ფორუმში მონაწილეობენ დელეგაციები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდანაც.
ეკატერინბურგში საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი 11 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, მასში 191 ქვეყნიდან 10 ათასი ადამიანი მონაწილეობს.
ქართველი მონაწილეები
ფორუმის მონაწილეთა სრული სია საჯაროდ გამოქვეყნებული არ არის.
გამგზავრებამდე ოთხ ქართველ მონაწილეს 8 სექტემბერს შეხვდა რუსი დიპლომატი დმიტრი ოლისოვი, რომელიც საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესთა სექციას ხელმძღვანელობს. მონაწილეთა ნაწილი შეხვედრას დისტანციურად შეუერთდა.
დიპლომატიური მისიის ცნობით, ისაუბრეს ფესტივალის პროგრამასა და იმ შესაძლებლობებზე, „რომლებიც საქართველოდან ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის იხსნება, მათ შორის ახალი პროფესიული, საგანმანათლებლო და მეგობრული კავშირების დასამყარებლად“.
პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერის, მამუკა ფიფიას თქმით, ფორუმში საქართველოდან 40 ადამიანი მონაწილეობს, მათი ასაკი კი 15-დან 21 წლამდეა. ამავე დროს, გავრცელებული ცნობებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 100-100 მინაწილეა ჩასული ეკატერინბურგის ფორუმზე.
„ყველა, ვინც ჩამოვიდა, რუსული ენა იცის, აბსოლუტურად ყველამ“, - თქვა ფიფიამ.
ის ასევე ამტკიცებს, რომ ფორუმის ქართველი მონაწილეები და მათი მშობლები „ბულინგის ქვეშ“ არიან.
რადიო თავისუფლებამ, მას შემდეგ რაც ეს დამოუკიდებლად ვერ მოხერხდა, მამუკა ფიფიას თხოვა, ფორუმზე მყოფ რომელიმე ახალგაზრდასთან დაკავშირება. ფიფიას განმარტებით, მონაწილეთა შერჩევა განაცხადების საფუძველზე მოხდა და „საუკეთესოებმა მოიგეს საგზური“, მათი ნაწილი არასრულწლოვანია, ნაწილი კი ინტერვიუზე უარს ამბობს.
„რუსეთი საშიში ქვეყანა არ არის“
რუსული ტელევიზიის ეთერში მამუკა ფიფია ასევე წარადგინეს, როგორც რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საკითხთა კომიტეტის ექსპერტი.
„საქართველოში ახალგაზრდები რუსეთში მიმდინარე მოვლენებით ინტერესდებიან, ღვთის მადლით“, - უთხრა მან OTV-ს.
ფიფიას თქმით, ქართველი ახალგაზრდების რუსეთით დაინტერესებისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა.
პუტინის ვიდეომიმართვა ფესტივალის მონაწილეებს
„მშობლები მათ არ გამოუშვებდნენ, ეს პოზიტიური ტენდენცია რომ არ არსებობდეს“, -თქვა ფიფიამ.
მისივე მტკიცებით, ქართველი ახალგაზრდები, როდესაც რუს თანატოლებს ხვდებიან, მიდიან დასკვნამდე, რომ „რუსეთი საშიში ქვეყანა არ არის, როგორც ამას ჩვენს ქვეყანაში 30 წელია ამბობენ“.
„თანაც ამას უცხოელი აგენტები და რადიკალური ოპოზიცია ამბობდა. თავიანთი არხებით წამლავენ, წამლავენ და წამლავენ ჩვენს ახალგაზრდობას“, - თქვა ფიფიამ.
რუსეთი საქართველოსა და სხვა მეზობლების მიმართ არაერთხელ გამოსულა სამხედრო აგრესიისა და სუვერენიტეტის შემზღუდველ ძალად, ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ საბჭოთა კავშირის პერიოდში, ხოლო თანამედროვე ეპოქაში, 2008 წელს საქართველოში შეჭრითა და 2022 წელს უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებით.
ზახაროვას მოწოდება
მამუკა ფიფია ეკატერინბურგში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას პრესკონფერენციას დაესწრო და კითხვაც დასვა.
კითხვის დასმამდე კი ხაზი გაუსვა რუსეთთან ურთიერთობების დალაგების საკუთარ ძალისხმევას და საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზეც ისაუბრა, მათ შორის თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის დადგმაზე.
მან ასევე ახსენა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, დასავლეთის მიერ სანქცირებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე და მისი ინიციატივა, შეიქმნას უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი დანაყოფი „გეორგიევსკი“. მარია ზახაროვას უთხრა, რომ ასეთი დანაყოფის შექმნა „არც ისე მარტივი იყო“.
ასევე ნახეთ
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის "გეორგიევსკს" რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფინანსებსთავად კითხვა კი ასე ჟღერდა: მზად არის თუ არა რუსეთის საგარეო უწყება მხარი დაუჭიროს საქართველოში ერთობლივ ახალგაზრდულ პროექტებს, რათა, ფიფიას სიტყვებით, „ახალ თაობას პირველწყაროდან ობიექტური ინფორმაციის მიღებაში დაეხმარონ“.
ზახაროვამ თქვა, რომ მას საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებს. მან დადებითად შეაფასა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ და ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში ჩასვლისკენ მოუწოდა.
