ამ სტატიაში გაიგებთ, რას აჩვენებს და რა კითხვებს აჩენს საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თვალშისაცემი თანამშრომლობა, თურქი მაღალჩინოსნების ვიზიტები საქართველოში და ერთობლივი საპოლიციო ოპერაციები.
10-ზე მეტი დაკავებული 2 თვეში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში ცხრა პრესრელიზი გაავრცელა თურქეთის ძებნილების საქართველოში დაკავების ან გამოვლენის შესახებ.
სარფის საბაჟო საქართველოს მხრიდან
თურქი ძალოვნები თბილისში
თურქეთის მიერ ძებნილების დაკავებების სერია და მათი გადაცემის შესახებ განცხადებები დროში ემთხვევა ამ ქვეყნის ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნების ვიზიტებს თბილისში.
7 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რონი მესხი შეხვდა თურქეთის ეროვნული პოლიციის დელეგაციას, რომელსაც თურქეთის პოლიციის კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსი სერდარ ბიუკლებლებიჯი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის თემა „კოორდინირებული მუშაობა“ და „ერთობლივი ღონისძიებების“ დაგეგმვა იყო.
1 სექტემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მუსტაფა ჩიფთჩი. აეროპორტში მას პირადად დახვდა ქართველი კოლეგა, მინისტრი სულხან თამაზაშვილი.
შს მინისტრებმა ორგანიზებულ და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლაზე, არალეგალურ მიგრაციასა და ოპერატიულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, გაფორმდა მემორანდუმი ქვეყნების პოლიციის აკადემიებს შორის.
ასევე ნახეთ
ხოშტარია, ვაშაძე, ჯაფარიძე და ინტერპოლი - როგორ იყენებს ხელისუფლება საერთაშორისო ძებნის სისტემას და რას ნიშნავს ეს?საერთო ჯამში 866 ადამიანი გადმოგვცეს - თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი
„თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობის შედეგად, დღემდე, საერთო ჯამში, [საქართველოდან] ჩვენს ქვეყანაში 866 ადამიანის გადაცემისა და დეპორტაციის პროცედურები განხორციელდა. მხოლოდ წელს ჩვენს ქვეყანას 438 ადამიანი გადმოსცეს. ეს აჩვენებს, რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა“, - განაცხადა მინისტრმა ჩიფთჩიმ თბილისში ვიზიტის დროს.
რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოითხოვა უფრო კონკრეტული მონაცემები, პასუხად შსს-მ მოგვწერა, რომ ძებნილთა გადაცემის შესახებ „ინფორმაციის დამუშავება სცილდება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას“.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დანაშაულში ბრალდებულები ხშირად სარგებლობენ მეზობელ ქვეყნებს შორის მიმოსვლის გამარტივებული წესებით და საქართველოში იმალებიან.
საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრები. 2026 წლის 1 სექტემბერი
მინისტრის განცხადებამდე, თურქეთის შს სამინისტროს მონაცემებით ცნობილი იყო, რომ ანკარისთვის გადაცემული 60 ძებნილიდან 43 საქართველოდან დააბრუნეს იძულებით. რა პერიოდს მოიცავდა ეს სტატისტიკა, თურქეთის შსს განცხადებაში არ უთითებს.
უკვე 23 სექტემბერს უწყებამ განაცხადა, რომ თურქეთში დაბრუნებული კიდევ 76 ძებნილიდან 61 საქართველოში იყო დაკავებული.
საქართველოსა და თურქეთს შორის 1996 წლიდან უვიზო მიმოსვლა მოქმედებს, ხოლო საზღვრის კვეთა 2011 წლის ბოლოდან შესაძლებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობებით - ID-ბარათებითაც.
კიდევ რა ვკითხეთ და რა გვიპასუხეს შს სამინისტროში
შინაგან საქმეთა სამინისტროს 9 სექტემბერს ოფიციალური წერილით მივმართეთ თურქეთთან საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.
