მოკლედ
- 2026 წლის ივლისის ბოლოს, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში 14 წლის გოგო ოჯახის ახლობელმა გააუპატიურა.
- კაცი, რომელმაც მიმალვა სცადა, მეორე დღეს დააკავეს.
- მას ახლა 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
- ამ ამბის შემდეგ მოზარდი საცხოვრებელ ადგილს გაარიდეს და ის ახლა სხვა ქალაქში ცხოვრობს.
“მოძალადე” - სახლში
14 წლის ბავშვზე კაცმა სექსუალურად პირველად გაზაფხულზე იძალადა.
ეს ამბავი გოგოს არავისთვის უთქვამს. ივლისში კი, როცა მასთან სახლში სტუმრად მისულმა ნათესავმა იგივე გაიმეორა, ბავშვმა მომხდარი დედას გაანდო და შველა სთხოვა - გოგოს ფიზიკური ტკივილები ჰქონდა, რადგან გაუპატიურებას წინ ცემაც უძღოდა.
დედამ, რომელიც იმ დროს შვილის გვერდით არ იყო, პოლიციაში დარეკა და გამოძიებაც ასე დაიწყო.
კაცი, რომელმაც მიმალვა სცადა, მეორე დღეს დააკავეს და მას ახლა 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება - სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ბრალდებული პატიმრობაშია, თუმცა საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა.
მოზარდი თავიდან მშობლიურ რაიონს გაარიდეს. ის დროებით სხვა ქალაქში ცხოვრობდა, თუმცა შემდეგ ისევ მოუწია თავის რაიონში დაბრუნება.
“ძალადობაგამოვლილმა ამ ასაკის გოგოებმა არასოდეს იციან, წინ რა პროცესი ელით”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია ნასრაშვილი, ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, “კივიტას გეორგიკას” პრეზიდენტი.
საგამოძიებო ეტაპიც და სასამართლო სხდომებიც სავსეა დაბრკოლებებით, რასაც თან სდევს ღირსების შელახვა, დაცინვა, დადანაშაულება და როგორც წესი, რეტრავმირება.
14 წლის გოგოს გაუპატიურების ამბავი რომ არ გახმაურებულიყო და “კივიტას გეორგიკამდე” არ მისულიყო, დიდი ალბათობით, მასაც ჩვეულებრივ პოლიციაში დაჰკითხავდნენ, თან არაერთხელ; შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანდნენ და ამას მსხვერპლები ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოცდილებად იხსენებენ.
“სოციალურმა მუშაკმა ამ მუნიციპალიტეტიდან არც ის იცოდა, რომ არსებობდა კრიზისული ცენტრი, სადაც ბავშვისთვის დახმარების გაწევა შეეძლოთ, არც ის, რომ სახელმწიფოსთვის სამედიცინო შემოწმებისთვის თანხის მოთხოვნის უფლებაც ჰქონდა. არც თბილისში მდებარე “ბარნაჰუსის ცენტრის" შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, სადაც ძალადობაგამოვლილი ადამიანების გამოკითხვა შესაძლებელია ბავშვზე ორიენტირებულ გარემოში”, - ეუბნება მაია ნასრაშვილი რადიო თავისუფლებას.
გოგონამ მომხდარი დედას გაანდო. დედამ, რომელიც იმ დროს შვილის გვერდით არ იყო, პოლიციაში დარეკა და გამოძიებაც ასე დაიწყო.
სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრი (“ბარნაჰუსის ცენტრი”) საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით აამოქმედა ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტომ. ეს ცენტრი მიზნად ისახავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვას ხელახალი ტრავმირებისგან და საგამოძიებო და სარეაბილიტაციო პროგრამების ერთ სივრცეში მოქცევას. ის „ბარნაჰუსის“ ცნობილ მოდელს ეფუძნება, რომელიც 1998 წელს ისლანდიაში წარმოიშვა და რომლის შესაბამისი მოდელები შემდეგ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში გავრცელდა. ეს ცენტრი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში არსებობს - საქართველოს მთავრობამ 2024 წლის დასასრულისთვის აიღო მეორე ამგვარი ცენტრის გახსნის ვალდებულება ქუთაისში, თუმცა ამ დრომდე ეს ცენტრი იქ არ გახსნილა.
- 2023 წელს ცენტრში მოხვდა 95 არასრულწლოვანი სავარაუდო მსხვერპლი/მსხვერპლი/დაზარალებული,
- 2024 წელს - 98,
- ხოლო 2025 წელს - 112.
