21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა 10 სექტემბერით თარიღდება - დემონტაჟის რეკომენდაცია ეკუთვნის ექსპერტს 2 წლიანი სტაჟით

18 სექტემბერს, 21-ე სკოლასთან მისი გადარჩენის მოთხოვნით აქცია გამართეს მოსწავლეებმა და მშობლებმა

მოკლედ

  • რადიო თავისუფლებამ მოიპოვა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომლის საფუძველზეც გადაწყდა თბილისში, 21-ე საჯარო სკოლის (ყოფილი გერმანული მეექვსე სკოლის) დემონტაჟი სასწავლო წლის დაწყებიდან მესამე დღეს.
  • ექსპერტიზის დასკვნა 2026 წლის 10 სექტემბრით თარიღდება - მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გადაებარა სკოლების რემონტი და მშენებლობა, ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით ბიუროს 2025 წლის 16 სექტემბერს მიმართა, ანუ გასული სასწავლო წლის დაწყებიდან მეორე დღეს.
  • საექსპერტო დასკვნას ხელს აწერს მხოლოდ ერთი ექსპერტი,მუშაობის 2 წლიანი სტაჟი.
21-ე სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან სკოლის დემონტაჟის და მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის იდეას წინააღმდეგობა და პროტესტი მოჰყვა - 18 სექტემბერს სკოლასთან აქცია გაიმართა. ცნობა იმის შესახებ, რომ სკოლაში სწავლა უნდა შემწყდარიყო, სკოლის დირექციამ 17 სექტემბერს, გვიან საღამოს გაავრცელა.

"შენობის კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე შენობა მიეკუთვნება IV კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, ამიტომ მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და რეკომენდირებულია სათანადო სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე მოხდეს სკოლის შენობის სრული დემონტაჟი" - წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც სასწავლო წლის დაწყებამდეა მომზადებული. ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ექსპერტმა სკოლა ვიზუალურად 2025 წლის 10 დეკემბერს დაათვალიერა.

ექსპერტი ოთხსართულიანი ნაგებობის დაზიანებებს შემდეგნაირად აღწერს:

"ფასადებზე ფრაგმენტულად აშრევებულია და ჩამოცვენილია ნალესი, ხოლო ზოგიერთ მონაკვეთში აღნიშნნულიხარვეზი არსებითად საფრთხის შემცველია ფეხით მოსიარულეთათვის, რადგან ფასადებზე შეიმჩნევა ბათქაშის დიდი მოცცულობის აშრევე მონაკვეთები და არსებობს მათი უეცარი ჩამოშლის რისკი"

"ფასადებზე მოწყობილი წყალდამშვები (ჟოლობები) უმეტესწილად გაუმართავია, რის გამოც ატმოსფერული ნალექების ჩამოდინება ხორციელდება მიმდებარე კედლებზე და დაზიანებულია ფასადის მოპირკეთება, ასევე ცალკეულ ადგილ გამოფიტულია კედლების რკინა-ბეტონის მსხვილი ბლოკები, რომლებიც საჭიროებენ ლოკალურ გამაგრებას"

"არსებულ რკინა-ბეტონის ბლოკების შეუღლების მონაკვეთებში, ძირითადად ფანჯრების რაფისქვედა მონაკვეთებში წარმოქმნილია დახრილი და ვერტიკალური მიმართულ ულების ბეწვისებური ბზარები"

"შენობაზე ზოგიერთი ფანჯარა სავარაუდოდ ამოშენებულია მოგვიანებით, რომელ ადგილებშიც წარმოქმნილია ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბეწვისებური ბზარები, რაც ღიობის ამოშენებული კედლების შენობის დანარჩენ კედლებთან არაჯეროვანი დაკავშირების შედეგია"

"უკანა ფასადის მხარეს, შენობის ერთ-ერთი ძირითადი სასწავლო ნაკვეთურისა და სპორტული დარბაზის ნაკვეთურს შორის არსებული სივრცე დაუსრულებელია და დატოვებულია ღია მდგომარეობაში, რის გამოც ნაკვეთურებს შორის ხდება ატმოსფერულ ატმოსფერული წალექების ჩამოდინება და აღნიშნული ადგილი სასაჭიროებს სათანადოდ შევსებას შესაბამისი კონსტრუქციით (მაგალითად კედლის ამოშენებით)."

"უკანა ფასადის მხარეს მოწყობილი ლითონის გარე კიბის კონსტრუქციებზე შესამჩნევია მცირე კოროზია. საჭიროა გასუფთავდეს კოროზიისაგან კიბის კონონსტრუქციები და დაიფაროს ხელახლა საღებავით."

"შიდა კედლებზე და ტიხრებზე, ასევე ტიხრების შეუღლების მონაკვეთებში წარმოქმნილია დახრილი მიმართულების ბეწვისებური ბზარები, რომლებსაც გააჩნიათ ლოკალური ხასიათი და ისინი საფრთხეს არ უქმნიან შენობის საერთო ტექექნიკურ მდგომარეობას"

სამხარაულის ექსპერტი აღნიშნავს იმასაც, რომ შენობაში გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ, რაც სარდაფში წყლის გაჟონვის შემდეგ გახდა საჭირო, შენობაში მდგომარეობა დასტაბილურებულია და აღარ პროგრესირებს. შემდგომ პერიოდში განვითარებული ნესტი სარდაფში ჟოლობების გაუმართაობით არის ახსნილი.

