ესტონეთმა რუსეთის „საბოტაჟად" გამოაცხადა ხანძარი უპილოტო აპარატების მწარმოებელ კომპანიაში

კომპანია Milrem Robotics-ის შენობა ტალინში(ფოტო არქივიდან)

ესტონეთმა რუსეთი საბოტაჟში დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის გამოსაცხადებლად დაიბარეს რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული.

29 სექტემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ტალინში, კომპანია Milrem Robotics-ის შენობაში აგვისტოში გაჩენილი ხანძარი „რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაკვეთილი საბოტაჟის აქტი" იყო.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ დამნაშავეები დაკავებული არიან და ესტონეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროებას აღარ წარმოადგენენ.

მარგუს ცაჰკნა ტალინში ჩადენილ „საბოტაჟის აქტს“ განიხილავს ნაწილად ევროპაში რუსეთის გაცილებით ფართო კამპანიის, რომლის მიზანია ევროპელების დაშინება და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პასუხი საპირისპირო იქნება და გააძლიერებენ როგორც უკრაინის მხარდაჭერას, ისე რუსეთზე ზეწოლას, რათა მან აგრესია შეწყვიტოს.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ესტონეთის განცხადებას უწოდა „გაუაზრებელი", რომელიც „აბსოლუტურად არ ასახავს რეალობას და არ შეიცავს რაღაც არგუმენტაციასაც კი".

ასევე ნახეთ

ბრიტანეთში სამხედრო ბაზასთან დაკავებული ეჭვმიტანილები გაათავისუფლეს

რა მოხდა ტალინში?

2026 წლის 14-დან 15 აგვისტოს ღამით ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ხანძარი გაჩნდა კომპანია Milrem Robotics-ის შენობაში.

ამ კომპანიის მიერ შემუშავებული და წარმოებული სახმელეთო უპილოტო სატრანსპორტო საშუალებები THeMIS უკრაინასაც მიეწოდება.

Milrem Robotics-მა განაცხადა, რომ ხანძარს მიწოდების ჯაჭვი არ დაურღვევია.

ხანძრიდან მალევე სამი ეჭვმიტანილი დააკავეს ესტონეთის მეზობელი ლატვიის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა. სამივე ლატვიის მოქალაქეა. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებით ესტონეთს გადასცეს.

ასევე ნახეთ

ევროპის რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა რუსეთის მხრიდან დივერსიების გაძლიერებაზე გაფრთხილება გაავრცელეს