ბავშვთა უფლებების დამცველებმა კატეგორიულად მოითხოვეს, რომ მოზარდი თბილისში, “ბარნაჰუსის ცენტრში”, წაეყვანათ.
“მხოლოდ ამის შემდეგ გადმოიყვანეს ბავშვი პოლიციის თანხლებით თბილისში, პოლიციის მანქანით, თუმცა, მისი დაზიანებების გათვალისწინებით, ის სამედიცინო ავტომობილს უნდა გადმოეყვანა. გზაზე მას არ ახლდა არც უფლებადამცველი, არც იურისტი”, - ამბობს მაია ნასრაშვილი.
ამ ცენტრში ძალადობის მსხვერპლთა მხოლოდ მცირე ნაწილი ხვდება. უმეტესობა, და გაუპატიურების რიცხვი საქართველოში მზარდია, ვინც თბილისს გარეთ ცხოვრობს, ამ სერვისს ვერ იღებს.
2025 წლის ივნისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით, პროკურატურამ სქესობრივ დანაშაულში დაზარალებულად ცნო 250-მდე ბავშვი. აქედან გაუპატიურების მსხვერპლი იყო 38 მოზარდი.
ასევე ნახეთ
სექსუალური ძალადობის 285 მსხვერპლი ბავშვი - როგორ ძალადობენ მამები, პაპები, ბიძები და სხვებიბავშვთა უფლებების დამცველების თქმით, მსხვერპლების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის სერვისები, არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების შეჩერების შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. არადა, ერთ-ერთი ყველაზე დაფარული დანაშაულის - გაუპატიურებების - რიცხვი, როგორც წესი, ათჯერ აღემატება ოფიციალურ სტატისტიკას.
“არც ეს გოგო გაამჟღავნებდა მომხდარს, ფიზიკურად რომ არ ყოფილიყო ძალიან ცუდად. შეშინებული მსხვერპლები სხვაგანაც იქცევიან ასე, უბრალოდ, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან საერთოდ არაფერი კეთდება იმისთვის, რომ მსხვერპლმა ეს ამბავი არ დამალოს”, - ამბობს მაია ნასრაშვილი.
ასევე ნახეთ
სექსუალური ძალადობა ბავშვებზე: ყველაზე დაფარული დანაშაულიგაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში ბავშვს უძილობა დაეწყო. ფსიქიატრთან ვიზიტის შემდეგ (თბილისში წამოყვანამდე), ის საერთოდ გაჩუმდა და აღარაფერს ჰყვებოდა.
რადგან გოგონა თავიდანვე კრიზისულ ცენტრში არ მიიყვანეს, საიდანაც ოჯახს ჯანდაცვის სამინისტროსთვის ათასი ლარის სამედიცინო დახმარების მოთხოვნა შეეძლო, მოზარდი სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე სამედიცინო შემოწმების გარეშეც რჩებოდა, რომ არა ისევ ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია.
„რაღაცნაირად მოვახერხეთ ეს ერთჯერადი დახმარება აღმოგვეჩინა, თუმცა ეს გამონაკლისი შემთხვევაა. როგორც წესი, ასეთ მსხვერპლებს სამი თვის მერეც სჭირდებათ სკრინინგი, თუმცა ამაზეც არ არის ნაფიქრი”.
რადიო თავისუფლება ესაუბრა ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ გოგონას ყველა საჭირო დახმარება აღმოუჩინეს და რომ ის მათი ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშაა.
ასევე ნახეთ
არ გიცდია, დაგეყვირა? - ქართული მართლმსაჯულება ბავშვზე სექსუალური ძალადობის გამოძიებისასშემდეგ ეტაპი გამოძიებაა - ეს ნიშნავს გამომძიებლებთან, პროკურატურასთან და სასამართლოსთან შეხებას, რაც მსხვერპლებისათვის იმდენად მტკივნეულია, რომ უამრავი ადამიანი ამ ბრძოლაში ნებდება და უარს ამბობს პროცესის გაგრძელებაზე, - ეუბნება ორგანიზაცია “საფარის” ადვოკატი მარი ვარამაშვილი რადიო თავისუფლებას.
“იქ ხომ არ მეჩხუბებიან? უკითხავს გაუპატიურების ერთ-ერთ მსხვერპლს სასამართლოს წინ”.
“თითქოს ხელახლა გამაუპატიურეს”
სახალხო დამცველის ჯერ კიდევ 2020 წლის ანგარიშში წერია, რომ უმეტეს შემთხვევაში, ქალები სექსუალური ძალადობის საქმეების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო განხილვის დროს არ არიან დაცული ხელმეორედ ვიქტიმიზაციისგან.
