უკრაინაში მსხვერპლია რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს დაშავებული გაჰყავთ კიევის ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან, სადაც 15 სექტემბერს რუსული დრონით შეტევა იყო

15 სექტემბერს დილით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე.

შეტევას მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

კიევი

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კიევზე დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე ავტოგასამართი სადგურები იყო.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა 8 ადამიანი. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ერთ-ერთი მძიმედ დაშავებული საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ავტოგასამართ სადგურებზე შეტევა იყო კიევის დარნიცკის და გოლოსიივსკის რაიონებში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის და კიევის მერის ინფორმაციით, დაზიანებული და დამწვარია არასაცხოვრებელი შენობებიც. რა შენობებია ეს, არ დაუკონკრეტებიათ.

ასევე ნახეთ

რუსეთში შეტევა იყო ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Ozon-ის საწყობებზე

ზაპოროჟიე

15 სექტემბერს დილით რუსული დრონებით შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეზე.

ზაპოროჟიეს საოლქო ენერგოკომპანიის ცნობით, დარტყმის სამიზნე იყო ქალაქის ელექტროქსელი. დაიღუპა ენერგოკომპანიის ერთი თანამშრომელი და ერთი მძიმედ დაიჭრა.

ზაპოროჟიეს ნაწილი ენერგომომარაგების გარეშე დარჩა.

ოდესა

15 სექტემბერს დილით ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მასირებული შეტევა იყო რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია სახლები და ლოგისტიკის, პორტების და სატრანსპორტო ობიექტები.

ადმინისტრაციას კონკრეტული პორტები და სხვა ობიექტები არ დაუსახელებია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოდესის ოლქზე შეტევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოდესის ოლქის დასახლებულ პუნქტ ველიკაია ბალკაში დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრს, სადაც უცხოეთიდან მიღებული სამხედრო ტვირთი ინახებოდა, ხოლო ჩერნომორსკის პორტში - გემს, რომელსაც უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი ტვირთი გადაჰქონდა.

სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ასევე ნახეთ

ნატოს თვითმფრინავებმა ლიეტუვაში დრონი ჩამოაგდეს

15 სექტემბერს უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასირებული შეტევისას რამდენიმე დრონი მიუახლოვდა ოდესის ოლქთან მოსაზღვრე რუმინეთს, რის გამოც არმიის სარდლობამ პატრულირებისთვის გაგზავნა ორი გამანადგურებელი F-16.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უშუალოდ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა არ დაუფიქსირებიათ.

გასულ ღამით, უკრაინის დასავლეთ რაიონებზე რუსული დრონებით შეტევის გამო სიტუაციის მონიტორინგისთვის გამანადგურებლები გაგზავნა პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობამაც. 15 სექტემბერს გამთენიისას სარდლობამ განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა.