„შვილს ვენდობი, გარემოს არა“ - რატომ „უთვალთვალებენ“ მშობლები შვილებს?

Your browser doesn’t support HTML5

ეკრანზე მოძრავი პატარა წერტილი ზუსტად გაჩვენებს, რომელ ქუჩაზეა ის, საით მიდის, ფეხით მიდის თუ ტრანსპორტით და მეტიც, რა სიჩქარით გადაადგილდება.

ლოკაცია ხომ გაქვს, ჩახედე!“ - ეს არის ხოლმე პირველი ფრაზა, რომელსაც 18 წლის სანდრო დედას ეუბნება, როდესაც ის ტელეფონზე ურეკავს. სოფო ომანაძეს იმის ნახვა, სად არიან შვილები, ნებისმიერ დროს შეუძლია. შვილებიც ხედავენ, სად არის დედა - ერთმანეთს ადგილმდებარეობას სპეციალური აპლიკაციით უზიარებენ.

წლების წინ, მშობელს ორი არჩევანი ჰქონდა: დაერეკა სახლიდან გასული, დაგვიანებული შვილისთვის და ეკითხა, სად იყო, ან უბრალოდ დალოდებოდა მის დაბრუნებას.

კიდევ უფრო ადრე, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამდე, ეს არჩევანიც არ იყო. ისე შეიძლებოდა დაღამებულიყო დღე, რომ სანამ შვილი თუ ოჯახის სხვა წევრი სახლში არ დაბრუნდებოდა, მის შესახებ არაფერი გცოდნოდა.

იყო ერთი გამოსავალი - თუკი იცოდი, დაახლოებით სად იყო და ვისთან, ე.წ. სახლის, სტაციონარულ ტელეფონზე დაგერეკა და იქ მოგეკითხა - „გამარჯობა, თინას დედა ვარ, თუ შეიძლება, ტელეფონთან სთხოვეთ“.

ან მეორე ვარიანტი, თავად დაერეკა სახლიდან გასულ ოჯახის წევრს, მაგალითად, ქუჩის ტელეფონიდან, მეგობრის სახლის ტელეფონიდან, სამსახურის ტელეფონიდან და ეთქვა ორი სიტყვა, სად იყო, როდის აპირებდა დაბრუნებას. ეს იყო და ეს.

დღეს შვილის, ოჯახის ნებისმიერი წევრის თუ მეგობრის ადგილმდებარეობის დადგენა, შენს საკუთარ ტელეფონზე მხოლოდ ერთი დახედვით შეგიძლია.

ეკრანზე მოძრავი პატარა წერტილი ზუსტად გაჩვენებს, რომელ ქუჩაზეა ის, საით მიდის, ფეხით მიდის თუ ტრანსპორტით და მეტიც, რა სიჩქარით გადაადგილდება.

ბავშვებისა და ოჯახის წევრების ადგილმდებარეობის გასაზიარებლად დღეს ათეულობით აპლიკაცია არსებობს. Google Family Link-ის, Life360-ის, Findmykids-ისა და სხვა სპეციალური პროგრამების გარდა, ლოკაციის გაზიარების ფუნქცია თავად ტელეფონებშიც არის ჩაშენებული.

ამას ემატება AirTag-ის მსგავსი პატარა მოწყობილობები, რომლებიც შეიძლება ბავშვის ჩანთაში ან გასაღებზე მოათავსო. ზოგი აპლიკაცია მხოლოდ ადგილმდებარეობას აჩვენებს, სხვები კი მშობელს ბევრად მეტ შესაძლებლობას აძლევს - მაგალითად, ნახოს, რამდენ დროს ატარებს ბავშვი ტელეფონში, რომელ აპლიკაციებს იყენებს, ზოგ შემთხვევაში კი მოისმინოს კიდეც, რა ხდება მის გარშემო.

და ეს მხოლოდ მცირეწლოვან ბავშვებს ან არასრულწლოვანებს არ ეხება.

„ეს არ არის კონტროლი, უბრალოდ უსაფრთხოების შეგრძნებისთვის ვიყენებ“

2026 წლის 15 ივნისს გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, რომელიც აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტის ბავშვთა ჯანმრთელობის ეროვნული გამოკითხვის ფარგლებში, საერთაშორისო კვლევითმა და საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა კომპანიამ (Ipsos) ჩაატარა, მშობლების 52% მობილური ტელეფონით ან სხვა მოწყობილობით 18-25 წლის, ანუ უკვე სრულწლოვანი შვილების ადგილმდებარეობასაც აკონტროლებს. მათგან 71%-ს თვალყურის დევნის ფუნქცია მუდმივად ჩართული აქვს.

ამ სტატიაში ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, როგორ იყენებენ საქართველოში მშობლები ამგვარ ტექნოლოგიას ყოველდღიურ ცხოვრებაში: რას ამოწმებენ, რამდენად ხშირად, იციან თუ არა ამის შესახებ შვილებმა და სად ავლებენ ზღვარს უსაფრთხოებაზე ზრუნვასა და პირადი სივრცის კონტროლს შორის.

რადიო თავისუფლება ესაუბრა სხვადასხვა ასაკის ბავშვების მშობლებს. მათ შორის არიან ისეთები, ვინც შვილს ლოკაციის გაზიარებაზე თავიდანვე შეუთანხმდა, არიან ისეთებიც, რომლებმაც აპლიკაცია შვილის ტელეფონში ფარულად ჩართეს.

ყველა მოზარდი არ თანხმდება, მშობელს თავისი ლოკაცია გაუზიაროს.

15-მდე ინტერვიუში, რომლებიც ჩავწერეთ, თითქმის ყველგან მეორდება ერთი და იგივე ფრაზა - „შვილს ვენდობი - გარემოს არა“, „ეს არ არის კონტროლი, უბრალოდ უსაფრთხოების შეგრძნებისთვის ვიყენებ“.

მშობლების შიშებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს - ავტოსაგზაო შემთხვევა, ქუჩაში ძალადობა, ტაქსით მარტო მგზავრობა, მოულოდნელი უბედური შემთხვევა, ტელეფონი, რომელსაც ბავშვი არ პასუხობს. მათი თქმით, ქალაქის ვირტუალურ რუკაზე დანახული პატარა მოძრავი წერტილი კონტროლი კი არა, პასუხია კითხვებზე - „ხომ კარგად არის?“ „მივიდა?“ „სახლისკენ მოდის?“

„ არ ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი მატყუებს ან კონტროლი სჭირდება".

რა ხდება მაშინ, როცა მშობელი თავის ეკრანზე მოძრავი თუ გაჩერებული პატარა წერტილის „თვალთვალს“ ვეღარ წყვეტს და ეს უკვე ერთგვარ დამოკიდებულებად იქცევა? როდესაც ბავშვს არ უნდა, რომ მშობელი მის გადაადგილებას ადევნებდეს თვალს? ან როდესაც შვილის მარშრუტიდან უმცირესი გადახვევაც კი მშობლის შფოთვას კიდევ უფრო ზრდის?

„ეს ჩემი სიმშვიდისთვის მჭირდება. 90-იანებში ვარ გაზრდილი“

სოფო ომანაძემ უფროსი შვილის ადგილმდებარეობის თვალყურის დევნება დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. სანდრო მაშინ 16 წლის იყო.

მარტივი მიზეზი ჰქონდა, ბიჭი ტელეფონს თითქმის არასდროს პასუხობდა:

სოფო ომანაძე

„ეს იყო მუდმივი ტანჯვა. ბოლოს შევთანხმდით, რომ ლოკაციას გამიზიარებდა და მეც აღარ მომიწევდა ნერვიულობა“, - ამბობს სოფო.

დღეს სანდრო 18 წლისაა, მისი და, ნატალია -13-ის. ოჯახში ერთმანეთის ადგილმდებარეობას ყველა ხედავს. სოფო ამბობს, რომ ეს ერთგვარი ბარტერია - შვილებმა იციან, სად არის დედა და დედამ - სად არიან შვილები.

ამას კონტროლს არ უწოდებს:

„ეს ჩემი სიმშვიდისთვის მჭირდება. 90-იანებში ვარ გაზრდილი და ბავშვების დაკარგვასთან დაკავშირებული შიშები ჩემში დღემდე ძალიან ძლიერია. თუ ტელეფონზე არ მიპასუხებს, ვიცი, რომ ლოკაციით მაინც მივაგნებ. არ ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი მატყუებს ან კონტროლი სჭირდება. ლოკაცია იმისთვის გვაქვს გაზიარებული, რომ საგანგებო სიტუაციაში ერთმანეთს მივაგნოთ“.

ყველაზე ხშირად სოფო ადგილმდებარეობას მაშინ ამოწმებს, როდესაც შვილები შორ გზაზე არიან. ცოტა ხნის წინ სანდრო და მისი და ამერიკიდან მარტო დაბრუნდნენ და დედისთვის ეს აპლიკაცია ერთგვარი შვება იყო: „ვუყურებდი, მივიდნენ თუ არა აეროპორტში, გადასხდნენ თუ არა შემდეგ რეისზე, ჩავიდნენ თუ არა გერმანიაში“.

ხანდახან სანდროს წერტილი ვირტუალურ რუკაზე ითიშება.

„მგონია, რომ ზოგჯერ თვითონ თიშავს და მერე ისევ რთავს, ალბათ მაშინ, როცა არ უნდა, რომ ვიცოდე, სად არის. როგორც კი ვეღარ ვხედავ, მაშინვე ვწერ, ლოკაცია ისევ გამიზიარე-მეთქი“.

სანდროს პასუხი კი, როდესაც დედა მაინც ურეკავს, ხშირად ასეთია: „ლოკაცია ხომ გაქვს, რატომ მირეკავ? ჩახედე“.

„ყველგან ვუშვებ, მაგრამ მინდა ვიცოდე, სად არის".

„ფარულად დავაყენე მის ტელეფონში აპლიკაცია“

16 წლის ბიჭმა არ იცის, რომ მისი ტელეფონიდან დედამ დაუკითხავად დასტური მისცა აპლიკაციას, რომელიც მოზარდის გადაადგილების მარშრუტს აკვირდება.

„მუდმივი გაზიარება ჩავრთე. აპლიკაციას რომ ვხსნი, რეალურ დროში ვხედავ, სად არის. ახლა უკვე აღარ მიწევს გამუდმებით დარეკვა და კითხვა, სად ხარ?“ - მეუბნება 39 წლის ქალი.

იმასაც ამბობს, რომ შვილს ენდობა და არც მისი გადაადგილების შეზღუდვა არ სურს, თუმცა ამგვარი გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ამბობს, რომ მისთვის აპლიკაცია შვილის ქცევის გასაკონტროლებელი საშუალება კი არა, ერთგვარი დაზღვევაა, ინფორმაცია, რომელიც, მისი აზრით, შესაძლოა საგანგებო სიტუაციაში დასჭირდეს:

„არასოდეს ვყოფილვარ ისეთი დედა, შვილს დღეში ცხრაჯერ რომ ურეკავს. ყველგან ვუშვებ, მაგრამ მინდა ვიცოდე, სად არის. თუ რამე მოხდა, და ათასი რამ ხდება, დაახლოებით მაინც უნდა ვიცოდე, სად ვეძებო. ვაკეში რომ მეგონოს და სინამდვილეში სხვა უბანში იყოს, უბედურების შემთხვევაში ვაკეში ხომ არ დავუწყებ ძებნას? მხოლოდ ამისთვის მაქვს მისი ლოკაცია“.

„ახალ ამბებში მოსმენილი ტრაგედიები შიშს აძლიერებს, აპლიკაცია მშველის“

ანი გაგუას შვილი 17 წლისაა. კონკრეტული ბრენდის ტელეფონიც იმიტომ უყიდა, რომ „კარგი შიდა ლოკაციის სისტემა აქვს“.

ანი გაგუა

„არ მგონია, რომ მის პირად სივრცეს ვარღვევ. ჩემი ლოკაციაც გაზიარებული მაქვს მისთვის და იცის, რატომ ვაკეთებ ამას - მხოლოდ უსაფრთხოების გამო. ჩემი შვილის არ მეშინია, ვიცი, ვისთან მეგობრობს და სად დადის. მე იმ გარემოსი მეშინია, რა გარემოშიც გვიწევს ცხოვრება“.

„ჩვენ ერთმანეთს არ ვატყუებთ. ასე გავზარდე. ამიტომ ეს აპლიკაციაც მისთვის არაფერს ცვლის".

ანის შფოთვა მხოლოდ მაშინ არ იწყება, როდესაც შვილი ქალაქის მეორე ბოლოშია:

„ქუჩის გადაღმა მაღაზიაში რომ მიდის, დღემდე აივნიდან ვუყურებ. ჩემი თავიც მეცოდება ამის გამო. სახლიდან რომ გადის, ვფიქრობ, ლიფტში არ გაიჭედოს, მწვანე შუქზე გადასვლისას მანქანა არ დაეჯახოს... ყველა ნაბიჯზე საფრთხეს ვხედავ“.

ამბობს, რომ ახალ ამბებში მოსმენილი ტრაგედიები ამ შიშს კიდევ უფრო აძლიერებს.

„გესმის, რომ ბავშვი ტროტუარზე იდგა და მანქანა დაეჯახა, პარკში დენმა დაარტყა, ორმოში ჩავარდა, შუშა დაეცა... ამ ბავშვებს არაფერი დაუშავებიათ. როცა ასეთ ამბებს ხშირად ისმენ, ძალაუნებურად გიჩნდება შიში და ასეთ აპლიკაციას უსაფრთხოების თუნდაც მცირე შესაძლებლობად აღიქვამ“, - ამბობს ანა.

ხანდახან აპლიკაცია „ჭედავს“. ასეთ დროს ანის შფოთვის ხარისხი იზრდება, თუმცა ეს ფაქტორიც „დაზღვეული“ აქვს - შვილის სახლის გასაღებზე AirTag-ი (მცირე ზომის ადგილმდებარეობის აღმომჩენი მოწყობილობა) კიდია.

ანი გაგუა ამბობს, რომ მის შვილს ამგვარი თვალყურის დევნა დისკომფორტს არ უქმნის:

„ჩვენ ერთმანეთს არ ვატყუებთ. ასე გავზარდე. ამიტომ ეს აპლიკაციაც მისთვის არაფერს ცვლის. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩემთვის ეთქვა, რომ იქ ვარ და რეალურად, სხვაგან იყო. მას არ სჭირდება ჩემთან ტყუილი. ერთადერთი, რატომაც ამას ვაკეთებ და სანამ თვითონ მომცემს ამის უფლებას, მანამდე გავაკეთებ, არის მხოლოდ უსაფრთხოების განცდა და მან ეს კარგად იცის“.

„მანამდე ხუთ წუთში ერთხელ ვურეკავდი“

მაიკო ძირკველიშვილს 15 და 11 წლის შვილები ჰყავს. აპლიკაციის გამოყენება პანდემიის შემდეგ დაიწყო, როდესაც უფროსმა შვილმა გადაწყვიტა, რომ დამოუკიდებლად უნდა ევლო სკოლაშიც და სხვადასხვა აქტივობაზეც.

მანამდე ის იძულებული იყო, რომ შვილთან ხშირად დაერეკა, რაც ბავშვსაც დისკომფორტს უქმნიდა და არც მისთვის არ იყო სასიამოვნო:

მაიკო ძირკველიშვილი

„ხუთ წუთში ერთხელ ვურეკავდი, სად ხარ? მოდიხარ? წახვედი? ვღელავდი. გარემოც უსაფრთხოდ არ მიმაჩნია და მგონია, რომ ბოლო პერიოდში ეს პრობლემა უფრო მწვავდება. როცა ტრაგიკულ ამბებს ვიგებთ, პირველივე წამს საკუთარ შვილებზე და იმ საფრთხეებზე ვფიქრობთ, რომლებიც შეიძლება მათაც დაემუქროთ“.

„თუ ჩემს შვილს ვენდობი, რატომ უნდა მოვუსმინო ფარულად? ჩემთვის ეს სრულიად ზედმეტია“.

აპლიკაციამ ხშირი ზარები ჩაანაცვლა. მაიკო ხედავს, სად არის შვილი, როდის დაიძრა, ფეხით მიდის თუ ტრანსპორტით.

ამგვარი აპლიკაციის დაყენებაზე შვილთან თავიდანვე შეთანხმდა:

„ვუთხარი: მე ვღელავ, შენ კი ჩემი ხშირი ზარები გაწუხებს. მოდი, აპლიკაცია დავაყენოთ - დღის განმავლობაში აღარ დაგირეკავ, ლოკაციას შევხედავ და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდები-მეთქი. ასე ორივე უფრო მშვიდად ვართ“.

ის Findmykids-ის აპლიკაციას იყენებს. მის ფასიან ვერსიას სხვა შესაძლებლობებიც აქვს, მათ შორის, ბავშვის ტელეფონის გარშემო ხმების მოსმენა. მაიკოს ეს ფუნქცია არასდროს გამოუყენებია:

„თუ ჩემს შვილს ვენდობი, რატომ უნდა მოვუსმინო ფარულად? ჩემთვის ეს სრულიად ზედმეტია“.

შვილთან კიდევ ერთ რამეზე შეთანხმდა - სრულწლოვანი რომ გახდება, აპლიკაციას წაშლის.

„სასტიკი წინააღმდეგობა გამიწია“

ყველა მოზარდი ამ შეთანხმებას არ თანხმდება.

ქეთის (სახელი შეცვლილია) ვაჟი მალე 17 წლის გახდება და დედის სურვილს, იცოდეს მისი ადგილმდებარეობა, კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

ქეთი თავადაც ხვდება, რომ პრობლემა მხოლოდ გარემოში არ არის.

„ეს უფრო ჩემი პრობლემაა. ჩემი შვილი უკვე 17 წლის ხდება, მაგრამ მაინც მინდა ვიცოდე, როდის მივიდა სკოლაში, როდის წამოვიდა. თვითონ კი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. არც ის მოსწონს, რომ ხშირად ვურეკავ. ამას გარდა, მეც საკუთარ თავთან მაქვს პრეტენზია, რომ ზედმეტი მომდის, მაგრამ თავს ვერ ვერევი“.

უმცროსი შვილის ტელეფონში აპლიკაცია გააქტიურებულია, თუმცა უფროსმა მისი დაბლოკვის გზები მოძებნა, ამისთვის რამდენიმე ელექტრონული ფოსტაც კი შექმნა.

„პირდაპირ მეუბნება, ნუ მაკონტროლებ, არ მომწონს და ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე იმის ცოდნა, რომ საიდანღაც მითვალთვალებო. მეუბნება, რომ თვითონ მეტყვის, სად არის, არაფერს დამიმალავს, ოღონდ მუდმივად ნუ გავაკონტროლებ“.

ქეთი ამბობს:

„ერთი მხრივ, ჩემი ბრალია, ჭიპლარი ვერ გადავჭერი. მეორე მხრივ კი, მართლა სახიფათო გარემოში გვიწევს ცხოვრება“.

AirTag-ი შვილის ჩანთაში

გიორგი აფციაურის შვილი ჯერ პატარაა, 9 წლის. სკოლაში მძღოლს მიჰყავს და მოჰყავს, მაგრამ მამას მაინც ურჩევნია, ზუსტად იცოდეს ბავშვის ადგილმდებარეობა. სწორედ ამიტომ, მის სასკოლო ჩანთაში AirTag-ი ჩადო:

გიორგი აფციაური

„ერთი-ორჯერ მკითხა, ეს რა არისო. ვუთხარი, რომ ჩემი ნივთია, მინდა, შენ ატარო და ჩანთიდან არ ამოიღო-მეთქი. პირველ რიგში, უსაფრთხოებისთვის მჭირდება, მინდა ვიცოდე, სად არის“.

შვილის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა პრაქტიკული მიზნითაც სჭირდება - ხედავს, როდის უახლოვდება ბავშვი სახლს და აღარ სჭირდება მძღოლთან მუდმივად დარეკვა.

ბავშვმა ჯერ ზუსტად არ იცის, რისთვისაა AirTag-ი.

„ამ ეტაპზე, მისთვის ამის ცოდნა არაფერს ცვლის და არ მგონია, რომ მის პირად ცხოვრებაში ვიჭრები“, - მეუბნება ის, თუმცა გიორგი იმასაც აცნობიერებს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ უკვე შვილთან შეთანხმება დასჭირდება:

„როცა იმ ასაკს მიაღწევს, როდესაც ამგვარი თვალყურის დევნას შესაძლოა მის პირად სივრცეში შეჭრად ჩათვლის, თუკი სწორად ავუხსნი ამ ყველაფერს, მგონია, რომ გამიგებს. ახლაც ხშირად ვეუბნები და ვუხსნი, რომ ისე შორს არ წავიდეს სათამაშოდ, რომ ვერ მხედავდეს, რადგან, მაგალითად, ძაღლი რომ გამოეკიდოს, შეიძლება ვერ მივასწრო მასთან მისვლა. ამიტომ უსაფრთხოების თემებზე ხშირად ვლაპარაკობთ და საქმის კურსშია, რომ სჭირდება მშობლის ყურადღება, მანამ სანამ დაუცველები არიან.

ინფორმაციის სწორად მიწოდების შემთხვევაში, არ დამჭირდება ჭიდაობა, რომ ასეთი აპლიკაცია მხოლოდ მე მჭირდება და ჩემთვისაა. არა, ეს ჩემთვის არაა და როცა ვიგრძნობ, რომ ამის საჭიროება მას აღარ ექნება, ეს ჩემთვისაც შვება იქნება“, - ამბობს გიორგი აფციაური.

„ჩვენ ამას თვალთვალად არ აღვიქვამთ“

ნინო დვალიძე დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. მისი შვილები 11 და 16 წლისანი არიან და ორივე იყენებს ადგილმდებარეობის გაზიარების ფუნქციას.

ნინო ამბობს, რომ დიდ ბრიტანეთში ბავშვების დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის მომზადება ადრეული ასაკიდან იწყება, მშობლებსაც უხსნიან, როგორ მისცენ შვილს მეტი დამოუკიდებლობა და ამგვარი აპლიკაციები ამის ერთ-ერთ მექანიზმადაც მოიაზრება.

ნინო დვალიძე

„მშობლებს უხსნიან, რომ, მაგალითად, აუცილებელია, რომ 11 წლის ასაკიდან ბავშვმა ნელ-ნელა დაიწყოს მარტო სიარული, გასწავლიან, რომ თავიდან ცოტა მოშორებით უნდა გაჰყვე, ასე დააკვირდე და ასევე გიწევენ რეკომენდაციას, რომ ერთგვარი თვალყურის მიდევნების მეთოდიც შეიმუშაო.

ასეთი აპლიკაციების გამოყენება მშობლების მხრიდან არანაირად არ ითვლება აგრესიული ჩარევის ფორმად. ჩემს შვილებს არ აქვთ განცდა, რომ ჩვენ მათ ვუთვალთვალებთ. ეს არის მშობელსა და ბავშვს შორის შეთანხმების ნაწილი და არა აგრესიული ჩარევა".

უფროსი შვილის სკოლა სახლიდან დაახლოებით ერთი საათის გზაზეა:

„უბრალოდ, გინდა იცოდე, სად არის და უსაფრთხოდაა თუ არა. ბავშვი ყოველთვის ვერ გიპასუხებს ტელეფონზე და ამგვარი აპლიკაციები ამის შესაძლებლობას უმტკივნეულოდ გაძლევს".

ნინოსთვის მთავარი ნდობაა.

„თუ ოჯახში ნდობა არ არსებობს, პრობლემა აპლიკაცია არ არის. შვილის კონტროლის სხვა გზასაც ყოველთვის იპოვი. მეგობრებს სთხოვო, შენ მიხვიდე პერიოდულად და შეამოწმო სად არის და რას აკეთებს. ამგვარი აპლიკაცია არის უსაფრთხოების ნაწილი. მშობლის პასუხისმგებლობის ნაწილია ბავშვის ფიზიკური უსაფრთხოება. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, სადაც რისკებიც გაცილებით დიდი და მრავალფეროვანია", - ამბობს ნინო დვალიძე.

როცა ადგილმდებარეობის გაზიარების იდეა თავად შვილისგან წამოვიდა

სოფო ჭაავას ადგილმდებარეობის გაზიარების იდეა შვილმა რამდენიმე წლის წინ შესთავაზა.

„მაჩვენა აპლიკაცია და მითხრა: მეგობრები ვიყენებთ, ერთმანეთის ლოკაციას ვხედავთ და არ გინდა, ჩვენც გავაკეთოთო? ასე დავიწყეთ გამოყენება“.

მას შემდეგ ის ორივე შვილის ადგილმდებარეობას ხედავს:

„დღეში რამდენჯერმე შევხედავ ხოლმე, საცობებია, ხომ მიასწრო სკოლაში ან მასწავლებელთან. უფროსი უცხოეთში სწავლობს და იქ კიდევ უფრო მოსახერხებელია: ვხედავ, როდის მივიდა სახლში და მერე ვურეკავ. ბავშვებისთვისაც კომფორტულია, რადგან აღარ ვაწუხებ კითხვით, სად ხარ?“

მიუხედავად იმისა, რომ სოფო ჭაავა ამგვარი აპლიკაციის აქტიური მომხმარებელია, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ასეთი აპლიკაციები არაერთ საფრთხესაც შეიცავს. ის ხშირად მუშაობს ტექნოლოგიების დახმარებით ჩადენილი დანაშაულების კვლევებზე. სწორედ ამ გამოცდილებამ აჩვენა, რომ ერთი შეხედვით უწყინარი ფუნქცია სხვა ურთიერთობაში კონტროლის იარაღადაც შეიძლება იქცეს.

„ჩემი გამოცდილებით, ასეთი აპლიკაცია ორივე მხარისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ მას ძალიან სახიფათო პოტენციალიც აქვს. ამიტომ ბავშვებს ყოველთვის ვუხსნი, რომ ლოკაციის გაზიარება მხოლოდ თანხმობით უნდა ხდებოდეს“.

მაგალითად, მოზარდმა, თუნდაც ზრდასრულმა, შეიძლება ადგილმდებარეობა მეგობარს, პარტნიორს გაუზიაროს, შემდეგ კი დაიწყოს მუდმივი კითხვები - „იქ რატომ ხარ?“, „აქ რატომ წახვედი?“

„ბავშვმა უნდა იცოდეს, ვის უზიარებს თავის ადგილმდებარეობას. ლოკაცია მხოლოდ იმ ადამიანს უნდა გაუზიაროს, ვისაც ბოლომდე ენდობა. თუ ხედავს, რომ ვიღაც ამ შესაძლებლობას მის გასაკონტროლებლად იყენებს, ეს უკვე საფრთხის ნიშანია და ლოკაციის გაზიარების ფუნქცია დაუყოვნებლივ უნდა გათიშოს. აუცილებელია, რომ სარგებელთან ერთად, ბავშვებს ესეც ავუხსნათ“, - ამბობს სოფო ჭაავა.

„დედაც ხედავს, მამაც და უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს“

16 წლის ნინა კურდღელია რამდენიმე წელია, მშობლებს საკუთარ ადგილმდებარეობას უზიარებს. ამბობს, რომ ეს მისთვის პირადი სივრცის დარღვევას არ ნიშნავს:

„პირიქით, უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. ვიცი, რომ თუ რამე დამემართა, მაგალითად, ტაქსიში ვარ ან სადმე სხვაგან, დედაც ხედავს ჩემს ადგილმდებარეობას, მამაც და საჭიროების შემთხვევაში მაშინვე შეძლებენ ჩემს პოვნას“.

ნინა ამბობს, რომ მშობლებს ისედაც არ უმალავს, სად მიდის და ამიტომ ადგილმდებარეობის გაზიარება მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ხელს არ უშლის.

თუმცა მისი მეგობრების გამოცდილება განსხვავებულია.

„ზოგ ჩემს მეგობარს ნამდვილად აქვს პრობლემა. მაგალითად, ერთ ადგილას არიან, სხვაგან უნდათ წასვლა, მაგრამ არ უნდათ, მშობლებმა გაიგონ. ამიტომ ხან ლოკაციას თიშავენ, ხან ტელეფონს ერთ ადგილას ტოვებენ და თვითონ სხვაგან მიდიან“.

ნინა ამბობს, რომ არსებობს სხვა ტექნიკური საშუალებებიც, რომლებითაც მოზარდები თავიანთ ადგილმდებარეობას დროებით "აპაუზებენ".

„როცა ვინმეს აკონტროლებ, მით უმეტეს, შვილს, მან ამის შესახებ უნდა იცოდეს“

ლადო გოგალაძე Google Family-ს დაახლოებით ექვსი წელია იყენებს. უფროსი გოგო ახლა უკვე 15 წლისაა და ამ აპლიკაციას, რომელსაც სხვა არაერთი ფუნქციაც აქვს, დღეს მხოლოდ შვილის ადგილმდებარეობის სანახავად ჩახედავს ხოლმე.

