„პირდაპირ გეტყვით, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როდესაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ამირჩიეს, პირველი, რაც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადე, რომ ვებრძვი უდიპლომო სასიძოს სინდრომს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ 12 სექტემბერს „იმედის“ ეთერში.
„დიპლომის თემა არ არის იმდენად აქტუალური, რამდენადაც, პირველ რიგში, ადამიანობა, შემდგომში პროფესიონალიზმი“, - თქვა მან და დასძინა: „ეს იქნება პროფესიული სასწავლებლის მეშვეობით მოპოვებული პროფესიონალიზმი თუ უმაღლესით, ეს უკვე ადამიანის არჩევანზე უნდა იყოს და არანაირად არ შეიძლება დავაკნინოთ“.
მისი თქმით, პროფესიული მიმართულება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და არ შეიძლება, „მეორე ან მეათეხარისხოვანად მოვიხსენიოთ პროფესიული სასწავლებლები“.
„უდიპლომო სასიძო“ 1961 წელს გადაღებული საბჭოთა ქართული ფილმია, - ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი, ვარდენი, წინააღმდეგია, მისი შვილი ცოლად გაჰყვეს ახალგაზრდა კაცს, ბიჭიკოს, რომელსაც უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს, თუმცა ბოლოს მას სასიძოზე გული მოუბრუნდება. „ორივე დაუსწრებელზე ვისწავლით. დიპლომი აუცილებლად მექნება“, - ამბობს ფილმის დასასრულს ბიჭიკო.
„პროფესიულის იმიჯის წამოწევა“
მისი განცხადებით, პროფესიული სასწავლებლებით წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება: „უფრო მცირე პერიოდში ახალგაზრდებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა გარკვეული პროფესია შეიძინოს“.
„ბოლო რამდენიმე წელიწადში, კერძო სექტორთან გააქტიურებული მუშაობით, 24 პროცენტი თუ იყო დასაქმება კურსდამთავრებულების, ახლა 74 პროცენტზე ვართ ასული“, - თქვა გივი მიქანაძემ და შემდეგ ისაუბრა საკანონმდებლო პაკეტზე:
„ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ
10 ათასამდე აბიტურიენტი გარეთ დარჩა - რას აჩვენებს გამოცდების შედეგები?„ანუ, ამით ჩვენ პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა“, - განაცხადა მიქანაძემ. „ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ პროფესიულ განათლებამიღებული ადამიანი როგორ შეიძლება იყოს უმაღლესზე რაღაცით დაბალხარისხოვანი. ეს წარმოუდგენელია და ეს სტერეოტიპი არსებობს, რომლის წინააღმდეგაც აქტიურად ვიბრძვით“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
მიიღეს კანონი, რომლითაც პოლიციის აკადემიას უმაღლესი განათლების დიპლომის გაცემა შეეძლებამისი თქმითვე, უკვე მესამე წელი იწყება, რაც სკოლებში, დამამთავრებელ კლასებში შეტანილია „ინტეგრირებული პროგრამა“ - რის შედეგადაც სკოლადამთავრებულებმა 2026 წელს პირველად მიიღეს როგორც სკოლის ატესტატი, ასევე კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელი დიპლომი.
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, წელს უმაღლეს სასწავლებელში (ბაკალავრიატი) 29 481 აბიტურიენტმა ჩააბარა. სულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 43 ათასზე მეტი.
- 30 აგვისტოს გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ იმ 1 795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე. წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ.
- უკვე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობა 11 წელია, მე-12 კლასის გავლა კი ნებაყოფლობითი გახდება.
- 2027-2028 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასები ერთდროულად დაამთავრებენ სკოლას, ანუ ქვეყანაში აბიტურიენტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდება. ამას დაემატებიან ისინიც, ვინც წელს ვერ ჩააბარა გამოცდები.