ეს თქვენი პირველი სქესობრივი აქტია? განიცდიდით სიამოვნებას? - ეკითხებოდნენ გამომძიებლები სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს.
ბიჭები თუ აჰყავდა სახლში? - ამ კითხვას კი მოწმეებს უსვამდნენ მსხვერპლის შესახებ.
რა გეცვათ? - ეს კითხვაც ხშირად ისმოდა, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, მსხვერპლის „მორალური მხარის’’ გამოკვლევას ემსახურება და ჩადენილ დანაშაულს არ უკავშირდება.
გაუპატიურების მსხვერპლებს გადატანილ ტრავმაზე მოყოლა რამდენჯერმე უწევდათ - ზოგიერთ საქმეში კი მსხვერპლი ოთხჯერ დაკითხეს.
არცერთ შემთხვევაში მათ გამოძიებისთვის ახალი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.
“ერთი შემთხვევა გვქონდა, ოთხი წლის ბავშვი მთელი დღის განმავლობაში, ღამის საათებამდე ჰყავდათ დაკითხვაზე. ბოლოს იმდენად ანერვიულდა, რომ ბავშვმა საერთოდ შეწყვიტა საუბარი. არათუ გამოკითხვა არ შედგა, ბოლოს ბავშვს თერაპია დასჭირდა”, - იხსენებს ერთ ასეთ შემთხვევას თავისი გამოცდილებიდან მარი ვარამაშვილი.
სასამართლო პროცესზე მსხვერპლებს ბრალდებულთა ადვოკატებიც დამაკნინებლად და შეურაცხმყოფლად ექცევიან.
„როგორ იგრძენი, რომ ბრალდებულმა დაასრულა აქტი და განიცადა ორგაზმი?“
„გყავს თუ არა პარტნიორი?“
„რატომ დაშორდი ქმარს?“
„რამდენად ინტენსიური სექსი გქონდათ მეუღლესთან?“
„ფრიგიდული ხომ არ ხართ?“
„რამდენად ახალგაზრდა მეგობარი მამაკაცი გყავთ?“
„ხართ თუ არა ქალიშვილი?“
„რამდენად მამაკაცური იყო მეუღლე?“, - ეკითხებოდნენ ქალებს, რომლებმაც სექსუალური ძალადობა გამოიარეს.
ამას ემატებოდა გაუპატიურებული ქალების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ტრავმული პროცედურა - ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი ამ პროცესს “ხელახლა გაუპატიურებად” ახასიათებდა.
უხერხული კითხვებისგან არც მოზარდები არ არიან დაცული.
ეს რეალობა დღემდე უცვლელია.
ასევე ნახეთ
"არავითარი ტანჯვა მაგას არ განუცდია" - 9 წლის ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში მსჯავრდებული მოზარდის ხელახალ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვსმარი ვარამაშვილს ხშირად უწევს სექსუალური ძალადობაგამოვლილი, მათ შორის, გაუპატიურებული ქალების და მოზარდების უფლებების დაცვა. მისი მონათხრობით, ბავშვებმა, როგორც წესი, არაფერი იციან, რა პროცესის გავლა მოუწევთ მართლმსაჯულებისთვის ბრძოლის გზაზე - ისინი მოულოდნელად ხვდებიან უცნობ და მტკივნეულ რეალობაში.
პირველი სტრესი პოლიციასთან შეხებაა.
საპოლიციო ოთახი, რომელიც ხშირად “იზოლირებულიც კი არ არის”.
გამოკითხვის ოქმები კი, როგორც მარი იხსენებს, სავსეა უხეში ტერმინოლოგიით.
“როცა მცირეწლოვან ბავშვს გამომძიებელი ამ ენით ელაპარაკება, ის ვერ მიიღებს საჭირო ინფორმაციას. ხშირად მოზარდსაც კი არ ესმის რას ნიშნავს, მაგალითად, “პენეტრაცია”. ხანდახან გაუპატიურების მსხვერპლმა, განსაკუთრებით თუ ის მცირეწლოვანია, ისიც კი არ იცის, რა ხდებოდა მის თავს… არც მიმანიშნებელი კითხვების დასმაა აუცილებელი. არ შეიძლება ბავშვს მიაწოდო კონკრეტული ვერსია, რადგან გამორიცხული არ არის, ამ ვერსიაზე ააგოს მთელი ამბავი”, - გვეუბნება ადვოკატი.
