ოჯახი პატიმარ დავითაძის სხვა ციხეში გადაყვანას მოითხოვს

ოჯახი აცხადებს, რომ ბადრაგები, - ვისაც მათი შვილი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, - კვლავ ამავე ციხეში მუშაობენ: „მივლენ მის საკანთან, რაღაცას მიაძახებენ, რაღაცას გადასძახებენ“.

მას შემდეგ, რაც რუსთავის ციხეში მყოფმა გიორგი დავითაძემ, - რომელიც ბადრაგების მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდა, - „გაურკვეველი მცირე საგანი გადაყლაპა“, მისი ოჯახი მსჯავრდადებულის სხვა ციხეში გადაყვანას მოითხოვს.

გიორგი დავითაძის დედ-მამა აცხადებს, რომ „რახან მან რაღაც გადაყლაპა პროტესტის ნიშნად, ესე იგი, რაღაც ხდება ამ ციხეში“.

იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ „ყველა პატიმრის სიცოცხლე დაცულია“.

„გადაიყვანონ სხვა ციხეში, სამარტოო საკანში“, - უთხრა დედამ, ირმა დავითაძემ „ტვ პირველს“.

დავითაძე ამჟამად რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, - იქ, სადაც, მისი თქმით, 2025 წლის 21 დეკემბერს მასზე სექსუალურად იძალადეს.

ასევე ნახეთ

დავითაძის მხარდაჭერის ნიშნად პროტესტის გამო 3 პატიმარი „დეესკალაციის ოთახში გადაიყვანეს“ - ომბუდსმენი

რადიო თავისუფლების შეკითხვაზე დავითაძის გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით პაატა სალიამ განაცხადა:

„ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას აქვს თავისი პროცედურები, აქვს თავისი საფუძვლები, წინაპირობები. შესაბამისად თუ დააკმაყოფილებს ამ წინაპირობებს განვიხილავთ და გადავიყვანთ. თუ არ დააკმაყოფილებს არ გადავიყვანთ“.

„რაღაცას გადასძახებენ, მწყობრიდან გამოიყვანენ“ - მამა

„ამიტომ მოვითხოვდი და ახლაც მოვითხოვ, რომ ჩამოაშორონ №6 დაწესებულებას ... ის ბადრაგები, რომლებიც იქ მუშაობენ, ვინც იღებდა მონაწილეობას ჩემი შვილის გაუპატიურებაში“, - თქვა მამამ, ავთანდილ დავითაძემ.

„მივლენ მის საკანთან, რაღაცას მიაძახებენ, რაღაცას გადასძახებენ, რაც მის ღირსებას ეხება, გამოიყვანენ მწყობრიდან და მერე იწყება იქ ის, რაც არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.

დედის განცხადებით, მის შვილზე „ზეწოლასა და ფსიქოლოგიურ ტერორს ჰქონდა ადგილი“, რაც „ახლაც გრძელდება“. შემდეგ კი თქვა:

„სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო და მითხრა, არის მხნედ, ბრძოლისუნარიანი და შემოგვითვალა, ბრძოლა ბოლომდეო“.

ასევე ნახეთ

პატიმარმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდა, გაურკვეველი საგანი გადაყლაპა - პენიტენციური სამსახური

„დაცულია ყველა პატიმრის სიცოცხლე“ - მინისტრი

5 ოქტომბერს გაიმართება იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას ბრიფინგი - მან თქვა, რომ შეკითხვებს უპასუხებს.

„ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს, ყველას დაგიძახებთ და გექნებათ ნებისმიერი შეკითხვის დასმა“, - უთხრა მან "ტვ პირველს" სახლიდან გამოსვლისას. სხვა შეკითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ თქვა:

„დაცულია ყველა პატიმრის სიცოცხლე და უსაფრთხოება“.

„ჩვენ ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იცით გუშინდელი გარემოების შესახებ. და თავად განაცხადა გადაყვანაზე უარი“, - დასძინა მინისტრმა.

ინციდენტი კვირა საღამოს

4 ოქტომბერს, 22:45 საათისთვის, პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, იმავე საღამოს დავითაძემ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ „დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“.

უწყების განცხადებით, ეს ინციდენტი მოხდა 4 ოქტომბერს 21:12 საათზე და გადაღებულია საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერით.

განცხადებიდან არ ირკვევა, საიდან ჰქონდა დავითაძეს „გაურკვეველი მცირე საგანი“ - ან რა ტიპისა შეიძლება ყოფილიყო ეს საგანი.

პენიტენციური სამსახურის თანახმადვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის „მონიტორინგის მიზნით“ დავითაძეს შესთავაზეს „ვივამედში“ გადაყვანა, თუმცა მან „კატეგორიული უარი განაცხადა“.

„შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები“, - აცხადებს სამსახური.

ასევე ნახეთ

პატიმარი სექსუალურ ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური „კატეგორიულად უარყოფს“

გიორგი დავითაძის საქმე

  • 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა სექსუალური ძალადობის შესახებ. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
  • „ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.
  • დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. მან გამოაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
  • პენიტენციური სამსახური ბრალდებას „კატეგორიულად უარყოფს“.

ასევე ნახეთ

8 შეკითხვა: არასამთავრობოები ითხოვენ, კარგად გამოიძიონ პატიმრის განცხადება სექსუალურ ძალადობაზე
  • უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, ასახავს პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას. ვიდეოს ხმა არ აქვს.
  • მედიასთან 2 ოქტომბერს ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განაცხადა: „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ“;
  • 10-ზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ იმავე დღეს მოითხოვა, ხელისუფლებამ „ეფექტიანად და სრულყოფილად“ გამოიძიოს საქმე და განაცხადა, რომ „პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში.
  • 3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, რომლებშიც, მათი განმარტებით, მსჯავრდადებულზე ძალადობაა ასახული.

ასევე ნახეთ

"გასაჯაროვდეს კადრები ბოლომდე, გადადგეს ციხის უფროსი" - გიორგი დავითაძის ახლობლებმა რუსთავის მე-6 ციხესთან აქცია გამართეს