სხდომაზე კენჭისყრა საკითხის განუხილველად ჩატარდა. მანამდე ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. სხდომის ის ნაწილი, რომელზეც სამსახურის მომავალმა უფროსმა პრიორიტეტები წარმოადგინა, ღია იყო, ხოლო კითხვა-პასუხის ნაწილი - დახურული.
კომიტეტმა თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას, ისევე როგორც მისი დამტკიცების საკითხის პლენარულ სხდომაზე განუხილველად ჩატარებას, ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.
თამაზ ბორაშვილმა კომიტეტის სხდომაზე მადლობა გადაუხადა "საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, გამოცხადებული ნდობისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე" მისი კანდიდატურის წარდგენისთვის.
"ჩემთვის დიდი პატივია, ამავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელსაც გადამწყვეტი როლი აკისრია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში".
თამაზ ბორაშვილის თქმით, მრავალი წელია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მსახურობს და "ამ წლების განმავლობაში ჩემი პროფესიული საქმიანობის მთავარი მიზანი იყო, დამეცვა საქართველოს ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოს უსაფრთხოება და ჩვენი ქვეყნის მშვიდობა". მისი სიტყვებით, "კარგად იცის ამ სისტემის სპეციფიკა, მისი შესაძლებლობები და ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა".
"ამ გამოცდილებაში ერთი რამ განსაკუთრებით ნათლად დავინახე"
"უსაფრთხოება არ არის ერთხელ მიღწეული მოცემულობა, მას დაცვა სჭირდება, მუდმივი შრომა, სიფხიზლე და ძლიერი ინსტიტუციები და ადამიანები, რომლებიც საკუთარ მოვალეობას უდიდესი პასუხისმგებლობით და პროფესიონალიზმით ასრულებენ", - თქვა თამაზ ბორაშვილმა და ჩამოთვალა საქმიანობის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც მისთვის პრიორიტეტული იქნება ამ სამსახურის ხელმძღვანელის პოსტის დაკავების შემთხვევაში.
პრიორიტეტები: საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა
"ჩემი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის ძალისხმევა მიმართული იქნება საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთისკენ, რათა დაცული იყოს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება, ეროვნული ინტერესები", - აღნიშნა თამაზ ბორაშვილმა
მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული და მდგრადი განვითარება მყარ საფუძველს ქმნის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ქვეყანაში არსებული სტაბილური გარემო კი ზრდის საქართველოს მიმზიდველობას არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე, არამედ ოკუპირებულ რეგიონებში, რაც აუცილებლად აისახება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით მიმდინარე სამშვიდობო პროცესებზე.
"საქართველოს სახელმწიფო ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან განიცდის"
"ამ მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტად დარჩება რეაგირება ისეთ გამოწვევებზე, როგორებიცაა საოკუპაციო ძალის მიერ წარმოებული ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის უკანონო პროცესი. სამსახურის ძალისხმევა მიმართული იქნება ისეთი ახალი მექანიზმების შექმნისა და არსებულის გაუმჯობესებისკენ, რომლებიც შესაძლებლობის ფარგლებში საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტალური უფლებები", - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.
მისი სიტყვებით, მანდატის ფარგლებში გაგრძელდება სამსახურის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრებში, ასევე თანამშრომლობა საქართველოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან.
ჰიბრიდული ომი
სუსის უფროსობის კანდიდატმა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობდა "ინტენსიური ზეწოლა ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით, მათ შორის სხვადასხვა შიდა და გარე აქტორების მხრიდან", - თუმცა კონკრეტული აქტორები არ დაუსახელებია.
"ჩვენ არაერთხელ ვიხილეთ ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებების მცდელობა. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას პროპაგანდისტული კამპანიების, ეგრეთ წოდებული რბილი ძალის, ფარული ოპერაციების, ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი სხვა ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენციის მიზნით. ამასთან საქართველო, მთლიანად სამხრეთ კავკასია რჩება სხვადასხვა ერთმანეთთან დაპირისპირებული მსხვილი აქტორების კონკურენციის ერთ-ერთ საკვანძო არეალად, მათ შორის რეგიონში დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების გამო."
მისი სიტყვებით, "მაღალია ზოგიერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების დაინტერესება საქართველოში მიმდინარე პროცესებით. ცალკეულ შემთხვევაში ადგილი აქვს მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სახის სადაზვერვო თუ ოპერატიულ ღონისძიებებს".
