ქსელში იხსენებს რომ დედა ახმეტის კლინიკაში, მეორე სართულზე სამმა ადამიანმა ძლივს აიყვანა - რადგან კლინიკაში ლიფტი არ მუშაობს.
“მაია ექიმმა გამოუწერა ფსიქოტროპული წამალი,14! აბი! მეტის გამოწერის უფლება არ აქვს! ეს წამალი იყიდება მხოლოდ ერთ აფთიაქში ახმეტაში, თანაც ავადმყოფი უნდა მიიყვანო და ხელი მოაწერინო! ესე იგი თვეში ორჯერ ინვალიდი ადამიანი უნდა ვატაროთ წინ და უკან სამმა კაცმა? სამაგიეროდ ნარკოტიკი იყიდება თავისუფლად და უპრობლემოდ! მაია ექიმი ეტყობა შევიდა ვიღაც ჩვენნაირი გაჭირვებულის მდგომარეობაში და შვილს მისცა რეცეპტი! რა არის აქ დანაშაული?”, - წერს ნათია დეკანოზიშვილი.
2026 წლის 1 აპრილს ძალაში შესული ახალი რეგულაციებით:
- ექიმმა ფსიქოტროპულ მედიკამენტზე რეცეპტი [ზრდასრულებს] ყოველ 14 დღეში ერთხელ უნდა გამოუწეროს;
- პაციენტი ექიმთან რეცეპტისთვის თავად უნდა გამოცხადდეს ანდა ვინმეს მინდობილობა უნდა გაუფორმოს, რომ მის მაგივრად ჯერ რეცეპტი აიღოს, შემდეგ წამალი იყიდოს;
ექიმთან თვეში ორჯერ მისთვის ვალდებულება პაციენტებს და მათ ოჯახებს დიდ ტვირთად დააწვათ. პაციენტები და ექიმები დღეს არსებულ პრობლემებს ჯერ კიდევ ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე პროგნოზირებდნენ.
ასევე ნახეთ
როგორ დააწესა ფსიქოტროპულ წამლებზე ლიმიტი ექიმების ნაცვლად სახელმწიფომასეთი ოჯახების ისტორიების შესახებ რადიო თავისუფლება აგვისტოში წერდა. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ რეცეპტების გამოწერა და წამლების შოვნა მათთვის სატანჯველად იქცა: დედებსა და შვილებს ხშირად ავადმყოფების მარტო დატოვება და შორ მანძილზე სიარული უწევთ - თავადაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონეებს - ეს თვეში ორჯერ ძალიან უჭირთ. ბევრისთვის დამატებითი ხარჯია - რეცეპტისთვის ექიმთან ვიზიტი.
რადიო თავისუფლება ექიმებსაც ესაუბრა. მათი მთავარი პრობლემა ის არის, რომ სახელმწიფო კლინიკურ გადაწყვეტილებაში ჩაერია. ახალმა რეგულაციებმა ექიმების დატვირთვა გაზარდა. ახლა პაციენტები ყოველ ორ კვირაში ერთხელ მათთან მხოლოდ რეცეპტის გასაახლებლად მიდიან, ხოლო გრძელი რიგების გამო - "ეს დრო სხვა პაციენტებს აკლდება".
რადიო თავისუფლებამ შეკითხვებით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა. პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
მაია კოხტაშვილს სოლიდარობას უცხადებენ ექიმები. ჯაბა ზარქუა ექიმებისა და პაციენტების ურთიერთობების გაუარესებისა და პაციენტების დაზარალების რისკებზე წერს.
“სამინისტრო სანამ ექიმების ბატონად წარმოიდგენს თავს და რეგულაციებს მათ დასასჯელად იყენებს, მანამდე დაზარალდება პაციენტი. დიახ, მხოლოდდამხოლოდ პაციენტი. ხვალ რომ მივა პაციენტი და ექიმს თხოვს ლოგინად ჩავარდნილი დედის რეცეფტი განმიახლეო, მიიღებს უარს და ამაში დამნაშავე რეგულატორი იქნება და არა - ექიმი!”, - აღნიშნავს ექიმი ჯაბა ზარქუა თავის ფეისბუკპოსტში.
[სტატია განახლდება]