ხანდახან, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს საერთოდ არ უნდათ, მათ გამოკითხვას დედა, მამა და ოჯახის წვერი დაესწროს, თუმცა, რადგან ბავშვების გამოკითხვის პროცესს მსხვერპლის კანონიერი წარმომადგენელი უნდა ესწრებოდეს, საგამოძიებო ორგანო, როგორც მარი ვარამაშვილი გვეუბნება, პროცესში პირდაპირ რთავს დედას ან მამას.
“ეს ბავშვებისთვის ისედაც ძალიან ტრავმულ პროცესს კიდევ უფრო ართულებს. შებოჭილები არიან. უჭირთ ლაპარაკი. თავს იდანაშაულებენ”.
სასამართლომდე გაუპატიურების მსხვერპლები იმდენად დაღლილი და იმედგაცრუებული მიდიან მათ მიმართ აგდებული დამოკიდებულების გამო, რომ იქ ბრძოლის გაგრძელება უჭირთ.
“იქ ხომ არ მეჩხუბებიან? უკითხავს გაუპატიურების ერთ-ერთ მსხვერპლს სასამართლოს წინ”, - იხსენებს მარი ვარამაშვილი, - სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლებისთვის მართლმსაჯულების აღსრულება უდიდესი პრობლემაა. წარმოუდგენელი თვითდესტრუქციის და თავგანწირვის ხარჯზე დგება თითოეული შედეგი”.
,,გამოკითხვის დროს უცნობები იმ ოთახში უნებართვოდ შედიოდნენ და გადიოდნენ. დროდადრო გამოკითხვა ამ მიზეზით წყდებოდა''...
“ხან ერთი შემოდის, ხან მეორე, ტელევიზორში უხამსი ხუმრობები ისმის”
“ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” ფსიქოლოგს, ელენე სამუშიას, ბოლო პერიოდში სექსუალური ძალადობის სამ მსხვერპლთან მოუწია მუშაობა.
“ყოველ ჯერზე ვაწყდებით ამ პრობლემას [იგულისხმება მეორადი ტრავმატიზაცია - რ.თ.] სამართალდამცველების მხრიდან - ეს ცოდნა, როგორ ელაპარაკონ გაუპატიურების მსხვერპლებს, არსად ჩანს”.
ფსიქოლოგი გვიყვება, რომ გამოკითხვაზე მისული არასრულწლოვანები ნახევრად ღია სივრცეში აღმოჩნდნენ, სადაც მათ ხედავდნენ და ისინიც ხედავდნენ უცხოებს.
გამოკითხვის დროს უცნობები იმ ოთახში უნებართვოდ შედიოდნენ და გადიოდნენ. დროდადრო გამოკითხვა ამ მიზეზით წყდებოდა და მერე თავიდან იწყებდნენ. გვერდზე ტელევიზორი იყო ჩართული ხმამაღლა, საიდანაც კაცების უხამსი ხუმრობები ისმოდა.
“და წარმოიდგინეთ, შენ ამ დროს უნდა მოყვე, როგორ გაგაუპატიურეს”, - გვეუბნება ელენე სამუშია.
ბარნაჰუსის მოდელის მიხედვით, ბავშვის გამოკითხვის ოთახი უნდა იყოს ფართო, თუმცა არც ზედმეტად დიდი. ჭერი არ უნდა იყოს ზედმეტად მაღალი. ოთახი უნდა იყოს გაწყობილი სხვადასხვა ზომის ავეჯით, სადაც თავი კომფორტულად სხვადასხვა ასაკის ბავშვებმა უნდა იგრძნონ. ხმაგაუმტარი ოთახი უნდა იყოს ნათელი, ბუნებრივი სინათლის წყაროთი. არ უნდა იყოს მტვრევადი, ბასრპირიანი ნივთები და საგნები. თუ ოთახში ფარული კამერა დგას, საუბრის დაწყებამდე ბავშვს უნდა აუხსნან, რომ მისი საუბარი იწერება.
ასე გამოიყურება გამოკითხვის ერთ-ერთი ოთახი ბარნაჰუსში, ტრომსო, ნორვეგია (წყარო: statensbarnehus.no).
ფსიქოლოგი გვიყვება, რომ, როგორც წესი, საქართველოში დაკითხვის პროცესში კაცი გამომძიებლები მონაწილეობენ - გაუპატიურების მსხვერპლი გოგონებისთვის ეს ორმაგი სტრესია.