შესაბამისად, თამაზ ბორაშვილმა თავის პრიორიტეტად კონტრდაზვერვითი საქმიანობის გაუმჯობესებაც დაასახელა.
"საქმიანობის ფარგლებში საქართველოში უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურის საქმიანობის და მათი პრიორიტეტების გამოვლენასთან ერთად აქცენტი გაკეთდება მათ მიერ წარმოებულ აქტიურ ღონისძიებების, მათ შორის საქართველოში სეპარატიზმის, ნაციონალიზმის, ასევე ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების მცდელობების აღკვეთა".
მიგრაციული ნაკადები
უსაფრთხოების რისკების ჩამონათვალში თამაზ ბორაშვილმა "მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტების და მძიმე სოციალური, ეკონომიკური ვითარების ფონზე მიგრაციული ნაკადების მზარდი ტენდენცია" დაასახელა, რაც, მისი თქმით, "ზრდის უსაფრთხოების რისკებს ჩვენს რეგიონში".
საინფორმაციო ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება
თამაზ ბორაშვილმა ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ფაქტორად დაასახელა საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის და ინფორმაციული სისტემების დაცვა და თქვა, რომ "ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემების განვითარება".
მისი თქმით, "სამსახური უზრუნველყოფილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, ჰყავს შესაბამისი კოალიციური კადრები, გადამზადებული პირადი შემადგენლობა, რომელთაც შეუძლიათ გაუმკლავდნენ კიბერუსაფრთხოებისთვის თანამედროვე გამოწვევებს".
ტერორიზმის რისკებზე საუბრისას ბორაშვილმა თქვა, რომ "წლების განმავლობაში საქართველოს ტერორისტული ორგანიზაციების მნიშვნელოვან აქტივობებს ადგილი არ ჰქონია. ქვეყანაში არ არსებობს სტრუქტურიზებული ტერორისტული დაჯგუფებები, ტერორიზმის დაფინანსების შესაძლებლობები უკიდურესად არის შემცირებული, ხოლო საქართველოში ტერორისტული იდეების შესაძლო მხარდამჭერების რაოდენობა ძალიან მცირეა".
კორუფციასთან ბრძოლა
კორუფციასთან ბრძოლა თამაზ ბორაშვილმა "კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად" დაასახელა და თქვა, რომ ის პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება.
უწყების კადრები
"ჩემი პრიორიტეტი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, შემდგომი განვითარება და ხელშეწყობა", - თქვა ბორაშვილმა უწყებისთვის კვალიფიციური კადრების მომზადების საკითხზე საუბრისას.
არსებული კანონმდებლობის თანახმად, სუსის უფროსი 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა წლინახევრის განმავლობაში პარლამენტს უფროსის არჩევა მეოთხედ მოუწია.
სუსის უფროსად თამაზ ბორაშვილის დანიშვნა განაპირობა მისი წინამორბედის, გელა (გეკა) გელაძის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა თანამდებობა. ამის შესახებ ცნობილი გახდა 14 სექტემბერს უწყების ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან. გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
ასევე ნახეთ
გელაძე შს მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს, სუსის უფროსი თამაზ ბორაშვილი ხდება - კობახიძეთამაზ ბორაშვილის ბიოგრაფია
თამაზ ბორაშვილი 2025 წლის სექტემბრიდან სუსის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე, მანამდე კი სუსის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი იყო.
მისი წარდგენისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თამაზ ბორაშვილი „ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას“.
საკადრო სტატისტიკა
გელა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ხუთი თვის განმავლობაში იმსახურა.
ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში იგი უსაფრთხოების სამსახურის მეოთხე უფროსი იყო, რომელმაც პოსტი ვადაზე - ექვს წელიწადზე, - ადრე დატოვა.
- გრიგოლ ლილუაშვილმა სუსის უფროსის პოსტი 2025 წლის 2 აპრილს დატოვა. ამჟამად ის დაპატიმრებულია ქრთამის აღების ბრალდებით, რასაც უარყოფს;
- მისმა შემცვლელმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობაზე არასრული ხუთი თვე იმუშავა და 23 აგვისტოს გადადგა;
- ოხანაშვილი 2025 წლის 3 სექტემბერს ოფიციალურად შეცვალა მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა;
- პოზიცია დატოვა მამუკა მდინარაძემაც - არასრული რვა თვის შემდეგ, 2026 წლის 21 აპრილს.