აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთისა და ირანის სანქცირებაზე "ლინდსი გრემის აქტს"

კაპიტოლიუმის შენობა ვაშინგტონში

16 სექტემბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელსაც ეწოდება „ლინდსი გრემის რუსეთისა და ირანის სანქცირების 2026 წლის აქტი“ და რომელსაც 2026 წლის 7 აგვისტოს მხარი დაუჭირა სენატმა. დოკუმენტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგზავნება ხელმოსაწერად და სავარაუდოდ რამდენიმე დღეში ამოქმედდება. წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 262-მა კანონმდებელმა, 159-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონის მიზანია რუსეთისთვის შემოსავლების მკვეთრად შეზღუდვა, რომ მან ვეღარ მოახერხოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსება.

კანონპროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის სანქციების, ტარიფების ან აკრძალვების დაწესებას რუსეთისთვის და ის აფართოებს ირანთან დაკავშირებულ სასანქციო კანონსაც.

ანალიტიკოსები ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტად მიიჩნევენ ახალი აქტის იმ ნაწილს, სადაც ლაპარაკია რუსული ენერგორესურსების შემძენი მესამე ქვეყნებისთვის 100%-მდე ტარიფების დაწესების შესაძლებლობაზე.

მაგალითად, კანონპროექტით, პრეზიდენტმა განსაზღვრულ პირებს (ფიზიკურსა და იურიდიულს), როგორებიც არიან რუსეთის პრეზიდენტი და რუსეთის არმიის სარდლობას უნდა დაუწესოს სავიზო აკრძალვა და გაუყინოს საკუთრება

პრეზიდენტმა აგრეთვე უნდა გაზარდოს გადასახადის განაკვეთი ღირებულების 100%-მდე იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ ყველა საქონელზე, რომლებიც არიან რუსეთში წარმოებული ნედლი ნავთობის ან ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორს შორის, თუკი ასეთი ქვეყანა წინასწარი შეცნობით განახორციელებს აღნიშნული საქონლის ახალ შესყიდვებს ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.

კანონი კრძალავს აშშ-ში წარმოებული ენერგიის ან ენერგოპროდუქტის ექსპორტს, რეექსპორტს ან საქონლის რუსეთში ან რუსეთის შიგნით გადაადგილებას, აგრეთვე ამერიკელებს უკრძალავს ახალ ინვესტიციებს რუსეთში ან რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების ყიდვას და რუსეთის სახელმწიფო, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ან სახელმწიფოსთან აფილირებული ორგანიზაციის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას აშშ-ის საფონდო ბირჟებზე.

კანონი ვრცელდება „ირანის სანქცირების 1996 წლის აქტზე“, რომელიც მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა, ზოგიერთი გამონაკლისით, სანქციები დაუწესოს ცალკეულ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ სპეციფიკურ ტრანზაქციებში, რომლებიც უკავშირდება ირანის ენერგოსექტორს ან ირანის ძალისხმევას მოიპოვოს ან განავითაროს გარკვეული სახის შეიარაღება.

ასევე ნახეთ

მედია: საფრანგეთსა და სლოვაკეთს ევროკავშირის სასანქციო სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღება სურთ - Coreper-ის კონსულტაცია ერთი კვირით გაგრძელდა

რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ კანონპროექტს, რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემის სახელი 2026 წლის ივლისში, მისი გარდაცვალების შემდეგ ეწოდა, ვინაიდან წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ის ცდილობდა მოეპოვებინა ორპარტიული მხარდაჭერა კანონპროექტისთვის, რომლითაც მას სურდა ეფექტიანად დახმარებოდა უკრაინას რუსეთის აგრესიასთან გამკლავებაში. გარდაცვალებამდე დღეებით ადრე ლინდსი გრემი კიევში იმყოფებოდა. სენატორ გრემის გარდაცვალების შემდეგ, მისმა კოლეგებმა როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან გადაწყვიტეს მისი სახელით შეეწყოთ ხელი კანონპროექტის დამტკიცებისთვის.

კანონის საბოლოოდ ასამოქმედებლად, წარმომადგენელთა პალატაში მხარდაჭერის შემდეგ ის ხელმოსაწერად გაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს.