15 სექტემბერს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა რუსეთის, კუბის და ვენესუელის მოქალაქეებს. ორი მათგანი რუსეთის სპეცსამსახურების ოფიცერია. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ეხება დაკვეთილ მკვლელობებს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში და ტერაქტების მცდელობებს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერები არიან.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს თანახმად, ამ მიზნებით, მათ შორის აშშ-ის ტერიტორიაზე, სულ მცირე, 2024 წლიდან ამოქმედდა გლობალური ქსელი RIS Network, რომელიც ცდილობდა აშშ-ის და სხვა ქვეყნების მოქალაქეთა დაქირავებას კრემლის დავალებით მკვლელობების მიზნით.
ამერიკული მხარის მონაცემებით, RIS Network-ი რუსეთის სახელმწიფო აპარატის ნაწილია, რომელიც დაკავებულია უცხოეთში თავდასხმების, მათ შორის მკვლელობების ორგანიზებით. ფოკუსირებულია რუს დისიდენტებზე. გამოძიების თანახმად, ერთ-ერთი, ვის მკვლელობასაც ჯგუფი გეგმავდა, აშშ-ში მცხოვრები ცნობილი რუსი დისიდენტია. მზადდებოდა თავდასხმა ლიეტუვაში მცხოვრებ რუს ოპოზიციონერზეც. მათ ვინაობას არ ასაჯაროებენ.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, ქსელს RIS კავშირი აქვს ჩეხეთსა და ლიეტუვაში დივერსიების მომზადებასთანაც.
ვინ არიან ბრალდებულები
ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს რუსეთის მოქალაქე იური ხრამეევს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი პოლკოვნიკია(მეტსახელი „პოლკოვნიკი იური“), მის ვაჟს, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერ კირილ ხრამეევს და რუსეთში მცხოვრებ კუბელ ოემის რომაგოზა დურუტის.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ხრამეევებს და დურუტის RIS Network-ის მაღალი რანგის წევრებს უწოდებს.
ბრალდებული არიან კუბელი აიდელ დელგადო სუარესიც, მეტსახელად „ვიკინგი“ და ვენესუელის მოქალაქე ანჯელ ედუარდო კასტრო.
ხუთივე იძებნება. მათ ბრალდება წარდგენილი აქვთ ტერორიზმის დაფინანსების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის მუხლით, რაც 20 წლით პატიმრობას ითვალისწინებს. იური ხრამეევი, სუარესი და კასტრო ბრალდებული არიან მკვლელობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის მუხლითაც, რომელიც სასჯელად განსაზღვრავს ათ წლამდე პატიმრობას.