„ოცნება ერთპარტიული რეჟიმის დამყარებას ცდილობს“ - დებატები ევროპარლამენტში და ახალი რეზოლუციის პროექტი

7 ოქტომბრის დებატების შემდეგ, ევროპარლამენტში რეზოლუციას 8 ოქტომბერს კენჭს უყრიან და, როგორც მოსალოდნელია, მიიღებენ კიდეც.

7 ოქტომბერს ევროპარლამენტარებმა საქართველოს შესახებ მორიგი დებატები გამართეს.

საქართველოზე დებატი, - რომელიც უშუალოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას შეეხება, - 7 ოქტომბერს ევროპარლამენტის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი იყო.

დებატებს 8 ოქტომბერს მოჰყვება რეზოლუციის კენჭისყრა.

დებატებისას სიტყვით გამოვიდნენ როგორც რეზოლუციის მომხრეები, - რომლებიც უმრავლესობაში არიან, - ისევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები.

რასა იუკნევიჩიენე

ლიეტუვა, EPP/„ქრისტიან-დემოკრატები“

„ქართველებს ხელი არ ჩაუქნევიათ. ხალხი კვლავ აპროტესტებს. უმრავლესობას კვლავ სურს ევროპული მომავალი. სწორედ ამიტომ არის ჩვენი დღევანდელი გზავნილი მათთვისაც მნიშვნელოვანი. რეჟიმს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა სურს.

მან გერმანული პოლიტიკური ფონდები თბილისში ოფისების დახურვამდე მიიყვანა. იგი ციხეში სვამს მათ, ვინც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის იბრძვის.

რასა იუკნევიჩიენე

ეს ძალა არ არის. ეს შიშია.

ივანიშვილის რეჟიმმა რუსეთი აირჩია და უარი თქვა ქართველი ხალხის ნებაზე. პუტინიზმი დამარცხდება. საქართველოს „ბიძინიზაცია“ დამარცხდება. რუსეთი არავისთვის წარმოადგენს მომავალს.

უკრაინა კვლავ დგას და იბრძვის.

სომხეთმაც გააკეთა თავისი არჩევანი, მიუხედავად მოსკოვის მხრიდან ზეწოლისა.

ასე რომ, იმედი არ დაკარგულა.

სწორედ ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე.

აუცილებელია სანქციების დაწესება ივანიშვილისა და ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ“.

ასევე ნახეთ

პოლიტიკოსების დაპატიმრების გამო, ეს არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი - იუკნევიჩიენემ რეზოლუციის შესწორებები წარადგინა

ტობიას კრემერი

გერმანია, „სოციალისტები და დემოკრატები“

„როგორი სასოწარკვეთილი უნდა იყოს მთავრობა, რომ საკუთარი თავის გარდა ყველა პოლიტიკური პარტია აკრძალოს?

ტობიას კრემერი

რამდენად უნდა ეშინოდეს მას საკუთარი ხალხის, რომ მშვიდობიანი მომიტინგეები სცემოს, ჟურნალისტები დააპატიმროს და საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური საშუალებები გამოიყენოს?

თუმცა სწორედ ამას ვხედავთ საქართველოში, სადაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი, როგორც ჩანს, საბჭოთა წარსულის აღდგენის უცნაურ რეჟიმზე გადავიდა: საგარეო ასპარეზზე ქვეყანას ევროპულ მომავალს აშორებს და კრემლის ორბიტაზე აბრუნებს, ხოლო შიდა პოლიტიკაში საბჭოთა ტიპის ერთპარტიული სახელმწიფოს შექმნას ცდილობს.

მაგრამ „ქართულ ოცნებას“ ერთი პრობლემა აქვს: თავად ქართველებს არ სურთ, კვლავ ჰომო სოვიეტიკუსებად იქცნენ“.

ტომაშ ფროლიხი

ტომაშ ფროლიხი

ტომაშ ფროლიხი, გერმანია (AfD), „სუვერენულ ერთა ევროპა“.

ორმაგი სტანდარტების უკეთეს მაგალითს ვერც იპოვით. თქვენ გაწუხებთ საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხი, მაგრამ ამავდროულად გსურთ, აკრძალოთ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - AfD. ვერ ხედავთ აქ ინტელექტუალურ წინააღმდეგობას?!

სწორედ ასეთი შერჩევითი აღშფოთება იწვევს სანდოობის დეფიციტს. ადამიანის უფლებების შერჩევითი ინტერპრეტაცია და შერჩევითი მორალი საერთაშორისო დონეზე სანდოობას ძირს უთხრის.

საქართველოს რა პრობლემა აქვს? ქვეყანა ვითარდება და ეკონომიკური ზრდა 8%-ს შეადგენს. ეს ჩვენთვის ოცნების ტოლფასი იქნებოდა... მაშ, რაზე ვსაუბრობთ რეალურად? საქმე დემოკრატიას არ ეხება.

საქმე ეხება იმას, რომ ქვეყანა უარყოფს „ვოუკ“ (woke) იდეოლოგიას, ამ აბსურდს და ლგბტ-პროპაგანდას, პატივს სცემს საკუთარ ქრისტიანულ მემკვიდრეობას და არ ერთვება რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, რადგან არ სურს, მომდევნო უკრაინად იქცეს.

მალგორჟატა გოშევსკა

პოლონეთი, „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“

„ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიას ანადგურებს და ქვეყანას რუსული ტიპის დიქტატურისკენ მიაქანებს.

მან ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ინსტიტუტები და სასამართლო სისტემა, დევნის ოპოზიციას და სურს, კანონგარეშედ გამოაცხადოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები.

მალგორჟატა გოშევსკა

ეს აღარ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ოლიგარქიული დიქტატურის დამყარების მცდელობა.

ამ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც იბრძოდა თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ეწინააღმდეგებოდა რუსულ აგრესიას.

დღეს ის იმ ადამიანების მიერაა დაპატიმრებული, რომლებსაც სურთ, საქართველო ევროპულ გზას ჩამოაშორონ“.

ასევე ნახეთ

გაფართოების შესახებ ევროკომისიის კომუნიკეში საქართველო ნახსენები არ არის - რა წერია დოკუმენტში და სად წერია საქართველოზე?

ახალი რეზოლუცია პარტიების აკრძალვას დაგმობს

ევროპარლამენტი 8 ოქტომბერს მორიგ რეზოლუციას უყრის კენჭს საქართველოს შესახებ - ამჯერად „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ევროპარლამენტი, მიღების შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დაგმობს საქართველოში დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობის თანდათან გაუარესებას.

ხელისუფლება კვლავ ხაზგასმით მოხსენიებულია, როგორც „ქართული ოცნების ხელისუფლება“.

ასევე ნახეთ

პარტიების აკრძალვის სარჩელს საკონსტიტუციოს ყველა მოსამართლე განიხილავს

ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი „ქართული ოცნების“ უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიც საქართველოს „ერთპარტიულ რეჟიმად“ ქცევაა.

რეზოლუციის პროექტში ეს მიდგომა რუსეთისა და ბელარუსის მოდელსაა შედარებული.

დოკუმენტში ასევე შეშფოთებაა გამოხატული საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, - ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ 23 სექტემბერს სასამართლოში ახალი მოსამართლეების დანიშვნამ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით „სერიოზული ეჭვები“ გააჩინა.

ასევე ნახეთ

რატომ და როგორ კრძალავს "ოცნება" ოპოზიციურ პარტიებს? - რა უნდა ვიცოდეთ კონსტიტუციური სარჩელის შესახებ

შეშფოთება გერმანული ფონდების დახურვის გამო

რეზოლუციის პროექტი ასევე ეხება საქართველოში გერმანული პოლიტიკური ფონდების საქმიანობის შეზღუდვას.

მასში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, 2026 წლის 30 სექტემბერს ორი გერმანული ფონდი იძულებული გახდა, თბილისში ოფისები დაეხურა.

ესენი იყვნენ კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდები.

საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული ფონდი „იძულებული გახდა, დროებით შეაჩეროს საქმიანობა“.

ასევე ნახეთ

გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა

„გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები“

ევროპარლამენტარები რეზოლუციაში „მკაცრად გმობენ“ საქართველოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას ითხოვენ.

მათი განცხადებით, მოქმედი პოლიტიკური ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი საყრდენია და მისი სასამართლო გზით გაქრობა დემოკრატიასთან შეუთავსებელია.

რეზოლუციის პროექტში ასევე არის მოწოდება ყველა „პოლიტიკური პატიმრის“, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიას დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების შესახებ.

ევროპარლამენტარები ასევე ითხოვენ „საბოტაჟის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების“ უკან წაღებას და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.

ასევე ნახეთ

უარი ევროპელ დიპლომატებს - 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ სასამართლო სხდომებს მათ არ დაასწრებენ

პარლამენტი კომისიას კვლავ სთხოვს სანქციებს

რეზოლუციის პროექტში კონკრეტულად არიან მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და კახა კალაძე, - როგორც ის პირები, რომელთა წინააღმდეგაც, ევროპარლამენტარების თანახმად, სანქციები და სავიზო აკრძალვები უნდა დაწესდეს.

დოკუმენტით ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს „ევროპარლამენტის მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“.

„ჩალის ფასი აქვს“ - „ქართული ოცნება“

ევროპარლამენტმა ბოლო წლების განმავლობაში მიიღო არაერთი კრიტიკული რეზოლუცია, რომლებითაც კრიტიკულად შეაფასა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა, კანონის უზენაესობა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები.

„ქართული ოცნების“ ლიდერები 2022 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, უწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ რეზოლუციებს, - მათ შორის ისეთებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, - „ჩალის ფასი აქვს“.

მეტიც, - ლიდერების განცხადებით, მსგავსი რეზოლუციები, - როგორიც ჰქონია აფასებს ევროპარლამენტსაც და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, - „საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე შეტევად“ აფასებს.

ასევე ნახეთ

პაპუაშვილი "საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეაზე შეტევად" აფასებს ევროპარლამენტისა და PACE-ს რეზოლუციებს