ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებით, არჩევნებზე წინასწარმა აქტივობამ 56,66% შეადგინა.
ცესკოს თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ ბიულეტენების 13,9%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული პირველი მონაცემები გაახმოვანა. მისი თქმით, ლიდერობს „ერთიანი რუსეთი“ (Единая Россия), რომელმაც ყველა ხმის 57,54% მოაგროვა.
მას მოსდევს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია (КПРФ) 13,67%-ით. რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას (ЛДПР) ხმა მისცა ამომრჩეველთა 9,2%-მა, „ახალ ხალხს“ (Новые люди) — 7,96%-მა, ხოლო „სამართლიან რუსეთს“ (Справедливая Россия) — 5,16%-მა. დანარჩენმა ხუთმა პარტიამ, რომლებიც კენჭს იყრიდნენ, ხმების 5%-ზე ნაკლები მოაგროვა და ახალი მოწვევის სახელმწიფო დუმაში წარმოდგენილი არ იქნებიან.
ეს ციფრები ოდნავ განსხვავდება ეგზიტპოლების შედეგებისგან. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის სრულიად რუსეთის ცენტრმა (ВЦИОМ), რომელიც გამოკითხვებს რუსეთის 69 რეგიონის 1755 საარჩევნო უბნის გამოსასვლელთან ატარებდა, განაცხადა, რომ „ერთიან რუსეთს“ აქვს ხმების 49,4%, კომუნისტებს — 14,2%, ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას - 10,7%, „ახალ ხალხს“ 9,7%, ხოლო „სამართლიანმა რუსეთს“ — 6,6%.
უცხოეთში არსებულ საარჩევნო უბნებზე ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, რომლებსაც მოძრაობების — „პროგრესისა“ (Прогресс) და „გაზაფხულის“ (Весна) დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფები ატარებდნენ, საზღვარგარეთ მცხოვრები რუსების ყველაზე მეტი ხმა პარტია „ახალმა ხალხმა“ მოაგროვა. ნიდერლანდებში მას აქვს ხმების 57%, სერბეთში — 63%, გერმანიაში — 37%, ჩეხეთში — 49%, საფრანგეთში — 39%, პოლონეთში — 50%.
არჩევნებს თან სდევდა ცნობები შეფერხებებისა და დარღვევების შესახებ. მოსკოვში, 20 სექტემბერს, დღისით, რამდენიმე უბანზე ტექნიკური შეფერხების საბაბით ამომრჩევლებისთვის ქაღალდის ბიულეტენების გაცემა შეწყვიტეს, ამომრჩევლებს სთავაზობდნენ დალოდებას ან ელექტრონულად ხმის მიცემას.
მრავალი რეგიონიდან შემოდიოდა ცნობები უბნებზე დამკვირვებლების არდაშვებისა და დაკავების შესახებ.
ცესკო ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის წინასწარ შედეგებს 21 სექტემბრის დილას გამოაცხადებს.
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები დასრულდა
საარჩევენო უბანზე სოჭში. 20 სექტემბერი, 2026 წელი
რუსეთში დასრულდა საპარლამენტო - სახელმწიფო დუმის არჩევნები, რომელიც სამი დღის განმავლობაში 18-დან 20 სექტემბრამდე მიმდინარეობდა.