ვენეციის კომისია გრანტების კანონში ცვლილებებზე: საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმს

ვენეციის კომისია აკრიტიკებს „გრანტების კანონში“ ცვლილებებს, - ცვლილებებს, რამაც საქართველოში გერმანულ პოლიტიკურ ფონდებს დახურვა აიძულა.

ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოში 2026 წლის 4 მარტს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არაპროპორციულად ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ პლურალიზმსა და პოლიტიკური ოპოზიციის არსებობას.

ვენეციის კომისიის ცნობით, საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დასკვნის მომზადებისას ჩართულობაზე, რასაც კომისია „დასანანად“ აფასებს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, სულ მცირე, ორი წელიწადია, კომისიას მკაცრად აკრიტიკებს, უწოდებს მას „არასერიოზულს“ და „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფად მოიაზრებს.

ასევე ნახეთ

მივაგენით, ვინ არის „გლობალური ომის პარტია“ და რატომ ერჩის ივანიშვილს - შეთქმულების ამ თეორიის სათავეებთან

რას ეხება ვენეციის კომისიის დასკვნა

დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიამ 9-10 ოქტომბრის პლენარულ სესიაზე მიიღო, 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

შეფასება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ელვირა კოვაჩის მოთხოვნით მომზადდა.

25-გვერდიანი დოკუმენტით ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს კანონმდებლობას, განსაკუთრებით — სისხლისსამართლებრივ სანქციებსა და იმ ბუნდოვან ნორმებს, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ფართო დისკრეციას ანიჭებს.

საუბარია 2026 წლის 4 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც აერთიანებს ცვლილებებს:

  • „გრანტების შესახებ“ კანონში;
  • „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში;
  • სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილის თქმით, ვენეციის კომისია "გადაიქცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ კომენტატორად"

სწორედ გრანტების კანონში აღნიშნული ცვლილებები დაასახელა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბარბარა ფოსმა, იმის მიზეზად, რომ საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული პოლიტიკური ფონდი „იძულებული გახდა, დროებით შეაჩეროს საქმიანობა“.

მათგან ორმა, ადენაუერისა და ნაუმანის ფონდებმა, პირველ და ორ ოქტომბერს გამოაცხადეს, რომ საქართველოში ოფისები დახურეს.

ასევე ნახეთ

გერმანიის ელჩი: ოთხივე გერმანული ფონდი იძულებულია, დროებით შეაჩეროს საქმიანობა

როგორ აფასებს ვენეციის კომისია ცვლილებებს

ვენეციის კომისიის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი „გრანტის“ „ფართო განმარტებას“ უკავშირდება:

  • კანონმდებლობა გრანტად შეიძლება მიიჩნევდეს არა მხოლოდ ფულად დახმარებას, არამედ ტექნიკურ მხარდაჭერას, ექსპერტიზას, მომსახურებას, ტრენინგებსა და თანამშრომლობის სხვა ფორმებსაც.
  • ამასთან, გარკვეული ტიპის უცხოური დაფინანსების მისაღებად მთავრობის წინასწარი თანხმობაა საჭირო.

კომისიის შეფასებით, ასეთი ფართო განმარტება და წინასწარი თანხმობის მოთხოვნა ორგანიზაციებს გაურკვევლობის პირობებში ამყოფებს და ხელისუფლებას საქმიანობაში ჩარევის ფართო შესაძლებლობას აძლევს.

ასევე ნახეთ

გადახედეთ აქციებთან დაკავშირებულ კანონებსა და პრაქტიკას - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს

კომისია მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის ბუნდოვანი ფორმულირებები არ შეესაბამება სამართლებრივი „განსაზღვრულობის პრინციპს“.

ვენეციის კომისიის შეფასებით, შეზღუდვების ერთობლიობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპოზიციური პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებასა და არსებობას და დააზიანოს პოლიტიკური პლურალიზმი.

კომისია ხაზს უსვამს იმასაც, რომ სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უცხოური ჩარევისგან დაცვის მიზანი თავისთავად არ ამართლებს ფუნდამენტური უფლებების არაპროპორციულ შეზღუდვას. მეტიც, - დოკუმენტის ბოლოს ასკვნის:

„აღნიშნული დასკვნების გათვალისწინებით, ვენეციის კომისია მტკიცედ მიიჩნევს, რომ განსახილველი კანონმდებლობა არ ისახავს მიზნად საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების დაცვას ... უცხოური გავლენისა და გარე ჩარევისგან“.

ასევე ნახეთ

ვენეციის კომისიას "ქართული FARA-ს", გრანტების შესახებ კანონისა და მაუწყებლობის კანონში ცვლილებების გაუქმების რეკომენდაცია აქვს

„უარი ჩართულობაზე“

დასკვნის თანახმად, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი თქვეს:

„ვენეციის კომისია გამოთქვამს სინანულს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიჩინა სურვილი, ჩართულიყო კომისიასთან ამ დასკვნის მომზადების პროცესში, თუმცა კვლავაც მზად არის დიალოგისთვის“, - წერია დასკვნის ბოლოს.

ვენეციის კომისია - სრულად „ევროპული კომისია სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ - არის კონსტიტუციურ საკითხებში ევროპის საბჭოს (ევროსაბჭოს, CoE-ს) დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო.

მას ორ წელიწადზე მეტია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მკაცრად აკრიტიკებს და „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფად მოიაზრებს.

ასევე ნახეთ

"ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურაა" - კობახიძე ვენეციის კომისიაზე
  • 2024 წლის მაისში ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა „აგენტების კანონი“, მასში „ფუნდამენტური ხარვეზები“ დაინახა და გაუქმებისკენ მოუწოდა.
  • პასუხად ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კომისიას „დააწერინეს, გამჭვირვალობა არ ვარგაო“.
  • 2025 წლის 4 მარტს კი ირაკლი კობახიძემ კომისიას უწოდა „ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა“.

ასევე ნახეთ

როგორ „დააწერინეს“ ვენეციის კომისიას კრიტიკული დასკვნა „აგენტების კანონზე“