ამერიკელი სენატორები მოითხოვენ, ტრამპმა უარი თქვას რუსული დიზელის საწვავის იმპორტზე

აშშ-ის დროშა კონგრესის შენობასთან, ვაშინგტონში

ამერიკელი სენატორების ჯგუფი კანონის დარღვევად მიიჩნევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტის შესახებ.

დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორების ერთობლივი განცხადება, რომ პუტინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა დაუშვებელი და უკანონოა, 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საიტზე.

რას მოითხოვენ სენატორები და რატომ?

დემოკრატი სენატორების, ჯინ შაჰინის, რიჩარდ ბლუმენტალის და რონ უაიდენის და რესპუბლიკელი სენატორების, სიუზან კოლინზის, ლიზა მურკოვსკის, ტომ ტილისის და ჯონ კერტისის განცხადებით, 2022 წელს კონგრესმა აკრძალა რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტი, რათა არ დაუშვას უკრაინის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი ომის დაფინანსება და მკაფიოდ მიუთითა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი არ უნდა განახორციელოს, სანამ ის არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მუქარას ნატოელი მოკავშირეების მიმართ.

სენატორთა თანახმად, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტის შესახებ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონგრესის მიერ მიღებულ კანონს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას კონგრესთან კონსულტაციები არ ჰქონია და არ განუმარტავს, რაც ეფუძნება გადაწყვეტილება, როგორც ამას კანონი მოითხოვს.

ამერიკელი სენატორების ჯგუფი აცხადებს, რომ აშშ პუტინს ფინანსურად არ უნდა დაეხმაროს, სანამ რუსეთი განაგრძობს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას. სენატორები მოითხოვენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ კურსი დაუყოვნებლივ შეცვალოს.

ასევე ნახეთ

რუსეთი ვადაზე ადრე აუქმებს დიზელის ექსპორტზე შეზღუდვებს
  • 9 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებს დიზელის საწვავის მიწოდებას აშშ-ისა და საერთაშორისო ბაზრებისთვის.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მიცემული ნებართვა არის ომში ინვესტირება და საჩუქარი პუტინისთვის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შესუსტება დეესკალაციისკენ მიმართული მკაფიო შეთანხმების გარეშე, არის აშკარა სისუსტე, რაც ნიშნავს, რომ ის უფრო დიდხანს იომებს, უფრო ნაკლები პატივისცემა ექნება ამერიკის მიმართ და უფრო მეტად დააზიანებს მსოფლიოს.

9 ოქტომბერს აშშ-ში წინასწარ დაგეგმილზე ადრე დასრულდა უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკება. გამოცემა Financial Times-ის წყაროთა თანახმად, ვიზიტის ხანგრძლივობა შეამცირა კიევის დელეგაციამ, რომლისთვისაც მოულოდნელი იყო ტრამპის განცხადება რუსული დიზელის საწვავის იმპორტის განახლების შესახებ.

პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ მისმა თანაპარტიელმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ბრაიან ფიცპატრიკმა განაცხადა, რომ კენჭისყრაზე წარადგენენ რონალდ რეიგანის სახელობის ორპარტიულ კანონპროექტს, რომლითაც უნდა აიკრძალოს რუსული ნავთობის ნებისმიერი შეძენა.

  • აშშ-ში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საწვავი მკვეთრად გაძვირდა.
  • პრეზიდენტმა ტრამპმა, რომლის რესპუბლიკურმა პარტიამ ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, კონგრესზე კონტროლი დაკარგოს, საწვავის გაძვირება არაერთხელ დაუკავშირა არა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შედეგებს, არამედ უკრაინის დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
  • შეერთებულმა შტატებმა უკრაინას არაერთხელ მიმართა, შეეწყვიტა შეტევები რუსეთის ნავთობობიექტებზე.

ასევე ნახეთ

ზელენსკიმ დაასახელა პირობები რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმების შესაჩერებლად
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წელს უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
  • მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
  • უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.