გამბას "ატლასის" ქართულ გამოცემაში რამდენიმე ისეთი რუკაც მოხვდა, რომელიც საქართველოში აქამდე არასოდეს დაბეჭდილა.
„ატლასში“ 60 ილუსტრაციაა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საქართველოს ეძღვნება.
თბილისი და მისი ყოფა, ზღვიდან დანახული სოხუმი, გოგირდის აბანოები ახალციხის საფაშოში, რაჭისა და იმერეთის ციხეები, სამეგრელოს სურათები, ქართველების ტიპაჟები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები.
გამბას ატლასის ფრანგული გამოცემა, 1826 წელი, პარიზი
“გამბა არ არის მხოლოდ მოგზაური, რომელმაც აქ გაიარა” - ამბობს სულხან სალაძე, ძველი რუკების კოლექციონერი და ატლასის გამომცემელი, მაპპა კარტოგრაფიკას დირექტორი.
ციხე-სიმაგრე რაჭაში - გამბას "ატლასიდან"
ფრანგმა მოგზაურმა საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობის ჩანაწერები, პირველად, 1824-1826 წლებში, საფრანგეთში გამოსცა ორ ტომად „ატლასთან“ (რუკებისა და სხვადასხვა სახის ილუსტრაციების ალბომთან) ერთად და როგორც ქართული გამოცემის შესავალში წერს ისტორიკოსი გიორგი სანიკიძე, ეს ერთ-ერთი გამორჩეული წყაროა მე-19 საუკუნის საქართველოს, და ზოგადად, კავკასიის ისტორიის შესასწავლად.
ასევე ნახეთ
საქართველოს სახელი ძველ ევროპულ რუკებზეკავკასიონის ხედი გამბას "ატლასიდან"
„ატლასი“, ისევე როგორც გამბას ჩანაწერების ორტომეული, თავის დროზე, ცნობილი ფრანგი ჟურნალისტისა და პოლიტიკური მოღვაწის, კლოდ ჟოზეფ ტრუვეს (1768-1860) დაარსებულ გამომცემლობაში გამოიცა. მასში მოხვდა იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი კარტოგრაფების, მხაზველების, გრავიორების და ლითოგრაფიის ოსტატების ნამუშევრები.
„ატლასი“ კარტოგრაფ დარმეს სამი რუკით იხსნება - ეს არის დასავლეთ საქართველოს რუკა (აბაზიის, სამეგრელოს და იმერეთის); ფაზისის ანუ რიონის და ყვირილას შესართავის რუკა და ივრისა და ალაზნის დინებების რუკა.
"ატლასის" ქართული ვერსია, რომელიც გამოცემიდან ორასი წლის შემდეგ პირველად დაიბეჭდა საქართველოში
„ატლასში“ არ არის მითითებული ჩანახატების ავტორები - მხოლოდ ლითოგრაფიების ავტორებია მიწერილი. თუმცა, როგორც გიორგი სანიკიძე შენიშნავს, ცნობილია, რომ საქართველოსთან დაკავშირებული ჩანახატების უმრავლესობა რუსეთში მოღვაწე ფრანგ მხატვარს და კავკასიის მკვლევარს, ჟან მარი შოპენს (1795/6- 1871) ეკუთვნის.
ქართველი ქალების ცეკვა ტიფლისში
ჩანაწერების პირველ ტომში გამბა დასავლეთ საქართველოზე წერს, მეორე ტომში კი აღწერილია საფრანგეთის კონსულის მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე – ჩრდილოეთ კავკასიაში, თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიასა და კასპიისპირეთში.
სურამის ციხის ჩანახატი
იმ დროის ცნობილი ფრანგი მოგზაური და დიპლომატი არა მხოლოდ აკვირდება და აღწერს ამ მოგზაურობას კავკასიასა და საქართველოში, არამედ თბილისში საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენელი ხდება - საქართველოში პირველი კონსული (1821-1833 წლებში) საფრანგეთიდან, რომელსაც დიპლომატიური მისია აქვს:
“მისი მოგზაურობა ასახავს იმასაც, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა აქ იმ პერიოდში საფრანგეთს, რა შეიძლება მოჰყოლოდა თბილისში ფრანგული კაპიტალის გამოჩენას ყველაფერი რომ ისე წასულიყო, როგორც თავის დროზე ფრანგები ფიქრობდნენ… თუმცა გამბას დიპლომატიური მისიის დროს აქ უკვე რუსეთის იმპერია მძლავრობდა და ის იყო მთავარი მოთამაშე, რომელმაც ყველაფერი დაბლოკა”, - შენიშნავს სულხან სალაძე.
