საპატიმრო გირაოს შეფარდების შემდეგ, დაკავებულები მხოლოდ თანხის გადახდის შემთხვევაში თავისუფლდებიან. სოციალურ ქსელებში დაწყებული კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებმა ეს თანხა დაახლოებით საათ-ნახევარში შეაგროვეს.
“ახმეტაში, ბანკომატებთან ხალხის რიგი მდგარა, რომ დედასთვის გირაოს თანხა ჩარიცხონ. ვეძებ სიტყვებს მადლიერებისთვის, მაგრამ ვერ ვპოულობ, რადგან არ არსებობს”, - დაწერა სოციალურ ქსელში ექიმ მაია კოხტაშვილის შვილმა. ექიმს ოთხი შვილი ჰყავს.
ექიმ ნევროლოგს, რომელიც ადგილობრივების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, პაციენტები და მათი ოჯახები, უკვე ორი დღეა, სოციალურ ქსელში ღია მხარდაჭერას უცხადებენ.
- “ექიმობა მხოლოდ სპეციალობა არ არის — ეს არის ღვთისგან ბოძებული უნარი, სხვის ტკივილს შეეხო და იმედი დაუბრუნო. შენ ეს სიკეთე წლების განმავლობაში თესე და დღეს ის სიყვარულად და მხარდაჭერად გიბრუნდება! სიმართლეს თავისი ძალა აქვს! ”.
- “ღმერთო შენ უშველე ხალხის საყვარელ და ერთგული მაია ექიმს შენ ხომ იცი რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია უანგაროდ და ღიმილით ასეთი ღიმილიანი დაუბრუნე თავის ოჯახს და იმ ათასობით პაციენტს ვინც მოუთმენლად ველოდებით”
- „ოთხი ერთმანეთზე უკეთესი შვილი გაზარდა, უანგაროდ დაეხმარა ძალიან ბევრ პაციენტს, უამრავ ადამიანს სიცოცხლის სურვილი დაუბრუნა და დღეს, ქვეყნის სირცხვილია სადაცაა მაია ექიმი“.
თელავის რაიონულ სასამართლოში 12 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, გადაწყვეტილება მოსამართლე მარინე ცერცვაძემ მიიღო. საპატიმრო გირაოს შეფარდებასთან ერთად, ბრალდებულ ექიმს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აეკრძალა.
ასევე ნახეთ
ახმეტაში დაკავებულ ექიმს თელავის სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა - 50 ათასი ლარიოფიციალური ინფორმაციით, “დადგინდა, რომ კახეთის რეგიონში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი”.
"საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თავის განცხადებაში, პირდაპირ საპატიმრო სასჯელზე მიუთითებს; თუმცა ეს მუხლი - ჯარიმასაც ითვალისწინებს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ექიმს პროვოკაცია მოუწყვეს - მასთან მივიდა ადამიანი და ლოგინად ჩავარდნილი და ტკივილით გატანჯული ოჯახის წევრისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა; ექიმი შევიდა მის მდგომარეობაში და წამალი გამოუწერა.
ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა სოციალურ ქსელში 11 სექტემბერს დაწერა, რომ ექიმთან აგენტ-პროვოკატორი მიაგზავნეს, რომლის ვინაობაც დადგენილია. 12 სექტემბერს კი, ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ - აგენტი-პროვოკატორი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელია.
"საგამოძიებო უწყების თანამშრომელი მოქმედებდა სასამართლო განჩინების, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე... მიმდინარე გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, მიღებულ იქნა სასამართლოს ნებართვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ", - სხდომის შემდეგ, პროკურორმა, მანანა თანდაშვილმა უარყო ექიმის პროვოცირებასთან დაკავშირებული ვარაუდი; თუმცა მან პასუხი არ გასცა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიერ რამდენჯერმე დასმულ შეკითხვას, რატომ ამოიღო მიზანში გამოძიებამ ექიმი კოხტაშვილი.
ამ დღეებში არაერთმა ადამიანმა ივარაუდა, რომ, შესაძლოა, ექიმი სამაგალითოდ ისჯებოდეს სწორედ მის ოჯახში არსებული განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის გამო. აქტივისტების თანახმად, მაია კოხტაშვილის ერთ-ერთი შვილი უწყვეტი პროევროპული პროტესტის აქტიური მონაწილეა.