- უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის მიერ ინიციირებული და ჯერჯერობით წარუმატებელი მოლაპარაკება განახლდება იმ ფონზე, როცა რუსეთი სულ უფრო ინტენსიურად უტევს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის დედაქალაქ კიევს.
- მხოლოდ გასულ ორ დღეში უკრაინაში დაიღუპა 60-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ში მოლაპარაკებას ევროპელი პარტნიორებიც შეუერთდებიან.
უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერჰი კისლიცა და ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია. ისინი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივენ უიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდებიან.
პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის სხვადასხვა ვარიანტს, მათ შორის დარტყმების შეწყვეტას ზღვაზე და ენერგეტიკაზე. ასევე, უკრაინის საჰაერო თავდაცვის და დაფინანსების საკითხებს.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მომავალი კვირის ორშაბათს უკრაინის დელეგაცია კიევში იქნება და მოლაპარაკების ყველა დეტალს გააცნობს.
ასევე ნახეთ
კიევში ისევ მსხვერპლია რუსეთის შეტევის შედეგად, პრილუკიში დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდაასევე ნახეთ
კრამატორსკში დიდი მსხვერპლია რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგადკიდევ რა არის ცნობილი 9-10 ოქტომბრის მოლაპარაკებაზე
სააგენტოების AFP-ის და Reuters-ის ამერიკული წყაროების ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც მაიამიში გაიმართება, განიხილება ახალი იდეები და წინადადებები, რომელთა განვითარებაც ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა რუსეთთან და უკრაინასთან დაიწყეს ამასწინანდელი ვიზიტისას.
- იგულისხმება აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, უიტკოფის და კუშნერის სექტემბრის ვიზიტები მოსკოვსა და კიევში. კონკრეტულად რა წინადადებებსა და იდეებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
აშშ-ში 9-10 ოქტომბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებში უიტკოფის და კუშნერის გარდა მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და საფრანგეთიდან და ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლები.
ასევე ნახეთ
რუბიო: უკრაინის გარშემო ვითარება ამჟამად სახიფათო ჩიხშიააშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომი სახიფათო ჩიხში შევიდა. რუბიოს თანახმად, ვაშინგტონი განაგრძობს მუშაობას კონფლიქტის გადასაჭრელად.
კრემლი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოსაზრებას დაეთანხმა. რუსეთის პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 8 ოქტომბერს სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუბიო მართალია და ჯერჯერობით ვერანაირ წინაპირობას(ომის დასრულების) ვერ ხედავენ, მაგრამ დიპლომატების ხელოვნება სწორედ ის არის, რომ იპოვონ რაღაც გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის „სამშვიდობო ტრაექტორიაზე გასვლას“.
ამერიკული გამოცემა Axios-ის წყაროს ცნობით, უკრაინის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, ოქტომბერშივე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში ვიზიტს გეგმავენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შემდგომი მოლაპარაკებისთვის.
- უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
- იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
- მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკება აღარ განახლებულა, თუმცა იყო არაერთი ორმხრივი შეხვედრა.