არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა FlyDubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ მცდელობად შეაფასა

,,ფლაიდუბაის'' თვითმფრინავი ისრაელის ბენ-გურიონის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ, 2026 წლის 30 სექტემბერი

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai-ს სამგზავრო თვითმფრინავის დუბაი-თელ-ავივის რეისზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებამ ტერორისტული თავდასხმის მცდელობა გამოავლინა. ამის შესახებ განაცხადა არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა ჰამად საიფ ალ-შამსიმ.

გამოძიების მონაცემებით, ფრენის დროს მეორე პილოტმა საჰაერო ხომალდის მეთაურს, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჰარს, საავარიო ცულით შეუტია და თვითმფრინავის მართვის ხელში ჩაგდება სცადა. პროკურატურა მომხდარს ტერაქტის დაგეგმვასა და განხორციელების მცდელობად აკვალიფიცირებს.

გამოძიება ადგენს თავდამსხმელის მოტივსა და მის შესაძლო კავშირებს, სწავლობს ნივთიერ და ციფრულ მტკიცებულებებს და ატარებს ტექნიკურ ექსპერტიზებს. გამოძიების საბოლოო შედეგები ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.

ABC News-ის ცნობით, თავდამსხმელი ომანის 29 წლის მოქალაქე ჰამამ ალ-ჰამამია. 2024 წელს მან ავიაკომპანია Oman Air-ში მეორე პილოტის სტაჟირება გაიარა, თუმცა მას შემდეგ, რაც „ექსტრემისტული მიმართულების მასალები“ აღმოუჩინეს, ფრენებიდან მოხსნეს. ამასთან, მას კომპანიაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების უფლება მისცეს.

მოგვიანებით ეჭვმიტანილი მუშაობდა კომპანია Royal Air Maroc-ში, ხოლო რვა თვის წინ FlyDubai-ში დასაქმდა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ დაუშვეს იგი ხელახლა ფრენებზე ექსტრემისტული მასალების აღმოჩენის შემდეგ და როგორ აღმოჩნდა ის ისრაელის მიმართულებით შესასრულებელი რეისის მეორე პილოტის ადგილას.

არსებული მონაცემებით, ეჭვმიტანილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. მან განაცხადა, რომ თვითმფრინავის ისრაელის ტერიტორიაზე ჩამოგდებას აპირებდა.

ინციდენტი 30 სექტემბერს, დილით მოხდა FlyDubai-ს Boeing 737-ის ბორტზე, რომელიც დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ბორტზე 174 მგზავრი, მათ შორის 27 ბავშვი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ჯერ საგანგებო სიტუაციის ზოგადი სიგნალი 7700 გადასცა, შემდეგ კი – კოდი 7500, რაც საჰაერო ხომალდის მართვაში უკანონო ჩარევას ნიშნავს.

რამდენიმე ათეულ წამში ლაინერმა ოთხ კილომეტრზე მეტი სიმაღლე დაკარგა.

ასევე ნახეთ

თვითმფრინავში ინციდენტის გამო flydubai დროებით წყვეტს ავიარეისებს ისრაელში

ასევე ნახეთ

დუბაი-თელ-ავივის ავიარეისზე ინციდენტის გამო ტერაქტის მცდელობის ვერსია არსებობს