ასევე ნახეთ
საქართველო და ქართველები ძველ ევროპულ გრავიურებზესულხან სალაძე
აი, მცირე ამონარიდი გამბას ერთ-ერთი ჩანაწერიდან
„პარიზიდან გამომგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა დამავალა, შემეკრიბა ცნობები აღმოსავლეთის ხალხებში წარმოებული აბრეშუმის სამღებრო საქმის ტექნოლოგიის შესახებ. დიდად მოხარული ვიყავი, რომ ამის თაობაზე ზოგიერთი ცნობა თვით თავად ჭავჭავაძის მეუღლისაგან მივიღე. ჩემ მიერ შეგროვილი მონაცემები საფრანგეთში გადავაგზავნე და, როგორც ჩანს, მათ ინტერესით მოეკიდნენ, რადგან დამევალა, ჩვენი ფაბრიკების ინტერესებიდან გამომდინარე, კვლავაც გამეგრძელებინა ამ მიმართულებით კვლევა-ძიება“…
კავკასიის რუკა გამბას "ატლასიდან"
გამბას ატლასის ყველაზე დიდი ილუსტრაცია ძველი თბილისის ცნობილი ხედია, რომელზეც მოჩანს ნარიყალას ციხე, მის ქვეშ თბილისის ბანიანი სახლები და ამომავალი კვამლი, მეტეხის კლდე და მტკვარი, ქალაქში შემოსული და ქალაქიდან გამსვლელი ხალხი და როგორც სულხან სალაძე გვეუბნება, თუ გამბას მოგზაურობის ტექსტს და ატლასს შევადარებთ ერთმანეთს, მკაფიოდ გამოჩნდება, რომ თბილისი - არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელსაც გამბა ამ მოგზაურობის დროს ნახულობს:
“ეს ხედი ევროპელი მოგზაურებისთვის ძალიან პოპულარული ხედია, თუმცა გამბასთან საინტერესო იმითაცაა, რომ მოგზაური ამ ხედს ერთხელ კი არ ჩაუვლის, ის დიდხანს რჩება თბილისში და ის იმ ქალაქის ცოცხალ ყოველდღიურობას გვთავაზობს, რომელიც ერეკლე მეფის შემდეგ, ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი”.
ძველი თბილისის ხედი გამბას "ატლასიდან"
კიდევ ერთი ილუსტრაცია გამბას ატლასიდან, რომელსაც სულხან სალაძე გამოარჩევს - ზღვიდან დანახული სოხუმია და ეს ევროპულ გამოცემებში სოხუმის ხედის პირველი გამოჩენაა.
ზღვიდან დანახული სოხუმ-კალეს ციხესიმაგრის ხედი
გიორგი სანიკიძე მოგვითხრობს, რომ გამბას უპირველესი მიზანი, მისი მისიის გათვალისწინებით, რეგიონის ეკონომიკური ცხოვრების და ვაჭრობის განვითარების პერსპექტივების აღწერა იყო, თუმცა თავის ორტომეულში ის ამ თემებს გასცდა და გვიამბო რეგიონის ისტორიაზე, კულტურაზე, იმდროინდელი ყოფაზე და თბილისზე, როგორც მომავალში ევროპულ ქალაქზე.
მეგრელი, ილუსტრაცია გამბას "ატლასიდან"
„ზოგჯერ თბილისში ერთსა და იმავე დროს ჩამოდიან კომერსანტები პარიზიდან, შიკრიკები პეტერბურგიდან, ვაჭრები კონსტანტინოპოლიდან, ინგლისელები – კალკუტიდან და მადრასიდან, დაბოლოს, სომხები სმირნადან და იაზდიდან, უზბეკები კი – ბუხარიდან; ასე რომ ეს ქალაქი შეიძლება ჩაითვალოს ევროპასა და აზიას შორის საკვანძო პუნქტად. როდესაც ვაჭრობა აქ მთელი თავისი შესაძლებლობებით გაიშლება, სამარყანდიდან, ტიბეტიდან და ჩინეთის საზღვრებიდან წამოსული ბუხარელები თბილისის ბაზარზე შეხვდებიან ლაჰორელ და გუჯარათელ ინდუსებს…"
ქართველი ქალი
ფრანგი მოგზაური იმ უპირატესობებსაც აღწერს, რასაც თბილისს აძლევდა გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და ორ ზღვას შორის კავშირის დამყარებაში თბილისის მნიშვნელობაზე წერს:
„შავი და კასპიის ზღვებიდან დაახლოებით ასი ლიეთი დაშორებულ თბილისს მთელი წლის მანძილზე შეუძლია იოლად და სწრაფად, ყოველგვარი საფრთხის გარეშე, და რაც მთავარია – მცირე დანახარჯებით, – კავშირი დაამყაროს ამ ორ ზღვასთან. შავი ზღვით კავშირი შეიძლება დამყარდეს ანატოლიის მთელ სანაპიროსთან, სამხრეთ რუსეთის ნავსადგურებთან და დუნაის შესართავთან; ხოლო როცა თბომავალი გემები დაინიშნება, რაც ხელს შეუწყობს სათანადო კომუნიკაციას, – რვა დღეც კი არ იქნება საჭირო, რომ ამ ზღვის უშორესი ნავსადგურები ფაზისისა და ხობის შესართავებს და აგრეთვე, კონსტანტინოპოლს დაუკავშირდეს“...
გამბას “ატლასი“ - ახლა უკვე ქართულადაც, როგორც გიორგი სანიკიძეც შენიშნავს, ფრანგული მოგზაურის თხრობის “ვიზუალური გაგრძელებაა”.