“დადანაშაულების შიშისგან დაძაბულებს არ უნდა ჰკითხო, მაგ დროს რა გინდოდა გარეთ? რამე გქონდა მოწეული? ეს საკმარისია, რომ უნდობლობა გაჩნდეს. მოზარდები ამბობდნენ, რომ მათ აშინებდათ პოლიციელების ცინიკური ტემბრი, დამცინავი რეპლიკები და დაძალების მცდელობაც, კარგად გაეხსენებინათ ყველაფერი”.
ელენე სამუშია ამბობს, რომ ყველა ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, ბავშვს მუდმივად უმეორონ:
“შენ არ ხარ დამნაშავე”.
ფსიქოლოგი ასევე იხსენებს, რომ ამ სამი გაუპატიურების არცერთ შემთხვევაში ოჯახი გოგონების მხარეს არ ყოფილა.
14 წლის გოგოს, რომელიც ივლისის ბოლოს საკუთარი ოჯახის ახლობელმა გააუპატიურა, უფრო გაუმართლა - ის მარტო არ დატოვეს.
ბავშვთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ ეს ყველაზე დაფარული დანაშაულია და რომ მისი რიცხვი სინამდვილეში ათჯერ უფრო მეტია.
რას გვეუბნება პროკურატურა: ვინ და როგორ მუშაობს სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ ბავშვებთან
საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულები პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და როგორც უწყებაში გვითხრეს, პროკურატურა მაქსიმალურად ითვალისწინებს ბავშვის ინტერესებს:
“სამართალწარმოება ბავშვზე მორგებული მიდგომებით, არამატრავმირებელი ფორმით ხორციელდება”, - გვიპასუხეს უწყებაში.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, რამდენად კვალიფიციური ადამიანები მუშაობენ სქესობრივი დანაშაულის არასრულწლოვან მსხვერპლებთან, პროკურატურაში გვიპასუხეს, რომ ეს საქმე მინდობილი აქვთ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პროკურორებს, რომლებმაც დამატებით გაიარეს სპეციალიზაციის კურსი სქესობრივ დანაშაულებში.
ეს სპეციალიზაცია პროკურატურამ 2021 წლიდან დანერგა და დღეს სქესობრივ დანაშაულებში სპეციალიზაციის კურსი გავლილი აქვს 132 პროკურორს, პროკურატურის 27 გამომძიებელს, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის ყველა კოორდინატორს და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფ 46 ადამიანს.
პროკურატურის პოზიციაა, რომ სქესობრივ დანაშაულებზე მართლმსაჯულების პროცესი - გამოძიება და საქმის სასამართლოში განხილვა - მაქსიმალურად არასრულწლოვანის მხარდამჭერია და ამ პროცესში პროკურორი ხელმძღვანელობს მხოლოდ “დაზარალებული არასრულწლოვნის ინტერესებით და საუკეთესო საერთაშორისო მიდგომებით”.
“გამოძიების მიმდინარეობისას, იმისათვის, რომ ბავშვმა გამოძიებას სრულყოფილად და თავისუფლად მიაწოდოს ინფორმაცია მომხდარი დანაშაულის შესახებ, წინასწარ ფასდება ბავშვის მზაობა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. წინასწარვე შეირჩევა ბავშვისთვის უსაფრთხო და დაცული გარემო, ბავშვთან კომუნიკაცია წარიმართება არამატრავმირებელი ფორმით, ხოლო გამოკითხვის პროცესში ბავშვისთვის კითხვების დასმა მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად ხდება.
ბავშვის სასამართლოში დაკითხვისას განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროკურორის როლი, რომელიც კოორდინატორის დახმარებით წინასწარ ემოციურად ამზადებს მას სასამართლო პროცესისთვის, დაკითხვის პროცესს წარმართავს მაქსიმალურად დამზოგველი, არამატრამვირებელი ფორმით და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას”, - ასე უპასუხეს ჩვენს კითხვებს საქართველოს პროკურატურაში.
მათივე თქმით, იმისთვის, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ბავშვები მეორეული ვიქტიმიზაციისგან დაიცვან, პროცესში რთავენ დაზარალებულის კოორდინატორს, რომლის მოვალეობა ბავშვის ემოციური სტაბილურობაა - ის ისმენს, რა სჭირდება ბავშვს, დეტალურად უხსნის სამართალწარმოების პროცედურებს და არასრულწლოვანი დაზარალებულის სურვილის შემთხვევაში, ესწრება კიდევ ბავშვის მონაწილეობით ჩასატარებელ ნებისმიერ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას.
პროკურატურაში ამბობენ, რომ არასრულწლოვანთა გაუპატიურების ჩამდენ პირთა მიმართ საგამოძიებო უწყების მიდგომა უმკაცრესია და მომავალშიც ასე იქნება.