მისთვის თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო ბავშვს სცოდნოდა, რომ მამას მისი ადგილმდებარეობის ნახვა შეეძლო:

ლადო გოგალაძე

„როცა ვინმეს აკონტროლებ, მით უმეტეს, საკუთარ შვილს, ელემენტარული პატივისცემაა, რომ მან ამის შესახებ იცოდეს. ჩემს შვილს ავუხსენი, რომ ეს მისი უსაფრთხოებისთვისაა. ბოლომდე ვენდობი, ეჭვიც არ მეპარება მასში, მაგრამ გარემოა ისეთი, რომ უმჯობესი იქნება, თუკი მე მექნება მასთან კონტაქტი. ამ აპლიკაციას აქვს ასეთი ფუნქცია, რომ მუდმივად აქტიურია GPS-მოწყობილობა და მუდმივად ვხედავ, იმ მომენტში სად არის, უფრო ზუსტად, ტელეფონი სად არის. შეიძლება ბავშვს ტელეფონი დარჩეს სადმე და ასეთი მომენტიც მქონდა ერთხელ, რომ ტელეფონი დარჩა სკოლაში, ვიცოდი, რომ ბავშვი სახლში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოწყობილობა მაჩვენებდა, რომ სულ სხვაგან იყო და ამაზე ცოტა ვინერვიულე კიდეც“.

ლადო გოგალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციას ორივე შვილთან იყენებს, ის ამ აპლიკაციებზე დამოკიდებული არ არის და მათ იშვიათად, მხოლოდ კონკრეტულ სიტუაციაში ამოწმებს:

„ძირითადად მაშინ ვნახულობ, როცა გაკვეთილები უმთავრდებათ და მინდა ვიცოდე, მშვიდად მივიდნენ თუ არა სახლში“, - ამბობს ლადო გოგალაძე.

რას ურჩევს ფსიქოლოგი მშობლებს?

ელენე ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, რომელსაც ბავშვებთან და მშობლებთან მუშაობის არაერთწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ კითხვას, კარგია თუ ცუდი ბავშვის ადგილმდებარეობის მუდმივად ცოდნა, ერთი პასუხი არ აქვს.

მისთვის მთავარი სიტყვაა შეთანხმება:

„ეს არ არის საკითხი, რომელზეც ცალსახად იტყვი, რომ მხოლოდ უსაფრთხოებაა ან მხოლოდ კონტროლი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორია შეთანხმება მშობელსა და შვილს შორის და რა ასაკისაა ბავშვი“.

ელენე თავადაც მშობელია, თუმცა შვილების ადგილმდებარეობის საკონტროლო აპლიკაცია არასოდეს გამოუყენებია.

ელენე ჯაფარიძე

„არ მინდოდა, აპლიკაცია გამხდარიყო ჩემსა და ჩემს შვილებს შორის ნდობის განმსაზღვრელი. მერჩივნა, ნდობა მის გარეშე ჩამოგვეყალიბებინა“.

ამბობს, რომ მისი პროფესიული გამოცილებით, აპლიკაცია ჰიპერმშფოთვარე მშობელს" "აძლევს განცდას, რომ სიტუაციას აკონტროლებს, თუმცა ეს ხშირად მხოლოდ ილუზიაა და თავად შფოთვის მართვაში ვერ ეხმარება“.

მისი თქმით, კონტროლის შესაძლებლობამ შეიძლება საპირისპირო ეფექტიც გამოიწვიოს - მაგალითად, მშობელი ყოველდღე ხედავს, რომ შვილი სკოლიდან სახლში ერთი და იმავე გზით ბრუნდება. ერთ დღეს კი ბავშვი სხვა ქუჩაზე გადაუხვევს:

„როგორც კი ლოკაცია მოულოდნელად იცვლება, შფოთვაც იზრდება. იწყებ რეკვას ან არ რეკავ და მაინც ნერვიულობ. ამიტომ ასეთი აპლიკაცია ყოველთვის უსაფრთხოების განცდას კი არ ქმნის, ხშირად უბრალოდ კონტროლის შეგრძნებას გვაძლევს“.

განსაკუთრებულ პრობლემა მიაჩნია მოცემულობა, როცა მშობლები შვილებს „ფარულად უთვალთვალებენ“:

„თუ ბავშვმა არ იცის, რომ დედამ ფარულად დაუყენა ასეთი აპლიკაცია და ამას მოგვიანებით აღმოაჩენს, მშობლის მიმართ ნდობა შეიძლება მთლიანად შეერყეს. ამ ნდობის აღდგენას კი შემდეგ ძალიან დიდი დრო და მუშაობა სჭირდება.

მე მყავს მოზარდები, რომლებმაც იციან, რომ ლოკაცია აქვთ ჩართული და მეუბნებიან, ისე ვბრაზდები, რომ მიჩნდება სურვილი, ძალით ვანერვიულოო. მოზარდების დიდ ნაწილს არ სიამოვნებს ამ სივრცეში შემოჭრა. ამბობენ, რომ არაფერს აშავებენ, არანაირ საფრთხეებს არ ეძებენ და არ სჭირდებათ ამგვარი კონტროლი“.

