ადვოკატი: საფრანგეთში დააკავეს დათუნა მიქაძე, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული

ფოტოკოლაჟი: ლევან ჯანგველაძე და დავით მიქაძე

საფრანგეთში დააკავეს დავით (დათუნა) მიქაძე, რომელსაც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის საქართველოში უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი - ინფორმაციას ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს.

რადიო თავისუფლება ინფორმაციის გადამოწმებას სხვა წყაროებთან, მათ შორის მიქაძეების ადვოკატებთან ცდილობს.

ვინ არის დათუნა მიქაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 6 მაისს ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებისთვის უვადო პატიმრობა მიუსაჯა ძმებს, დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს.

ასევე ნახეთ

ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკა

დათუნა მიქაძე სასამართლო პროცესის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. ამავე საქმეზე საქართველოში პატიმრობაში იმყოფება მისი ძმა გიორგი მიქაძე.

სამივე მსჯავრდებული ბრალდებას უარყოფს.

ლევან ჯანგველაძე, ევროპაში მცხოვრები „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმა, 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ვაკეში მოკლეს.

მკვლელობის უშუალო შემსრულებლად სასამართლომ ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური ცნო და მასაც უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად ასევე ყოფილ მთავარ პროკურორს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს. მას ბრალი 2025 წლის 29 დეკემბერს წარუდგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. რუსეთში მცხოვრები ფარცხალაძე ბრალდებას უარყოფს.

დათუნა მიქაძეს 2025 წლის სექტემბერში დამატებით წარუდგინეს ბრალი ამავე საქმეზე დაკავებული სანდრო წივწივაძის ადვოკატისადმი მუქარის საქმეზეც.

ასევე ნახეთ

ბრალდების ვერსიით, ჯანგველაძის მკვლელობის ინიციატორი უსოიანი დასაკითხთა სიიდან ამორიცხეს

„ტვ პირველის“ ცნობით, „ქართული ოცნების“ მიერ მეექსვე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა ამ საქმეში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მსჯავრდადებული გიორგი კაჭკაჭაშვილი. მას მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ 2026 წლის 7 მაისს მიუსაჯა 10 წლით პატიმრობა.