საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით

ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი

საპატრიარქო შეშფოთებულია და შესაბამისი სამსახურების ჩართვას ითხოვს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, „ისტორიულ ჰერეთში“, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებით. მათი თქმით, მე-15 საუკუნის ისტორიულ ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ მათთვის არ უცნობებიათ.

„უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე... ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე“, - აცხადებს საპატრიარქო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უნდა დადგინდეს:

  • რა სახის სამუშაოები მიმდინარეობს ტაძრის ტერიტორიაზე;
  • რა კვლევებს ეფუძნება და ვინ ახორციელებს მათ;
  • როგორ არის უზრუნველყოფილი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა.

„მიგვაჩნია, რომ გადაუდებლად აუცილებელია პროცესში საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების ჩართვა და სათანადო რეაგირება, მათი კომპეტენციისა და არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, აღნიშნული უწყებები დაინტერესდნენ საკითხით, მოიპოვონ ოფიციალური ინფორმაცია და ხელი შეუწყონ მის განხილვაში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და დარგის ქართველი სპეციალისტების ჩართვას“, - წერია განცხადებაში.

ფოტოებში, რომლებიც საპატრიარქოს ფეისბუკგვერდზეა გამოქვეყნებული, ჩანს, რომ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის შიდა და გარე სივრცეები გადათხრილია და ე.წ. მანიშნებელი, სპეციალური ლენტია გავლებული.

აზერბაიჯანში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მომლოცველები გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავენ ხოლმე. იქ გასულ წლებში რამდენჯერმე ჩავიდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფიო სააგენტოს ხელმძღვანელი, სასულიერო პირებმა კი წირვები აღავლინეს.