ევროკავშირისკენ სვლა რუსეთში მძღოლებს შეღავათს მოუხსნის - პროექტი საქართველოსაც ეხება

სატვირთო ავტომობილები მცხეთა-სტეფანწმინდის გზაზე მოწყობილ პარკინგზე - საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოვიდა ინიციატივით, დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს მძღოლებს რუსეთში ყოფნის გახანგრძლივებული, 180-დღიანი ვადა გაუუქმდეთ, თუ მათი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზას დაადგება.

მოსკოვი ევროკავშირში ინტეგრაციის ასეთ კურსს რუსეთის „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ აფასებს.

საუბარია საერთაშორისო გადაზიდვებზე მომუშავე სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მძღოლებზე.

სამთავრობო დადგენილების პროექტი რუსეთის შსს-მ 25 სექტემბერს მოამზადა. 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ის მიღებული არ არის და კვლავ პროექტის სტატუსი აქვს.

2026 წლის აპრილში რუსეთის მთავრობამ დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს მოქალაქე პროფესიონალი მძღოლებისთვის რუსეთში დროებით ყოფნის დასაშვები ვადა 90-დან 180 დღემდე გაზარდა. ეს წესი 30 ივნისიდან მოქმედებს.

ახლა რუსეთის შსს ამ შეღავათის გაუქმებას ევროკავშირში ინტეგრაციას უკავშირებს. პროექტის თანახმად, თუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობასთან შეთანხმებით, დაადგენს, რომ დსთ-ის რომელიმე ქვეყანა ან საქართველო ატარებს „ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მომზადებისკენ მიმართულ პოლიტიკას“, ამის შესახებ რამდენიმე უწყებას აცნობებს. ინფორმაციის მიღებიდან 10 დღეში ამ ქვეყნის მძღოლებზე 180-დღიანი რეჟიმი აღარ გავრცელდება და მათთვის კვლავ 90-დღიანი ვადა იმოქმედებს.

ვის შეეხება?

განმარტებით ბარათში რუსეთის შსს ინიციატივას „რუსეთის ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვით“ ხსნის. უწყების მტკიცებით, დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა „არ შეესაბამება ეკონომიკური კავშირისა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიზნებს“ და „რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის“.

დსთ-ის შემადგენლობაში რუსეთის გარდა, ამჟამად რჩებიან აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მოლდოვა ორგანიზაციიდან გასვლის პროცესშია და ოფიციალურად დსთ-ს 2027 წლის 8 აპრილს დატოვებს.

ასევე ნახეთ

მოლდოვის პარლამენტმა მხარი დაუჭირა დსთ-ს ფუძემდებლური დოკუმენტის და წესდების დენონსაციას

თურქმენეთს ასოცირებული სახელმწიფოს სტატუსი აქვს.

საქართველო პროექტში ცალკეა ნახსენები. ქვეყანამ დსთ-ის დატოვების გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიიღო და გასვლის პროცედურა 2009 წლის 18 აგვისტოს დასრულდა.

უკრაინამ, რომელიც დსთ-ის სრულუფლებიანი წევრი ფორმალურად არასოდეს ყოფილა, ორგანიზაციის საწესდებო ორგანოებში მონაწილეობა 2018 წელს შეწყვიტა.

სომხეთისა და საქართველოს გზა ევროკავშირისკენ

რუსეთის ახალი ინიციატივა ემთხვევა მოსკოვისა და ერევნის ბოლო თვეების დავას სომხეთის ევროპულ კურსზე. სომხეთის პარლამენტმა 2025 წლის მარტში მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. ამასთან, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ეს ჯერ ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალურ განაცხადს არ ნიშნავს.

მოსკოვი ერევანს სულ უფრო ღიად მოუწოდებს, არჩევანი გააკეთოს. 1 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ერთდროულად ყოფნა შეუძლებელია და „რაც უფრო სწრაფად“ განსაზღვრავს სომხეთი თავის არჩევანს, მით უკეთესი. ფაშინიანის პოზიციაა, რომ არჩევანის მომენტი ჯერ არ დამდგარა: სომხეთი ევრაზიულ კავშირში დარჩება იქამდე, სანამ ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის არჩევანი გარდაუვალი არ გახდება.

ასევე ნახეთ

პუტინი: "თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ მას რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ხვალვე გავალთ"

საქართველოს შემთხვევაში ხელისუფლებამ 2024 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა.

ვლადიმირ პუტინმა მაშინ საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე საუბრისას თქვა, რომ მას უკვირდა „სიმამაცე და ხასიათი“, რომლითაც ხელისუფლება საკუთარ პოზიციას იცავდა. მოსკოვს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არაერთხელ შეუქია, ევროკავშირსა და დასავლეთის ქვეყნებს კი საქართველოზე ზეწოლასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა.