გასტრონომიის სააგენტოს ხელფასებზე 2027 წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯება

უწყების ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან ქარუმიძეა.

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს მთლიანი ბიუჯეტი 5,74 მილიონი ლარი იქნება.

თანხის ნახევარზე მეტი, 3 მილიონი ლარი, თანამშრომელთა ანაზღაურებაზე დაიხარჯება. სააგენტოში 65 ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სააგენტოს დაფინანსება მოხმარდება:

  • გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებას;
  • სხვადასხვა უწყებასა და დაინტერესებულ მხარეს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფას;
  • გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევასა და პოპულარიზაციას, ასევე მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას.

ასევე ნახეთ

გასტრონომიის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა ლევან ქარუმიძე, „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი ყოფილი დეპუტატი

გასტრონომიის ეროვნული სააგენტო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახლად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. სააგენტოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლევან ქარუმიძე დაინიშნა.

სააგენტოს შექმნის შესახებ მთავრობის დადგენილება 2026 წლის 18 ივნისს გამოიცა და უწყება 20 ივლისიდან ამოქმედდა.

39 წლის ლევან ქარუმიძის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშვნის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 3 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია.

ქარუმიძე მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნების“ რიგებიდან. 2020-2024 წლებში იგი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ასევე ნახეთ

სია: 84 დეპუტატი, რომლებმაც „აგენტების კანონს“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მხარი დაუჭირეს

ის ერთ-ერთი იყო „ქართული ოცნების“ იმ 84 დეპუტატს შორის, რომლებმაც 2024 წლის 14 მაისს „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

2026 წლის 1 აპრილს ჩაბარებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ქარუმიძე 2025 წლის აგვისტოდან განათლების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

მანამდე, 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან 2025 წლის აგვისტომდე, იგი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილე იყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ „ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას“.

ასევე ნახეთ

პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 1350 ლარით იზრდება
  • 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყოველთვიურად 17 350 ლარს აიღებენ.
  • მომავალი წლიდან პენსიაც იზრდება: 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით და 390 ლარი გახდება, 70 წლისა და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის კი 60 ლარით და 555 ლარი გახდება. მაღალმთიან დასახლებებში პენსია, შესაბამისად, 468 და 665 ლარი იქნება.