იმ შემთხვევაში, თუკი მშობელი მაინც გადაწყვეტს, რომ ამგვარი აპლიკაციებით ადევნოს შვილს თვალი, ელენე ჯაფარიძის რჩევით, მათ შვილებს დეტალურად უნდა აუხსნან, რატომ აპირებენ ამას:

„უნდა ვუთხრათ, რომ ამ აპლიკაციას არ ვაყენებთ იმისთვის, რომ არ ვენდობით ან მათი კონტროლი გვინდა. უბრალოდ, გარკვეული მიზეზების გამო, მაგალითად, სკოლაა შორს, ღამე გიწევს სახლში დაბრუნება, თავს ვგრძნობ უფრო მშვიდად, როგორც მშობელი და ნაკლებად ვღელავ, მინდა, რომ შენ ეს იცოდე და მომცე თანხმობა, აი, ეს უნდა ავუხსნათ“, - ამბობს ელენე ჯაფარიძე.

რას ამბობს კვლევა?

აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, რომელიც 2026 წლის ივნისში გამოქვეყნდა, ამგვარი აპლიკაციების გამოყენების პრაქტიკა უფრო გავრცელებულია 18-20 წლის ახალგაზრდების მშობლებს შორის, ვიდრე 21-25 წლის ახალგაზრდების შემთხვევაში და უფრო ხშირად ეხება ქალიშვილებს, ვიდრე ვაჟებს.

  • მათგან, ვინც შვილების ადგილმდებარეობას აკონტროლებს, 71%-ს ფუნქცია მუდმივად ჩართული აქვს, 29% კი მას მხოლოდ გარკვეულ სიტუაციებში იყენებს.
  • მშობლების 68% ამბობს, რომ ამას საკუთარი სიმშვიდისთვის აკეთებს, 64% - საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში. 21%-ს შვილის ადგილმდებარეობა იმის დასადგენად სჭირდება, შესაფერისი დროა თუ არა შვილთან დასარეკად, 17%-ს - იმის სანახავად, რას აკეთებს შვილი, 9%-ს კი დასარწმუნებლად, რომ შვილი იმ ადგილასაა, რომელსაც მშობელი მისაღებად მიიჩნევს.
  • ყველაზე ხშირად მშობლები შვილების ადგილმდებარეობას მაშინ ამოწმებენ, როდესაც ისინი გვიან ღამემდე რჩებიან გარეთ, უცნობ ადგილას იმყოფებიან ან ტაქსით გადაადგილდებიან.
  • გამოკითხულთა 95% ამბობს, რომ შვილის ადგილმდებარეობის ცოდნა მათ ეხმარება, რომ ნაკლებად ინერვიულონ. თუმცა 23% აღიარებს, რომ ზოგჯერ ლოკაციის შემოწმება პირიქით, მათ უფრო მეტად აშფოთებს.
  • მშობლების 96%-ის თქმით, მათმა შვილმა იცის, რომ მის ადგილმდებარეობას აკონტროლებენ. თუმცა მხოლოდ 54% ამბობს, რომ შვილს არჩევანი მისცა - დათანხმებულიყო თუ არა თვალყურის დევნებას.
  • განსხვავებულია დამოკიდებულებაც თავად კონტროლის მიმართ. იმ მშობლების 65%, რომლებიც ადგილმდებარეობას არ აკონტროლებენ, ფიქრობს, რომ ეს შვილის პირად სივრცეში შეჭრას ჰგავს. იმ მშობლებს შორის, რომლებიც ამ ფუნქციას იყენებენ, ასე მხოლოდ 16% ფიქრობს.
  • თვალყურის დევნება ხშირად ორმხრივიცაა - მშობლების 48% ამბობს, რომ მათი სრულწლოვანი შვილებიც ხედავენ მათ ადგილმდებარეობას.


მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარსა და გამოკითხვის თანაავტორს, სარა კლარკს, მიაჩნია, რომ ადგილმდებარეობის გაზიარება შეიძლება მშობლისთვის ერთგვარი „უსაფრთხოების ბადე“ იყოს, მაგალითად, გვიან ღამით გადაადგილებისას ან ტაქსით მგზავრობისას და ზოგ შემთხვევაში ეს უსაფრთხოებისთვის სასარგებლოც კი იყოს, თუმცა მთავარი ისაა, რა ხდება შემდეგ - თუკი მშობელი მხოლოდ იმას კი არ ამოწმებს, უსაფრთხოდაა თუ არა შვილი, არამედ იწყებს კითხვების დასმას - რატომ ხარ იქ? რატომ არ ხარ უნივერსიტეტში? ან სამსახურში? ამგვარი აპლიკაციები უკვე კონტროლის საშუალებად იქცევა ოჯახის წევრის ხელში, რომელსაც სხვა ადამიანის ცხოვრების მიკრომართვისთვის იყენებს.