გიორგი ფეიქრიშვილი - გამოძალვის საქმე
პროკურატურა გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავება.
გამოძიების ვერსიით:
- 17 სექტემბერს მან დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (დაახლოებით 122 580 ლარის) გადაცემა მოსთხოვა;
- თანხას ის თითქოს კრიპტოვალუტით ვაჭრობით მიღებული შემოსავლიდან საკუთარ წილად ითხოვდა;
- უარის შემთხვევაში დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გიორგი ფეიქრიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით წარუდგინეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დავით ფეიქრიშვილი - ხულიგნობის საქმე
დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის წევრს, ალექსანდრე ჩაფოძეს, პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება.
გამოძიების ვერსიით, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე:
- შუქნიშანთან გაჩერებული ავტომობილის მძღოლს დავით ფეიქრიშვილმა შეურაცხმყოფელი ფრაზებით გზის გათავისუფლება მოსთხოვა;
- შემდეგ ფეიქრიშვილმა და ჩაფოძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად იძალადეს;
- დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.
„აღნიშნული ქმედებით დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ შორის, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებისადმი გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა“, - ამბობს პროკურატურა.
გამოცემა „სანდო წყაროს” ინფორმაციით, ეს ინციდენტი 2 წლის წინ მოხდა, დაკავება კი მხოლოდ ახლა.
ფეიქრიშვილსა და ჩაფოძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებაში მითითებულია, რომ აღნიშნული მუხლი 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა კანონით ასევე გათვალისწინებულია უფრო მსუბუქი სასჯელები: ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ან გამასწორებელი სამუშაო.
სამივე ბრალდებულისთვის პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.
ფეიქრიშვილების დაკავება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი“ ძმები ფეიქრიშვილების, ასევე ალექსანდრე ჩაფოძის დაკავების შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს გაავრცელა.
შსს აცხადებდა, რომ:
- დავით ფეიქრიშვილმა და მისმა პირადმა დაცვამ ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცზე ჯგუფურად იძალადეს;
- ისინი თავდაპირველად ჯგუფური ძალადობის მუხლით დააკავეს, რაც ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;
- გიორგი ფეიქრიშვილი კი შსს-მ გამოძალვის ფაქტზე დააკავა. უწყების ვერსიით, მან მოქალაქე თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიიყვანა და ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვა, უარის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
„არ ცნობენ თავს დამნაშავედ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 22 სექტემბერს მათმა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.
ასევე ნახეთ
ვინ არიან და რატომ დააკავეს ძმები ფეიქრიშვილებივინ არიან ფეიქრიშვილები
გიორგი და დავით ფეიქრიშვილების სახელები წარსულში არაერთი გახმაურებული საქმისთვის დაუკავშირებიათ როგორც საგამოძიებო უწყებებს, ისე მედიას.
ერთ-ერთი ასეთი იყო 2023 წელს ვაკეში მომხდარი 2 მილიონი ლარის ყაჩაღობის საქმე.
- 2023 წლის ოქტომბერში, თბილისის ცენტრში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, კრიპტო-სერვისცენტრ „ტონვექსიდან“ 2 მილიონი ლარი გაიტაცეს.
- მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძარცვის ორგანიზატორად დავით ფეიქრიშვილს ასახელებდნენ.
- ამ საქმეზე მათ ბრალიც წარუდგინეს და პირველი ინსტანციის სასამართლომ 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა;
- თუმცა, როგორც ადვოკატმა გიორგი ანთაძემ განუცხადა რადიო თავისუფლებას 22 სექტემბერს, - მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ ისინი გაამართლა.
2020: მკვლელობის გეგმა
2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში ძმები ფეიქრიშვილების „შეკვეთილი მკვლელობის მომზადება“ აღკვეთეს.
სუსის ინფორმაციით, ერთობლივი ოპერაციის შედეგად საქართველოში ექვსი, უკრაინაში კი ერთი ადამიანი დააკავეს.
უწყების ცნობით, თბილისში მცხოვრები ორი ადამიანის მკვლელობა სწორედ უკრაინაში იგეგმებოდა (სუსის განცხადებაში ისინი მხოლოდ ინიციალებით - გ.ფ. და დ.ფ. - იყვნენ მოხსენიებული).
პროკურატურაში ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის სავარაუდო დამკვეთად იმ დროს უკრაინაში მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს, ვატო ყიფიანს, ასახელებდნენ.
ასევე ნახეთ
ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათმოტივი - შურისძიება ჯოხაძის მკვლელობისთვის?
„ტვ პირველის“ ცნობით, შეკვეთილი მკვლელობის სავარაუდო მოტივი 2016 წელს ვაკეში კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მკვლელობას უკავშირდებოდა:
- სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის დაპატიმრებულია ბადრი („ბადუკა“) ნათობაძე - მან ჯოხაძე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილა;
- ძმებ ჯოხაძეებს ნათობაძესთან დაპირისპირების ხანგრძლივი ისტორია ჰქონდათ;
- მედიაში გავრცელებული ცნობებითვე, წარსულში მომხდარი ინციდენტისას ერთ-ერთ კაფეში „ჯოხაძეებმა ნათობაძეს ყური მოაჭრეს“, - ამ უკანასკნელის ადვოკატი „ყურზე დაზიანების კვალს“ ადასტურებდა.
- მედიის ცნობით, სოსო ჯოხაძის ახლო გარემოცვიდან იყო ვატო ყიფიანი, - რომელსაც ამ დაგეგმილი თავდასხმის უკან მოიაზრებდნენ.
- ყიფიანი ამ საქმეზე თბილისში დააკავეს კიდეც 2021 წლის 21 ივნისს, - უკრაინიდან მისი გაძევების შემდეგ, - და პატიმრობა შეუფარდეს. უცნობია საბოლოო განაჩენი.
- მოგვიანებით, 2021 წლის 16 ნოემბერს, კიევში ჩაცხრილეს ჯოხაძეების გარემოცვის წევრი, ირაკლი მალანია. მალანია მიყენებული დაზიანებების შედეგად 26 ნოემბერს კლინიკაში გარდაიცვალა.
- ამ საქმეზე დააკავეს გიორგი არუთინოვი, - რომელსაც მედიაში „ფეიქრიშვილების გარემოცვის წევრად“ მოიხსენიებდნენ.
სოსო ჯოხაძის ძმას, გიორგი ჯოხაძეს კი ამჟამად უვადო პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისა და შეკვეთის ბრალდებით, - ის ბრალს უარყოფს და საზღვარგარეთ მიმალვაშია.
ასევე ნახეთ
ჯანგველაძის მკვლელობა: კრიმინალური ომები, ბიზნესი და პოლიტიკაგიორგი ჯოხაძე, პროკურატურის ვერსიით, დავით და გიორგი მიქაძეების გარემოცვის წევრია, - რომლებიც, თავის მხრივ, აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მეგობრები არიან.
შეკითხვაზე, თუ რას ფიქრობენ ძმები მათი მკვლელობის მცდელობაზე, რაც სუსმა აღკვეთა, ადვოკატი ახლა ამბობს, რომ ამ საკითხზე [სუსის გამოძიებაზე] ძმებს პოზიცია ვერ ექნებოდათ - პოზიცია „პროკურატურას უნდა ჩამოეყალიბებინა“.