ცესკო: რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნებში "ედინაია როსიამ" 349 მანდატი მოიპოვა, დანარჩენებმა ერთად - 101

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები. სოჭი, 20 სექტემბერი, 2026.

რუსეთის მმართველმა პარტია „ედინაია როსიამ“ რუსეთის სახელმწიფო დუმაში მიიღო 349 მანდატი, ხოლო დანარჩენ პოლიტიკურ ძალებზე მხოლოდ 101 მანდატი გადანაწილდა - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ. ეს არის „ედინაია როსიას“ (და ნებისმიერი პოლიტიკური ძალის) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სახელმწიფო დუმის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში. ასევე რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატაში აირჩიეს უკრაინასთან ომის 46 მონაწილე.

კომუნისტურმა პარტიამ მიიღო 37 მანდატი, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ - 23 მანდატი, „ნოვიე ლიუდიმ“ - 19, ხოლო „სპრავედლივაია როსიამ“ - 17. გარდა ამისა, მაჟორიტარულ ოლქებში დუმაში შევიდნენ ალექსეი ჟურავლიოვი პარტიიდან „როდინა“ და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი.

ჩატარებულ არჩევნებზე უბნებიდან გააძევეს დამკვირვებლების რეკორდული რაოდენობა - 15 ადამიანი: ექვსი ადამიანი პარტიიდან „იაბლოკო“ და ამდენივე - კომუნისტური პარტიიდან. გარდა ამისა, სასამართლოს მეშვეობით საარჩევნო კომისიებს ჩამოაშორეს 17 წევრი, რომელთა უმრავლესობაც (ექვსი ადამიანი) ასევე „იაბლოკოს“ წარმომადგენელი იყო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, აქტივობამ შეადგინა 59,80%. საარჩევნო ექსპერტების შეფასებით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელოვან ნაწილს მიაღწიეს ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით: საარჩევნო პროცედურის პირველ დღეს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მსხვილი საწარმოების თანამშრომელთა ორგანიზებული კენჭისყრის იძულებით. თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტები იუწყებოდნენ, რომ რეალურმა აქტივობამ შეადგინა 35-40%.

„ედინაია როსიასა“ და „ნოვიე ლიუდის“ გარდა ყველა პარტიის წარმომადგენლობა შემცირდა. არჩევნებში მონაწილე ყველა პარტია ამა თუ იმ ხარისხით მხარს უჭერს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საგარეო პოლიტიკასა და უკრაინის წინააღმდეგ ომს. ერთადერთი პარტია, რომელიც ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდიოდა - „იაბლოკო“ - არჩევნებიდან მოხსნეს, ხოლო მისი კანდიდატები მაჟორიტარულ ოლქებში ვერ გავიდნენ, თუმცა რიგ ოლქებში ოფიციალური მონაცემებით 10-15% დააგროვეს. გარდა ამისა, „იაბლოკო“ შევიდა ნოვგოროდის საოლქო დუმაში, ხოლო ზოგიერთ სხვა რეგიონში პარტია არჩევნებიდან მოხსნეს.

ასევე ნახეთ

კადიროვის 99,85%-დან მოსკოვის რიგებამდე - რას აჩვენებს რუსეთის არჩევნების შედეგები?