ელენე ხოშტარიას დაკავებიდან 1 წელი გავიდა - მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს თბილისში, „მშრალი ხიდიდან“.

დღეს, 15 სექტემბერს, ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „დროას“ თავმჯდომარე ელენე ხოშტარია დააკავეს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და გადმოფინეს ბანერი „მშრალ ხიდზე“.

„ელენე ხოშტარიასთან ერთად არაერთი სხვა პოლიტიკური პატიმარი გვყავს. ასზე მეტ ქალს აქვს გამოვლილი ადმინისტრაციული პატიმრობა და მათი ნაწილი აქ დგას იმიტომ, რომ მოძრაობა „პროტესტShe“ სწორედ ამის საფუძველზე არის შექმნილი და ის პატიმრობაგამოვლილ ქალებს აერთიანებს“, - განაცხადა მარიკა არევაძემ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა.

„ალდე ჯგუფმა“ (ALDE - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის), ევროპულმა პოლიტიკურმა პარტიამ დღეს გავრცელებული განცხადებით პოლიტიკოსის გათავისუფლება მოითხოვა:

„დღეს ჩვენ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ისევე როგორც სხვა გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწეებისა და პოლიტპატიმრების უკანონო პატიმრობის დასრულებას.

დემოკრატიის საერთაშორისო დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, ვიდგეთ ხოშტარიასა და ყველა იმ ქართველის გვერდით, რომლებიც თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“.

  • ხოშტარია უკვე ერთი წელია პატიმრობაშია. მას 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპონენტის, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო;
  • ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის: „მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“;
  • პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 5000-ლარიანი გირაო;
  • საპატიმროში დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადვოკატის მოთხოვნის შემდეგ, პენიტენციურმა სამსახურმა ის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანა, სადაც მკურნალობას უტარებენ.

ასევე ნახეთ

"რა უნდა დაგემართოს უკეთესი რუსებთან ბრძოლაში?" - ელენე ხოშტარიას ინტერვიუ ციხიდან