„ჩვენი ნაიარევების სიმღერა“: ლირიკული წიგნი ქრონიკულ ტკივილზე

სალომე ასათიანის პოდკასტი

Your browser doesn’t support HTML5

„ჩვენი ნაიარევების სიმღერა“: ლირიკული წიგნი ქრონიკულ ტკივილზე

ტკივილს უცნაური მარტოობა მოაქვს. განსაკუთრებით იმ ტკივილს, რომელსაც „ქრონიკულს“ ვუწოდებთ და რომელიც ზოგჯერ რენტგენით ან სხვა სამედიცინო აღჭურვილობით გადაღებული სურათებით არც ჩანს. ესაა უხილავი ტვირთისა და შფოთვის ტარების მარტოობა - რაღაცის, რაც თავისი ლოგიკით მწვავდება და მშვიდდება, და არ იცი, როდის და რაში შეგიშლის ხელს. ჯანმრთელი სხეული თითქოს უხილავია, ის ავტომატურად მუშაობს - მაგრამ როცა გვტკივა, სხეული ცენტრალური ხდება. ქრონიკული ტკივილი პატიმრობას ჰგავს - შენივე სხეული თითქოს შენს საკნად გადაიქცევა. მით უმეტეს მაშინ, როცა შენი ტკივილის „დანახვა“ ექიმებსაც უჭირთ.

ქრონიკული ტკივილით მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 20 პროცენტამდე ცხოვრობს - მილიარდ-ნახევარზე მეტი ადამიანი. და ასე ცხოვრობს ჰაიდერ ვარაიჩიც, პოდკასტის სტუმარი და იმ წიგნის ავტორი, რომელსაც ეს ეპიზოდი ეთმობა. ესაა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური და სევდიანად იმედიანი სამედიცინო წიგნი, რომელიც კი ოდესმე წამიკითხავს, და მისი სათაურია „ჩვენი ნაიარევების სიმღერა: ტკივილის ართქმული ამბავი“.

ჰაიდერ ვარაიჩი ჰარვარდის უნივერსიტეტის და ბოსტონის საავადმყოფოებში მუშაობს კარდიოლოგად; და ამიტომაცაა ცოტა მოულოდნელი მისი მთავარი განაცხადი - რომ თითქმის ყველაფერი, რაც ტკივილზე ვიცით და როგორც მას ვმკურნალობთ, არასწორია. ტკივილი - და განსაკუთრებით ქრონიკული ტკივილი - ფიზიკური შეგრძნების, ემოციური ტრავმისა და მახსოვრობის რთული და ინდივიდუალური კომბინაციაა, ხოლო ამ კომპლექსურობას სათანადოდ ვერ ხედავს სამედიცინო სისტემა, რომელიც კორპორაციის, კონვეიერისა და მოგების ლოგიკით ხელმძღვანელობს.

ეს სისტემა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ტკივილის სხეულებრივ, ფიზიკურ სიმპტომებს, მათ, რომლებიც „ობიექტურად“ შეგვიძლია დავინახოთ - წერს ვარაიჩი. რაც, თავისთავად, სხეულისა და გონების განცალკევების შედეგია - იმ გარდამტეხი მომენტის, რომელსაც ფილოსოფოსები „კარტეზიანულ რევოლუციას“ უწოდებენ ხოლმე. ტკივილის აღქმამ რადიკალური ცვლილება სწორედ ამ მომენტიდან განიცადა. სულიერი ფენომენიდან - შესაძლოა ერთადერთი ენიდან, რომლითაც ციური ძალები მიწიერ, მოკვდავ არსებებს ელაპარაკებოდნენ - ის გადაიქცა სხეულის პრობლემად, რომლის გადაჭრაც უკვე ექიმების საქმე იყო. მაგრამ ტკივილი ასეთ დაყოფას არ ცნობს; ჩვენმა ნერვებმა არც დეკარტესეული ფილოსოფია იციან და არც ის, თუ სად მთავრდება გონება და სად იწყება სხეული.

მოსაზრება, რომ ადამიანები ტკივილს ეჩვევიან და უფრო გამძლენი ხდებიან, ხშირად მცდარია. ტკივილი მეტ ტკივილს წარმოშობს; თუ ადამიანი სულ ტკივილის მოლოდინით და შიშით ცხოვრობს, მისი ნერვული სისტემა პირიქით, უფრო მგრძნობიარე ხდება. ბავშვი, რომელიც მოძალადე ოჯახში იზრდება ან სკოლაში განიცდის „ბულინგის“ სახელით ცნობილ ჩაგვრას, ზრდასრულობაში ტკივილს მძაფრად შეიგრძნობს - რადგან მისი სხეული სულ დაძაბულია, საფრთხისა და ახალი დარტყმის მოლოდინში.

ტკივილს ჩვენს ტვინში ერთი კონკრეტული ცენტრი არ აქვს - ტკივილის წარმოქმნისთვის და განცდისთვის ტვინის უბნები ერთიანად, ორკესტრივით უნდა მუშაობდეს. როდის დაიწყო ტკივილი? როგორია ის, სად მდებარეობს? რამდენად ძლიერი ან უსიამოვნოა? რამდენად სახიფათოა, რამდენად უნდა შეგვეშინდეს, ეს შეგრძნება ნაცნობია თუ ახალი - ამ ყველაფერს ტვინის ნაწილების უნისონში მოქმედება განსაზღვრავს. ანუ ტკივილის „ნეირომატრიცა“ - როგორც ამას მეცნიერები უწოდებენ.

