ლიეტუვაში უცნობი ობიექტის გამოჩენის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა

ვილნიუსის აეროპორტი

3 ოქტომბერს დილით, ვილნიუსთან ახლოს უცნობი საჰაერო ობიექტის, სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის (დრონის) გამო საჰაერო განგაშის ყვითელი დონე გამოცხადდა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს მობილურ ტელეფონებზე გაეგზავნათ გაფრთხილებები უსაფრთხო ადგილის პოვნის მოწოდებით. უცნობი ობიექტის გამოჩენის გამო ვილნიუსის აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა, ცაში ნატო-ს გამანადგურებლები აიყვანეს.

მოგვიანებით განგაში მოხსნეს. კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ვილმანტას ვიტკაუსკასმა განაცხადა, რომ ობიექტი ლიეტუვის საჰაერო სივრცეში ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან შემოფრინდა, თუმცა აპარატის იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ბოლო კვირების განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებმა მრავალჯერ დაარღვიეს ევროპული ქვეყნების საჰაერო სივრცე. სექტემბერში რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეფრინდნენ, სადაც მათი ნაწილი პოლონურმა და მოკავშირე ძალებმა ჩამოაგდეს.

საჰაერო სივრცის რუსული უპილოტო აპარატებით დარღვევის შესახებ აცხადებენ ასევე რუმინეთისა და მოლდოვას ხელისუფლებები ამ ინციდენტების ფონზე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებმა საჰაერო სივრცის ზედამხედველობა გააძლიერეს.

ასევე ნახეთ

დრონებმა შეაფერხეს კოპენჰაგენის და ოსლოს აეროპორტების მუშაობა

ასევე ნახეთ

პოლონეთის თავზე რუსული დრონების გამოჩენის გამო ნატო იწყებს ოპერაცია "აღმოსავლეთის გუშაგს"