ამ ცნობის შემცველი პროტოკოლი შევიდა მოსკოვის ხოროშევსკის რაიონულ სასამართლოში, მასზე ყურადღება გაამახვილა გამოცემამ "ოსტოროჟნო, ნოვოსტი".
ესაა ადმინისტრაციული საქმე - რუსეთში მოქმედი კანონმდებლობით, მუსიკოსი, შესაძლოა, დააჯარიმონ 15 ათას რუბლამდე თანხით (დაახლოებით $180). ამასთან, ახლახან შემოღებული კანონით, თუ უცხოეთში მცხოვრები პირი "თავს აარიდებს" სასამართლოს გადაწყვეტილებას, შესაძლოა ამოქმედდეს შეზღუდვის ზომები, ქონების დაყადაღების ჩათვლით.
ადმინისტრაციული საქმის დეტალები - ის, თუ კონკრეტულად რომელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავებიან გრებენშჩიკოვს - ჯერჯერობით გაურკვეველია. პროტოკოლი შეადგინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე, აღნიშნავს "მედიაზონა".
2025 წლის ოქტომბერში პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ გრებენშჩიკოვი დააჯარიმა 40 ათასი რუბლით (დაახლოებით $475), "უცხოეთის აგენტის" მოქმედების წესის დარღვევისთვის. მუსიკოსი ასეთად აღიარეს 2023 წელს.
ჯგუფების "აკვარიუმი" და "БГ+" ლიდერი, ბორის გრებენშჩიკოვი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როკმუსიკოსია. ის აპროტესტებს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. გრებენშჩიკოვი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და კონცერტებს უცხოეთში მართავს.