ჩვენ დავინტერესდით:
- თურქეთის რამდენი მოქალაქე დააკავეს საქართველოში ბოლო წლებში და რამდენი მათგანი დააბრუნეს სამშობლოში?
- საქართველოს მიერ ძებნილი რამდენი ადამიანი დააკავეს თურქეთში და რამდენი გადმოსცეს საქართველოს?
- რომელი სამართლებრივი მექანიზმის საფუძველზე ტარდება თურქეთთან ერთობლივი საპოლიციო ოპერაციები?
შსს-მ 18 სექტემბერს გამოგზავნილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარმოდგენილი თქვენი 2026 წლის 9 სექტემბრის №3246375 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ პირის ექსტრადირება და ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის დამუშავება სცილდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია მიმართოთ საქართველოს პროკურატურას.
აქვე გაცნობებთ, რომ ქართველ და თურქ სამართალდამცველთა საპოლიციო ღონისძიებებში ჩართულობა ხორციელდება „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით. დაკავებულთა რაოდენობა არ დაასახელა. რაც შეეხება ექსტრადირებას, მიუთითა, რომ ამასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება „სცილდება შსს-ს კომპეტენციას“.
უწყების პასუხით თურქეთთან ერთობლივი ოპერაციები ორ - სამართალდაცვით და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონებითა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით რეგულირდება.
საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოში თურქეთის მოქალაქე ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულების რაოდენობა. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივლისისთვის ასეთი 468 ადამიანი იყო. ეს უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულებისა და მსჯავრდადებულების საერთო რაოდენობის 26%-ს შეადგენდა და სხვა ქვეყნების მაჩვენებელს აღემატებოდა.
ინტერპოლი და პოლიტიკური დევნის პრობლემა თურქეთში
საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის Freedom House-ი, არაერთხელ მიუთითებდნენ, რომ ინტერპოლის წევრი ზოგიერთი სახელმწიფო, მათ შორის რუსეთი და თურქეთი, ორგანიზაციის მექანიზმებს საზღვარგარეთ პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკოსების დევნისთვის იყენებდა.
2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა ქვეყანაში დაიწყო იმ ადამიანების ძებნა და მათი ექსტრადიციის მოთხოვნა, რომლებსაც ფეთულა გიულენის მოძრაობასთან, ე.წ. FETÖ-სთან კავშირში ადანაშაულებდა. ანკარა ამ ორგანიზაციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებდა ბრალს.
Freedom House-ის 2021 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ანკარამ ინტერპოლის შეტყობინებების სისტემაში დაახლოებით 60 000 ადამიანის სახელის ერთობლივად ატვირთვა სცადა.
საქართველოში ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე იყო. ის 2017 წლის 24 მაისს თბილისში თურქეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. თურქეთი მას FETÖ-სთან კავშირს ედავებოდა და მის ექსტრადიციას ითხოვდა. ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა, თუმცა მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და საბოლოოდ თურქეთისთვის არ გადაუციათ. ბოლო წლებში სხვა მსგავსი პოლიტიკური კონტექსტის მქონე შემთხვევებზე ინფორმაცია საქართველოში არ გავრცელებულა.
ასევე ნახეთ
მუსტაფა ემრე ჩაბუქი: „მე მასწავლებელი ვარ“საქართველო ძებნილთა დაკავებისა და ექსტრადირების საკითხებში სხვა ქვეყნებთანაც თანამშრომლობს. მაგალითად, 21 სექტემბერს საქართველომ უკრაინას გადასცა მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობასა და უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გარეთ სამხედრო ვალდებულთა უკანონოდ გაყვანის ორგანიზებაში; 24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისმა მოსკოვს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა; 25 სექტემბერს კი აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ საქართველომ ამერიკას გადასცა აშშ-ისა და უზბეკეთის მოქალაქე, რომელსაც ტერორიზმის მხარდაჭერაში ედება ბრალი.