უკრაინის გენშტაბმა 2 ოქტომბერს დღისით განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა ქალაქ ვოლგოგრადში დაარტყეს ქარხანა „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკას", სადაც დაფიქსირებულია აფეთქებები და ხანძარი, ხოლო სამარის ოლქის დასახლებულ პუნქტ პროსვეტში - საწარმოო-სადისპეტჩერო სადგურ „სამარას”, სადაც ხანძარია. სხვა შედეგები დაზუსტების ეტაპზეა.
ამ სადგურსა და ქარხანაზე შეტევის შესახებ მანამდე წერდნენ მონიტორინგის უკრაინული არხები და დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA. რუსეთის ხელისუფლებას კონკრეტულად ამ ობიექტებზე დარტყმის შესახებ არაფერი უთქვამს.
- სამარის ოლქში მდებარე სადგური რუსეთის მაგისტრალური ნავთობსადენების ოპერატორი სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტისაა“ და რუსეთში რეზერვუარების უმსხვილეს პარკს წარმოადგენს.
- „ლუკოილის“ ვოლგოგრადის ქარხანას, რომელსაც წელიწადში თხუთმეტ მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადამუშავება შეუძლია, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც არაერთხელ შეუტიეს, მათ შორის 2026 წლის ივლისში. ქარხანა იძულებული გახდა, ნავთობის გადამუშავება შეეჩერებინა.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ორივე ობიექტი ჩართულია რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „რუსულ ესკალაციას სამართლიანად პასუხობენ შორსდამრტყმელი სანქციებით".
ზელენსკის ინფორმაციით, ვოლგოგრადის და სამარის ოლქების ნავთობობიექტების გარდა, „შედეგიანი მუშაობა“ იყო შავ ზღვაში და ნიჟნი-ნოვგოროდის, ვორონეჟის და კრასნოდარის რეგიონებში „აეროდრომებზე, საწარმოებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, სარაკეტო-კოსმოსურ ცენტრსა და საბრძოლო მასალების საწყობზე“.
დეტალები ზელენსკის არ დაუკონკრეტებია. მან უკრაინელ მეომრებს მადლობა გადაუხადა „სიზუსტისა და პროფესიონალიზმისთვის“.
ასევე ნახეთ
რუსეთის ჯარებმა 24 საათში მეოთხედ დაარტყეს კიევის სამხრეთის ხიდსრუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე 2 ოქტომბერს დილით გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, პირველი ოქტომბრის საღამოს რვიდან ორი ოქტომბრის დილის რვა საათამდე რუსეთის 13 რეგიონში, მათ შორის ვოლგოგრადსა და სამარაში, შავი და აზოვის ზღვების თავზე და ყირიმში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 646 უკრაინული დრონი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უკრაინისგან განსხვავებით, არასდროს ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის დასაწყისიდან კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და ერთ-ერთ მთავარ მიზნად ასახელებს რუსეთისთვის ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.