სი ძინპინი აშშ-ში ჩავიდა. დონალდ ტრამპი მას პირადად დახვდა ენდრიუსის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე

ჩინეთის ლიდერ სი ძინპინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. დახვედრის ცერემონია. 2026 წლის 23 სექტემბერი. მერილენდის შტატი, აშშ

23 სექტემბერს ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი ვაშინგტონში ჩავიდა სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით. აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ჩინეთის ლიდერსა და მის მეუღლეს მერილენდში მდებარე ენდრიუსის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე (Joint Base Andrews) დახვდნენ.

დახვედრის ცერემონია ჩვეული პროტოკოლის მიხედვით წარიმართა. მთლიანობაში ის დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. სამხედრო ბენდმა შეასრულა ორი ქვეყნის ჰიმნები. ჩინეთის ჰიმნის შესრულებისას გაისმა მისასალმებელი ზალპების ხმა და ლიდერების თავზე გადაიფრინა B-1 ტიპის ბომბდამშენმა. ცერემონიის დასრულების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ სტუმრები ბაზიდან გააცილეს და თავად ცალკე მანქანით დატოვეს ადგილი.

ორი ლიდერის შეხვედრები 24 სექტემბერს არის დაგეგმილი, სხვადასხვა ფორმატში.

ასევე ნახეთ

ტრამპი „ხელოვნური ინტელექტის ძალების“ შექმნას აანონსებს

ბიბისი წერს, რომ დიდი მოლოდინები სი ძინპინის აშშ-ში ვიზიტის მიმართ არ არის. ორ მხარეს შორის არის არაერთი პრობლემური საკითხი. დღის წესრიგზე ინფორმირებულმა წყაროებმა მედიას უთხრეს, რომ ჩინეთის ლიდერი აპირებს წამოჭრას ტაივანის თემა, რომლისთვის თავის არიდებაც ერჩივნა ვაშინგტონს, დონალდ ტრამპი კი აპირებს წამოჭრას აშშ-ის ექსპორტზე მკაცრი კონტროლის საკითხი. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ხუთშაბათის მოლაპარაკებების შემდეგ შესაძლოა მიღწეულ იქნას გარიგებები ცალკეულ განსაკუთრებულ სექტორებში ტარიფების დაწევაზე, ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობასა და სამხედრო უწყებებს შორის დიალოგის გაფართოებაზე. არის მოლოდინი, რომ ლიდერები იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ბიბისის ცნობით, ტრამპს სურს რამდენიმე ამერიკელისა და სხვათა დახსნა ჩინეთში პატიმრობიდან.

ასევე ნახეთ

WSJ: ირანმა ჩინეთის კომპანიებისგან მიიღო თანამგზავრის სურათები, იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე იერიშამდე

22 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს შტაბბინაში მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა: „ვფიქრობ, დიდებული შეხვედრა მექნება ჩინეთის ლიდერთან. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მას მოსწონს ჩინეთი, მე მომწონს შეერთებული შტატები. მას უყვარს ჩინეთი, მე მიყვარს შეერთებული შტატები“.

სამშაბათს სი ძინპინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის მიმართ გარკვეული მოლოდინი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმაც, როცა ის პუტინის მოლაპარაკებებზე დაყოლიების პერსპექტივაზე შეკითხვას პასუხობდა:

"ღმერთმა ქნას, ამერიკულმა მხარემ გამონახოს გზას, რომ რამე სახის მოლაპარაკებებზე წამოიყვანოს რუსეთის მხარე.

არ ვარ დარწმუნებული, რომ საერთოდ რამე მოლაპარაკებისთვის არიან მზად.

ხვალ ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს ხვდება. სის აქვს ზეგავლენა პუტინზე. ამ ომის დასრულებაზე ყველამ უნდა იმუშაოს 24 საათი. არა მხოლოდ უკრაინელებმა".

მედია აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბოლო 11 წელიწადში პირველად დახვდა უცხოელ ლიდერს Joint Base Andrews-ზე. მანამდე ეს იყო ბარაკ ობამა, რომელიც C-SPAN-ის ინფორმაციით, 2015 წელს დახვდა რომის პაპ ფრანცისკეს.