12 სექტემბერს, შაბათის მარში "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ პროტესტს მიეძღვნა.
“პროტესტი არ გაჩერდება, რადგანაც ის უსამართლობა, რაც გამეფებულია ჩვენს ქვეყანაში, არის ივანიშვილის დამსახურება”; “საქართველო ერთიანდება ივანიშვილის წინააღმდეგ”, - ხმის გამაძლიერებელში ისმოდა აქტივისტების განცხადებები, მარშის მსვლელობისას.
“საქართველოს გაუმარჯოს!” - ისმოდა შეძახილებიც. პროტესტის მონაწილეები აფრიალებდნენ საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშებს. მათ შორის არიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები.
საპროტესტო მსვლელობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი შეუერთდა.
აქციის მონაწილეთა შორის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან
შაბათის მარშების ტრადიციას 2025 წლის მიწურულს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც უწყვეტ პროტესტში ჩართულმა ადამიანებმა - შაბათობით გამართულ მარშებზე მიმდინარე პერიოდის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემების შერჩევა და შესაბამისი მოთხოვნების წამოყენება თუ პროტესტისა თუ მხარდაჭერის დემონსტრირება დაიწყეს.
შაბათის მარშების პირველი თემა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდებოდა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ ობიექტურ გამოძიებას იმის დასადგენად, თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ 2024-2025 წელს გამართულ ხალხმრავალ აქციებზე.
სხვადასხვა დროს აპროტესტებდნენ პოლიციელების მხრიდან ძალადობას თუ დაპატიმრებული კონკრეტული ადამიანების მიმართ მოპყრობას. პროტესტის მონაწილეები მხარს უჭერდნენ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს, როდესაც ისინი ხელისუფლებისგან წამალს ითხოვდნენ.
უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგი ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნიდა, 2028 წლის ბოლომდე.