უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ დღეს, 23 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მიერ უკრაინისთვის 21 სექტემბერს გადაცემული კაცი ეჭვმიტანილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობასა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრებს გარეთ სამხედრო ვალდებულთა უკანონოდ გაყვანის ორგანიზებაში.
გამოძიების ვერსია
უკრაინის პროკურატურის გამოძიების თანახმად, დანაშაულებრივმა ჯგუფმა 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით უკრაინიდან უკანონოდ გაიყვანა სამხედრო სამსახურის ვალდებულების მქონე 40-მდე მამაკაცი. თითოეულისგან აიღეს 1400-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულის გამოაშკარავების შემდეგ ეჭვმიტანილმა (საქართველოდან ექსტრადირებულმა) უკრაინა დატოვა და მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.
ეჭვმიტანილი საქართველოს სამართალდამცავმა ორგნოებმა დააკავეს და საექსტრადიციო პროცედურების დასრულების შემდეგ უკრაინას გადასცეს. ადგილობრივმა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ნახეთ
უზენაესმა დასაშვებად ცნო მიხაილ ტიმოფეევის ექსტრადიცია რუსეთში - ადვოკატიუკრაინის გენერალური პროკურატურა არ აკონკრეტებს, როდის დააკავეს ძებნილი საქართველოს ტერიტორიაზე.
დამატებითი დეტალებისთვის რადიო თავისუფლებამ მიმართა საქართველოს პროკურატურას. მისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2026 წელს სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე მეათე ექსტრადიცია განხორციელდა ძებნილი პირების, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან უკრაინიდან სამხედრო ვალდებულთა უკანონოდ გაყვანაში. საქართველომდე უკრაინას ძებნილები გადასცეს პოლონეთმა, გერმანიამ, ჩეხეთმა, რუმინეთმა და მოლდოვამ.