„ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს“ - აზერბაიჯანის საგარეო საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაზე

საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშები

„განცხადება ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას“, - ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოს მიერ ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას.

„გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს მიდგომა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ტერიტორიულ პრეტენზიებს გულისხმობს“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში და დასძენენ, რომ „აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული და ისტორიული ტოპონიმების სხვა სახელწოდებებით მოხსენიება მიუღებელია“.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის პატივს სცემს:

„მნიშვნელოვანია, რომ რელიგიურმა ინსტიტუტებმა თავი შეიკავონ ისეთი მიდგომებისგან, რომლებმაც შესაძლოა შეარყიოს აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ისტორიული კავშირები.

ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებული არ არის სომხური ეკლესიის დამახასიათებელი მიდგომების გამეორება ან მისი გზის მიყოლა“.

განცხადება სრულდება სიტყვებით, რომელთა მიხედვითაც, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

რადიო თავისუფლება ცდილობს საქართველოს სამთავრობო უწყებებიდან კომენტარის მოპოვებას, საპატრიარქოში ამბობენ, რომ ამ განცხადებას ჯერ [17:25 სთ] არ გასცნობიან.

კობახიძე-ალიევის სატელეფონო ზარი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებამდე [15:21 სთ] რამდენიმე საათით ადრე [12:02 სთ] აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს დაურეკა, დაბადების დღე მიულოცა. ასევე, წარმატებები და ქართველი ხალხის კეთილდღეობა უსურვა, - რაზეც კობახიძემ მადლიერება გამოხატა.

„სატელეფონო საუბრისას მხარეებმა აზრები გაცვალეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების შესახებ“, - წერია ილჰამ ალიევის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში.

საპატრიარქოს განცხადება

24 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ შეშფოთება გამოხატა და შესაბამისი სამსახურების ჩართვა მოითხოვა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარსა და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გამო. ეს ტერიტორია განცხადებაში მოხსენიებული იყო „ისტორიულ ჰერეთად“.

„უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე... ჩნდება უამრავი კითხვა როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე“, - ეწერა განცხადებაში.

ასევე ნახეთ

საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით