თბილისში 21-ე სკოლას აღარ დაანგრევენ

18 სექტემბერს სკოლის შენობასთან მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა აქცია გამართეს.

დედაქალაქის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წელს იმავე შენობაში დაასრულებენ - გადაწყვეტილება მიიღო უწყებათაშორისმა კომისიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მინისტრები: განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამ სკოლასთან დაკავშირებით დამაზუსტებელი შეფასება მოითხოვეს, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ „შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“, რაც რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

„ზაფხულიდან კი სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება“, - ამბობენ სამინისტროში.

უწყების ცნობით, სხდომას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მინისტრებთან ერთად ესწრებოდნენ:

  • პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი;
  • თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე;
  • სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელი გიორგი მურვანიძე;
  • მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია.

კომისიამ ასევე იმსჯელა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მისაქციელში მდებარე საჯარო სკოლაზეც: „არსებული დაზიანებების პირობებში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება. შესაბამისად, მისაქციელში მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი სკოლის მშენებლობას დაიწყებს“.

თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში, სადაც 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 17 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ექსპერტიზამ შენობის დემონტაჟის შესახებ დასკვნა მოამზადა.

„შენობის კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე, შენობა მიეკუთვნება IV კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, ამიტომ მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და რეკომენდირებულია სათანადო სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე მოხდეს სკოლის შენობის სრული დემონტაჟი“, - წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

ასევე ნახეთ

21-ე სკოლაზე სამხარაულის დასკვნა 10 სექტემბრით თარიღდება - დემონტაჟის რეკომენდაცია ეკუთვნის ექსპერტს 2-წლიანი სტაჟით

სკოლის დემონტაჟის და მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის იდეას 21-ე სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან წინააღმდეგობა და პროტესტი მოჰყვა - 18 სექტემბერს სკოლასთან აქცია გაიმართა.