„ვგმობთ“ და „კატეგორიულად ვგმობთ“ - საგარეო ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის, ცხინვალსა და სოხუმში კი რუსეთის დუმის არჩევნებზე

საილუსტრაციო ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2026 წლის 18 სექტემბერს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, - ამის შესახებ ნათქვამია უწყების მიერ დღეს, 18 სექტემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო უწყების შეფასებით, ე.წ. არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და "იგი ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს და ვერ შეცვლის ცხინვალის რეგიონის, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილის, საერთაშორისო-სამართლებრივ სტატუსს".

"საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის პირობებში, როდესაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობა, უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე საერთაშორისო-სამართლებრივ შედეგს".

ასევე ნახეთ

საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გააკეთებს განცხადებას - კობახიძე ოკუპირებულ ცხინვალში "პრეზიდენტის არჩევნებზე"

ამავე განცხადებაში საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და "კატეგორიულად დაგმო" რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, 2026 წლის 18-20 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ჩატარების შესახებ.

"საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის საარჩევნო უბნების გახსნა და ფუნქციონირება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის კიდევ ერთ აშკარა გამოვლინებას", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან უწყება მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, "სათანადოდ შეაფასოს და მკაცრად დაგმოს რუსეთის ფედერაციის აღნიშნული უკანონო ქმედებები და უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი და პოლიტიკური რეაგირება".

"საქართველო კვლავაც მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დაუჭიროს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში

საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში („სამხრეთ ოსეთში“), 18 სექტემბერს მიმდინარეობს ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. თუმცა კენჭისყრას ფორმალური ხასიათი აქვს. დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შემცვლელად მოსკოვიდან საგანგებოდ მოვლენილ მარატ კამბოლოვს ცხინვალში ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა უჭერს მხარს.

"არჩევნები" უკანონოდ არის გამოცხადებული საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.

ე.წ. არჩევნებში მონაწილეობენ:

  • მარატ კამბოლოვი - ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, წარდგენილია ორი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევისა და ანატოლი ბიბილოვის პარტიების („ნიხასი“ და „ერთიანი ოსეთი“), ასევე „კომუნისტური პარტიის“ მიერ;
  • მურატ ვალიევი - „სახელმწიფო დაცვის“ მოქმედი თანამშრომელი, წარდგენილია პარტია „ალანიის პატრიოტების“ მიერ;
  • ზურაბ კოკოევი - ცხინვალის ყოფილი დე ფაქტო მერი, წარდგენილია პარტია „ერთიანობის“ მიერ, რომელსაც 23 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს;
  • ყაზბეკ კოდოევი - დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ.


პარალელურად, ე.წ. სამხრეთ ოსეთში 18-20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები მიმდინარეობს - გაიხსნა 11 საარჩევნო უბანი.

ასევე ნახეთ

არანაირი არჩევნები არანაირ სამხრეთ ოსეთში არ არსებობს - პაპუაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში "პრეზიდენტის არჩევნებზე"

ოკუპირებულ აფხაზეთში კი დუმის დეპუტატების არჩევნები 20 სექტემბერს 50 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. ორივე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ძირითად ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვადაზე ადრე დანიშნეს, მას შემდეგ, რაც 2026 წლის ივნისში „პრეზიდენტის" პოსტიდან გადადგა ალან გაგლოევი და მუშაობა პუტინის ადმინისტრაციაში გააგრძელა.

რუსეთმა ცხინვალის რეგიონი ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში დაწყებული ომის შემდეგ. ამ ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკას, საიდანაც 30 ათასამდე ადამიანია დევნილი და ბევრი სოფელი განადგურებულია, მთლიანად რუსეთი მართავს და აკონტროლებს.