"სახურავზე მოწყობილ პარაპეტს არ გააჩნია რკინა-ბეტონის ანტისეისმური სარტყელი, რაც მიწისძვრის შემთხვევაში პარაპეტის ჩამოშლის რისკს ზრდის და მოქმედი ნორმებით დაუშვებელია" - წერს ექსპერტი და იქვე უთითებს, რომ მოქმედ სეისმურ ნორმებთან შეუსაბამოა ასევე შენობის შიდა ტიხრების ამოყვანა სიკულატური აგურით.

ექსპერტი დასკვნის გასამაგრებლად იხმობს ორ მოქმედ ნორმას:

  • სკოლის დერეფნებში განივ კედლებს შორის არსებული მანძილების დასაშვები მანძილი 8 ბალიან სეისმურ ზონაში მაქსიმალური 9 მეტრია [ექსპერტიზის დასკვნით სკოლაში ეს მანძილები დასაშვებზე მეტია];
  • ბავშვთა და სასკოლო დაწესებულებების სართულიანობა არ უნდა აღემატებოდეს 3 მიწისზედა სართულს - 21-ე სკოლის შენობა კი ოთხსართულიანი ნაგებობაა სარდაფით.


საერთო ჯამში შესაძლებელია ითქვას, რომ შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და იგი საჭიროებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას ჩამოთვლილი დაზიანებებისა და ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

არსებული დაზიანებები დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით II-III ხარისხის ფარგლებშია, რაც გამოწვეულია შენობის ტექნიკური მოუვლელობით და ფუძე-საძირკვლის არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციით.

აღნიშნული დაზიანებების ინტენსიურობიდან გამომდინარე შენობა მიეკუთვნება III კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, თუმცა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 22 აპრილის №161 დადგენილების მუხლი 2; პუნქტი 2-ის შესაბამისად შენობას ენიჭება ვარგისიანობის IV კატეგორია, მისი კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს, რომ შენობის აღდგენა-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება არარენტაბელურია და მიზანშეწონილია მოხდეს მისი დემონტაჟი, შესაბამისი სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე" - ესაა დასკვნის ბოლო ჩანაწერი.

ასევე ნახეთ

წლები ექსპერტიზის დასკვნის ლოდინში - როგორ მუშაობს “სამხარაული”

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და ასამდე მასწავლებელი მუშაობს.

21-ე სკოლის შენობის დემონტაჟის იდეას ფეისბუკზე ვრცელი პოსტით გამოეხმაურა ამ სკოლის ყოფილი დირექტორი ( 2014-2024 წლებში) თამარ ამზარაშვილი, რომელიც ამბობს, რომ სკოლის დლიგელების გადაბმის ადგილი მართლაც იყო დაზიანებული და საშიში, თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად 1999 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით "ჩატარდა ძალიან სერიოზული გასამაგრებელი სამუშაოები."

"სკოლის ინფრასტრუქტურა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ყველას გვახსოვს იატაკის ნაცვლად დაჭედებული მერხის ზედაპირები, სახურავიდან ჩამონადენი წყალი და ა.შ. სკოლამ, განათლების სამინისტროს სსიპ-ის ინფრასტრუქტურის სააგენტოს დახმარებით დაიწყო რემონტების მთელი ციკლი. ამ სააგენტოს მიერ ყველა ჯერზე ხდებოდა სკოლის ინფრასტრუქტურის შეფასება და პრიორიტეტის გამოყოფა დასკვნის საფუძველზე. რაც იმას ნიშნავს, რომ სააგენტოს სპეციალისტებმა შესანიშნავად იცოდნენ სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და შეფასების არც ერთ ეტაპზე არ უთქვამთ, რომ სკოლა ამორტიზებულია. პიირიქით, აღნიშნავდნენ მის მდგრადობას." - წერს დირექტორი და გამოყოფს პატარა საკლასო ოთახების პრობლემასაც, რომელიც მისივე თქმით, გასული საუკუნის მიწურულს არაერთი სხვა ქართული სკოლის პორბლემაც იყო, რადგან მაშინდელი ტენდენციის მიხედვით, ოთახებს ისე აპატარავებდნენ, რომ ერთისგან ორი კლასი გამოსულიყო.

"მე პირადად არაერთხელ მაქვს დაყენებული ეს საკითხი ყველა დონეზე. ვთხოვე ინფრასტრუქტრის სააგენტოსაც, იქნებ რემონტის დროს გაეთვალისწინებინათ მაგრამ ამიხსნეს, რომ ეს გაუთვალისწინებელ ორმაგ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და მაშინ ვერ შეძლებდნენ იმ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც სამოქმედო გეგმაში ქონდათ გაწერილი. რაც მოვახერხეთ იყო რამდენიმე ოთახის დემონტაჟი და სარეკრიაციო ზონის გაფართოება" - იხსენებს თამარ ამზაშვილი და საზოგადოებას ახსენებს, რომ 2023 წელს სკოლამ ერთ-ერთმა გაიარა განათლების სამინისტროს აკრედიტაციის პროცესი, რომლის ნაწილიც არის შენობის შემოწმება მის სიმყარესა და უსაფრთხოებაზე. აკრედიტაციისთვის მომზადებული დასკვნის მიხედვით, რომელზეც ასევე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უმუშავა, სკოლის შენობა იყო მდგრადი და უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულად აკმაყოფილებდა მოქმედ ნორმებს.


ასევე ნახეთ

სამშენებლო მოედნები სკოლების ეზოში - როგორ იწყება სასწავლო წელი ათასობით მოსწავლისთვის?