როცა რაიმეს ვიტკენთ და ჩვენს სხეულზე განლაგებული რეცეპტორები საშიშროების იმპულსს მყისიერად გაუგზავნიან ჩვენს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იწყება მწვავე, ექიმების ენაზე „ნოციცეპტური“ ტკივილი. თუმცა არა ყოველთვის - ჯარისკაცი, რომელიც ბრძოლის ველზე სიკვდილს გაურბის, შეიძლება ვერც აცნობიერებდეს, რომ ფეხში ტყვია აქვს მოხვედრილი. ტკივილს კიდევ ბევრი სხვა სახელით ვიცნობთ - „ნეიროპათიული“, „ფსიქოგენური“; და იდუმალი სიტყვით - „ფანტომური“ - ადამიანი ტკივილს გრძნობს, მაგრამ სხეულის ნაწილი, რომელიც სტკივა, ფიზიკურად აღარ აქვს.

ჰაიდერ ვარაიჩი

გახანგრძლივებული, ქრონიკული ტკივილი მწვავე ფორმის უბრალოდ გაგრძელება არ არის. „ადამიანებმა დახვეწილი მექანიზმები განვავითარეთ, რათა მძიმე ემოციური გამოცდილებები ქვეცნობიერში დაგვემარხა. თუმცა ვიცით, რომ თუ ბავშვი მიტოვებულობის და უსიყვარულობის განცდით იზრდება, ეს ემოციური ჭრილობა მომავალში ხშირად მაინც იჩენს თავს - შფოთვის ან ტრავმის შემდგომი აშლილობის ფორმით. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ფიზიკური ჭრილობების დავიწყებას ვცდილობთ? იქნებ ქრონიკული ტკივილი სრულად არც ფიზიკური შეგრძნებაა და არც ემოციური მდგომარეობა, არამედ რაღაც სხვა, მაგალითად, მეხსიერება?“ - იკითხავს ჰაიდერ ვარაიჩი, და იკითხავს ორი პოზიციიდან: როგორც ექიმი და როგორც პაციენტი.

მისი წიგნი რამდენიმე ამბავს ჰყვება - და არა მხოლოდ სამედიცინო ამბებს. ტკივილი - მისი მიყენება, დადგენა და მკურნალობა - იყო და არის ძალაუფლების ინსტრუმენტი; ერთი ადამიანის მხრიდან მეორისთვის ტკივილის მიყენების შესაძლებლობა უხსოვარი დროიდანაა დეჰუმანიზაციის იარაღი. პრივილეგირებულთა ტკივილი ბევრად დიდ მნიშვნელობას ატარებს, ვიდრე გარიყულების და ჩაგრულების.

ტკივილის ისტორია იმპერიალიზმის, რასიზმის, ქალების ჩაგვრის ისტორიაცაა - კოლონიზატორები და მონათმფლობელები აბუჩად იგდებდნენ ტანჯვას, რომელსაც თავად აყენებდნენ დამონებულ ადამიანებს, რასისტული ლოგიკით - თითქოს არაევროპელი ხალხები ტკივილს ნაკლებად გრძნობდნენ. ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელიც შოტლანდიაში ჯადოქრად შერაცხვის გამო დაწვეს, დაადანაშაულეს დახმარების აღმოჩენაში მშობიარისთვის, რომელიც ტყუპებს აჩენდა. ტკივილის შემსუბუქება მიიჩნეოდა არაბუნებრივ ჩარევად კოსმოსური ძალების მუშაობაში - ბიბლიური მოსაზრებით, ქალებს მშობიარობისას უნდა ეტანჯათ. მას შემდეგ, ცხადია, მნიშვნელოვანი პროგრესიც იყო - მაგრამ ქალების მიერ განცდილ ტკივილს ექიმები დღესაც გაცილებით ადვილად მიაწერენ ემოციებსა და გადაჭარბებას, ვიდრე კაცი პაციენტების შემთხვევაში.

პოლიტიკური და ძალაუფლებრივი ისტორია აქვს უძველეს ტკივილგამაყუჩებელსაც - ოპიუმის ყაყაჩოს. პრეპარატებს, რომლებიც ამ ნივთიერების მედიცინაში გამოყენების ტრადიციას აგრძელებს, დღესაც იყენებენ პოლიტიკური და ფინანსური მანიპულაციისთვის. ავტორიტარული რეჟიმებისთვის ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები მოსახლეობის ჩაგვრის და დევნის იარაღი ხდება. სხვა შემთხვევებში ტკივილით ბიზნესი ხეირობს, რასაც შედეგად „ოპიოიდების ეპიდემია“ მოაქვს.

ტრავმული მეხსიერება მოიცავს გონებასაც და სხეულსაც, და მას მიდგომაც ერთიანი სჭირდება. „ჩვენი ნაიარევების სიმღერა“ მთავრდება იმედით - მკურნალობის მეთოდებით, რომლებიც მედიცინაში თანდათან ინერგება და რომლებიც არ განაცალკევებს სომატურ და ფსიქოლოგიურ მიდგომებს. ეს მოიცავს ფიზიკურ რეაბილიტაციასაც, ვარჯიშსაც, კოგნიტურ თერაპიასაც და ჰიპნოზსაც, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს. და, რაც მთავარია, „ტკივილის გადამუშავების თერაპიას“, რომელიც ჩვენს ტვინს იმის სწავლაში ეხმარება, რომ ქრონიკული ტკივილის იმპულსი აღარ აღიქვას განგაშის ან დიდი განსაცდელის ნიშნად.

ტკივილის გამოცდილება გვექნება ყოველთვის, რადგან ტკივილი ავადმყოფობა არ არის, ის სიცოცხლის ისეთივე უტყუარი ნიშანია, როგორიც გულისცემა. მაგრამ ჩვენი პოდკასტის სტუმარი ისევ და ისევ იმეორებს - მისით აღძრული შიშის და ტანჯვის შემცირება შეგვიძლია, თუკი ტკივილს უპირობო თანაგრძნობას შევაგებებთ.