„ჩამოდით, თავად ნახეთ, ესაუბრეთ ჩვენს მოქალაქეებს, იარეთ ჩვენს თეატრებში, მუზეუმებსა და რესტორნებში. შეგიძლიათ შეადაროთ კიდეც, სად უფრო გემრიელია ქართული სამზარეულო, მოსკოვში თუ თბილისში. ეს რბილი ძალა კი არა, გემრიელი ძალაა“, თქვა ზახაროვამ.
მან კვლავ დაადანაშაულა დასავლეთი 2008 წლის ომის პროვოცირებაში და საქართველოში „რუსოფობიური მოტივების“ წახალისებაზე ისაუბრა.
საქართველოს მმართველი პარტია, „ქართული ოცნებაც“, განსაკუთრებით ბოლო დროს ხშირად ახსენებს „დასავლეთიდან დაკვეთილი“ რუსოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას.
ასევე ნახეთ
რას ებრძვის "ქართული ოცნება", როდესაც ამბობს, რომ ებრძვის რუსოფობიას?მონაწილეები ცხინვალიდან და სოხუმიდან
მედიის ინფორმაციით, როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე ოკუპირებული აფხაზეთიდან ფორუმზე დაახლოებით 100-100 ახალგაზრდა გაემგზავრა.
ფორუმში ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლობითი ე.წ. სამთავრობო დელეგაციაც მონაწილეობს.
აფხაზური დელეგაცია ეკატერინბურგში
ეკატერინბურგში ჩავიდნენ:
- დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი;
- დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ახალგაზრდობისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ტარას ხაგბა;
- დე ფაქტო ვიცე-პრემიერი მაია ციბულევსკაია;
- დე ფაქტო კულტურის მინისტრი დაურ კოვე.
ცხინვალიდან ეკატერინბურგში ასეთი დონის ე.წ. სამთავრობო დელეგაცია არ ჩასულა, რაც შესაძლოა 18 სექტემბერს ოკუპირებულ
რეგიონში დაგეგმილ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ უკავშირდება.
ინტერნეტი შეზღუდვების გარეშე
რუსული მედიის ინფომაციით, ფესტივალის უცხოელ მონაწილეებს ორგანიზატორებმა ინტერნეტზე წვდომა რუსეთში მოქმედი შეზღუდვების გარეშე მისცეს. მათ მოწყობილობებზე VPN-ის გარეშე იხსნება რუსეთში დაბლოკილი საიტები და სოციალური ქსელები.
რუსი მონაწილეებისთვის კი ცალკე Wi-Fi ქსელი მოქმედებს, სადაც „როსკომნადზორის“ ყველა შეზღუდვა ძალაში რჩება. უცხოელებისთვის განკუთვნილ ქსელში შესვლა მხოლოდ აკრედიტაციის ბეიჯის ნომრითაა შესაძლებელი.
2024 წლის ფორუმი
ეკატერინბურგის ახალგაზრდული ფესტივალი 2024 წელს სოჭის მახლობლად, რუსეთის ფედერალურ ტერიტორიაზე „სირიუსში“ გამართული მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის გაგრძელებაა.
2024 წლის ფორუმი ვლადიმირ პუტინის განკარგულებით ჩატარდა. ღონისძიებაზე საქართველოს დროშასთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო დროშებიც იყო წარმოდგენილი.
ლალი მოროშკინა 2024 წლის ფორუმზე
საქართველოს დელეგაციას სათავეში ედგა დიმიტრი ლორთქიფანიძე, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი. ფესტივალში მონაწილეობდა ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ლალი მოროშკინაც.
2024 წლის ფორუმისგან განსხვავებით, ეკატერინბურგის ფესტივალს წელს ვლადიმირ პუტინი პირადად არ დასწრებია. მან მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიმართა.
ეკატერინბურგის ფორუმში მონაწილეობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
14 სექტემბერს კი ფორუმში მონაწილეებისთვის რუსი შემსრულებლის, დმიტრი ბილანის კონცერტი გაიმართა.
ასევე ნახეთ
„ყველანი აპოლიტიკურები ვართ“ - ვინ ესწრება საქართველოდან პუტინის ახალგაზრდულ ფესტივალს„რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი“
საგანმანათლებლო პროექტები, საექსპერტო დონეზე დიალოგები და ქართველი ახალგაზრდების რუსეთში ჩაყვანა რუსული ჰიბრიდული ომის ცალკე განზომილებაა, ამბობს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი თეონა აქუბარდია.
თეონა აქუბარდია
ის იხსენებს, რომ მსგავს საფრთხეებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის წლიურ ანგარიშშიც საუბრობდა.
„რუსეთი განსაკუთრებით გააქტიურებულია ბოლო წლებში - მას შემდეგ, რაც საქართველომ დასავლეთისკენ სვლა შეაჩერა. ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება რუსეთის ინტერესს, რომ საბოლოო ჯამში საქართველოზე გავლენა გაიმყაროს და გააფორმოს“, - ამბობს აქუბარდია.
მისი თქმით, „რუსი ქართველები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ამ ტიპის საგანმანათლებლო პროექტებში ქართველების რაოდენობა გაიზარდოს“.
ასევე ნახეთ
სუსი: საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით რუსეთი იყენებდა „ჰიბრიდული ომის" კომპონენტებს„ეს არის რუსეთის პოლიტიკის კურსი, ისევე როგორც „ქართული ოცნების“, რომელიც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს საქართველოზე რუსეთის გავლენის დამკვიდრებას”, - უთხრა აქუბარდიამ რადიო თავისუფლებას.