„იმ წუთებში მხოლოდ ჩემს შვილებზე ვფიქრობდი“, „ვთხოვე, ბორკილები არ გაეკეთებინათ“, „არ ვიცი, როგორ მეთქვა უარი წამალზე სასოწარკვეთილი ადამიანისთვის“, „მე ძალიან ბევრი პაციენტი მყავს, ალბათ, ამიტომ ამომირეს მიზანში“, „ვიცი, რომ ეს კანონის დარღვევაა, მაგრამ ეგ კანონი ექიმის ინსტინქტმა გადაფარა“, „ თქვენ არ იცით, რა ხდება კლინკებში, რა გამოიწვია ამ 14-დღიანმა რეგულაციამ“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ახმეტის საავადმყოფო ექიმი, მაია კოხტაშვილი.
ეკა ქევანიშვილის ინტერვიუში, ექიმი, რომელიც 10 სექტქმბერს, ახმეტის კლინიკაში დააკავეს, დეტალურად იხსენებს დაკავების დღეს და ახმეტის საავადმყოფოში არსებულ ვითარებას. იმ ადამიანსაც, ვინც მასთან ვითომდა აუტანელი ტკივილების მქონე ბებიის საშველად მივიდა.
ექიმი აღწერს, რამხელა ტვირთად დააწვათ პაციენტებს და მათ ოჯახებს ექიმთან თვეში ორჯერ მისვლის ვალდებულება ფსიქოტროპული წამლის რეცეპტის გამოსაწერად და რატომ მიიღო მან კანონის დარღვევის და დახმარების გადაწყვეტილება.
გვიზიარებს, რას ნიშნავს მისთვის ამ გზის გავლა და მოსალოდნელი პატიმრობა.
2026 წლის 1 აპრილს ძალაში შესული ახალი რეგულაციებით, ექიმმა ფსიქოტროპულ მედიკამენტზე რეცეპტი ყოველ 14 დღეში ერთხელ უნდა გამოუწეროს - ხოლო პაციენტი ექიმთან რეცეპტისთვის თავად უნდა გამოცხადდეს ან ვინმეს მინდობილობა უნდა გაუფორმოს, რომ მის მაგივრად ჯერ რეცეპტი აიღოს, შემდეგ წამალი იყიდოს.
სწორედ ამ წესის დარღვევას ედავება ახმეტის საავადმყოფოს ექიმს, მაია კოხტაშვილს საქართველოს პროკურატურა.
12 სექტემბერს მაია კოხტაშვილს სასამართლომ საპატიმრო გირაო - 50 000 ლარი შეუფარდა, რომელიც მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში დაწყებული კამპანიის შედეგად, საათნახევარში შეაგროვეს. ექიმი ახლა თავისუფალია, თუმცა მას წინ სასამართლო პროცესი ელის.
მისთვის წარდგენილი ბრალდება 3-6 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს.