გრიპის სეზონი - როგორ შეიცვალა ვაქცინა და როდის დაიწყება აცრა?

2026-2027 წლის სეზონის ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, სამკომპონენტიანია.

მოკლედ

  • რატომ შეიცვალა ვაქცინა?
  • რომელ ვირუსებზეა ის გათვლილი?
  • როდის არის საუკეთესო დრო ასაცრელად?
  • სად ავიცრათ და როდიდან?
  • ვისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აცრა?
  • როდის უნდა გადავდოთ აცრა და რატომ?
წელს ვაქცინაციის მსურველები გრიპის სეზონისთვის სამკომპონენტიანი ვაქცინით აიცრებიან. გასულ წელთან შედარებით შეცვლილია ვაქცინის არა მხოლოდ კომპონენტების რაოდენობა, არამედ მისი შემადგენლობაც.

გასულ წელს საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია ამ დროს, 13 ოქტომბერს უკვე 3 დღის დაწყებული იყო. წელს ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ მოქალაქეები აცრას.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საყოველთაო ვაქცინაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

რატომ შეიცვალა გრიპის ვაქცინა?

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე გვიხსნის, რომ რაკი გრიპის ვირუსი მუდმივად იცვლება, ყოველწლიურად ახლდება ვაქცინის შემადგენლობაც.

მისი განმარტებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება ვირუსების გავრცელებას და განსაზღვრავს, რომელი შტამების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული მომავალი სეზონის ვაქცინა.

ივანე ჩხაიძე, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი

2026-2027 წლის სეზონისთვის ვაქცინის შემადგენლობის შერჩევა 2026 წლის თებერვალში დაიწყო:

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გარკვეულწილად უნდა ივარაუდოს, რა ტიპის გრიპის ვირუსების ცირკულაცია იქნება კონკრეტულ სეზონზე. შეუძლებელია 100%-ით გამოიცნო, რომელი ვირუსები გავრცელდება. ამიტომ ვაქცინების ეფექტიანობაც წლების მიხედვით განსხვავდება - ზოგ წელს 40-50%-ია, ზოგ წელს კი 60-65%“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ივანე ჩხაიძე.

რა შეიცვალა და რაზეა გათვლილი?

2026-2027 წლის სეზონის ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, სამკომპონენტიანია.

რადიო თავისუფლებისათვის ამ ეტაპზე უცნობია, რომელი მწარმოებლის ვაქცინით აიცრებიან მოქალაქეები. გასულ წელს საქართველოში ფრანგული წარმოების ვაქცინა შემოვიდა. ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ წელსაც ვაქცინა ევროპული ქვეყნიდან ჩამოვა.

სამკომპონენტიანი ვაქცინა გრიპის A ტიპის ვირუსის ორ და B ტიპის ვირუსის ერთ კომპონენტს მოიცავს.

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ვაქცინა ამ შტამებზეა მორგებული:

  • A (H1N1) - მისურის ვარიანტი - ე.წ. ღორის გრიპი. ამ ვირუსს შეუძლია გამოიწვიოს ფილტვების მწვავე ანთება, რესპირატორული უკმარისობა, ენცეფალოპათია, გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი).
  • A(H3N2) - დარვინის ვარიანტი - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მიმდინარეობს შტამი. განსაკუთრებით მძიმეა ხანდაზმულებისთვის. თუ გართულდა იწვევს პნევმონიას, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს. სწრაფად ვრცელდება. ამ ტიპის ვირუსით დაავადებულ ადამიანებს ხშირად უწევთ ჰოსპიტალიზაცია. ყოფილა გარდაცვალების შემთხვევებიც.
  • B ტიპის გრიპი - ტოკიოს ვარიანტი.

„წლევანდელი წელი გამორჩეულია - მთლიანად არის შეცვლილი შარშანდელი ვაქცინის შემადგენლობა. სამივე კომპონენტი ახალია. A ტიპის ვირუსის ორივე კომპონენტი შეცვლილია და B ტიპის კომპონენტიც განსხვავდება შარშანდლისგან“.

გრიპის A და B ტიპებს შორის ვირუსოლოგიური განსხვავებაა, თუმცა დაავადების სიმპტომებით მათი ერთმანეთისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ხანდახან ამბობენ, რომ B ტიპის ვირუსი უფრო მსუბუქად მიმდინარეობს ან კლასიკურ გრიპს არ ჰგავს. ეს ასე არ არის. კლინიკური თვალსაზრისით, A და B ტიპის გრიპის მიმდინარეობა იდენტურია“.

ორივე ტიპის გრიპს შეიძლება ახასიათებდეს მაღალი ტემპერატურა, ხველა, ყელის ძლიერი ტკივილი, თავისა და კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და უმადობა.

რატომ სამ და არა ოთხკომპონენტიანი?

გასულ წლებში, საქართველოში, იმუნიზაციისთვის ოთხკომპონენტიან ვაქცინას იყენებდნენ, თუმცა ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ წლევანდელი სამკომპონენტიანი პრეპარატი დაცვას არ ამცირებს:

„აღმოჩნდა, რომ B ტიპის ვირუსის ის ვარიანტი, რომელიც ვაქცინის შემადგენლობაში შედიოდა, ბოლო რამდენიმე წელია აღარ ცირკულირებს. ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მისი ამოღება გადაწყვიტა. თუ ვირუსი არ ცირკულირებს, მისი კომპონენტის ვაქცინაში შეტანა საჭირო აღარ არის“.

როდის არის საუკეთესო დრო ასაცრელად?

ივანე ჩხაიძის შეფასებით, საქართველოში ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის პირველი დღეები.

ამის მიზეზი გრიპის გავრცელების სეზონურობა და ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობაა.

„გრიპის ვირუსი საქართველოში უფრო ხშირად ნოემბრიდან ჩნდება. ვაქცინას მაქსიმალური დამცველობის გამოსამუშავებლად დაახლოებით ორი კვირა სჭირდება. თუ პირველ ნოემბერს აიცრებით, 14 ნოემბრისთვის ორგანიზმი უკვე მზად იქნება გრიპის ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

მისი თქმით, გრიპის ვაქცინის დამცველობითი მოქმედება დაახლოებით 6-8 თვე გრძელდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, აცრამ მოიცვას ვირუსის აქტიური ცირკულაციის პერიოდი - ნოემბრიდან მარტის ბოლომდე, ზოგჯერ აპრილშიც.

რა ვირუსები ცირკულირებს ახლა საქართველოში?

ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვირუსი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

ამ პერიოდში ძირითადად ცირკულირებს სხვა რესპირაციული ვირუსები:

  • რინოვირუსი;
  • პარაგრიპის ვირუსი;
  • ადენოვირუსი;
  • რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი (RSV);
  • კორონავირუსი.

როგორც ივანე ჩხაიძე გვიხსნის, მათი გავრცელება სეზონის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია. ეს ინფექციები ხშირად მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და პაციენტები უფრო ხშირად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს მიმართავენ, ვიდრე საავადმყოფოებს.

მისი შეფასებით, წელს რესპირაციული ვირუსების გავრცელების სურათი წინა წლების სეზონურ ტენდენციებს შეესაბამება.

დაიცავს თუ არა გრიპის ვაქცინა სხვა რესპირაციული ვირუსებისგანაც?

არა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა მხოლოდ გრიპის ვირუსის წინააღმდეგ არის განკუთვნილი.

„ძალიან ხშირად გვესმის, გრიპზე ავიცერი, მაგრამ მაინც დამემართა ვირუსი. ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინამ არ იმუშავა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უნივერსალური არ არის და სხვა რესპირაციული ვირუსებისგან არ გვიცავს“.

ჩხაიძის განმარტებით, სიცხე, ხველა და სურდო ავტომატურად გრიპს არ ნიშნავს. მსგავსი სიმპტომები სხვა რესპირაციულ ინფექციებსაც ახასიათებს.

ამასთან, გრიპის ვაქცინაცია ინფიცირებისგან აბსოლუტურ დაცვას არ იძლევა. მისი მთავარი დანიშნულებაა როგორც დაავადების რისკის, ისე მძიმე გართულებებისა და ჰოსპიტალიზაციის ალბათობის შემცირება.

„ვაქცინას ორი ძირითადი მიზანი აქვს: პირველი - არ დაგემართოთ გრიპი და მეორე - თუ მაინც შეგხვდათ გრიპის ვირუსი, დაავადება ისე მიმდინარეობდეს, რომ არ დამძიმდეს მდგომარეობა და არ დაგჭირდეთ საავადმყოფოში მოხვედრა“.

ივანე ჩხაიძეს მაგალითად მოჰყავს დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ ბავშვებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 72%-ით შეამცირა.

ვისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი?

გრიპის ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ინფიცირების შემთხვევაში, დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების მაღალი რისკი აქვთ.

„რისკის ჯგუფებში გრიპი უფრო მძიმედ მიმდინარეობს, უფრო მაღალია ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და პაციენტები უფრო ხშირად ხვდებიან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ამიტომ ვაქცინაციის პრიორიტეტების განსაზღვრისას სწორედ ამ ჯგუფებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი“.

რისკის ჯგუფებში შედიან:

  • 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
  • ორსულები;
  • 2 წლამდე ასაკის ბავშვები;
  • დიაბეტის მქონენი და დიალიზზე მყოფნი.

როდის უნდა გადავდოთ აცრა?

ვაქცინაციამდე არანაირი განსაკუთრებული კვლევებისა და ანალიზების ჩატარება არ არის საჭირო. ივანე ჩხაიძის განმარტებით, სეზონური გრიპის ვაქცინაციის გადავადების მიზეზი შეიძლება იყოს ვაქცინაციის დღეს მწვავე დაავადების გამოხატული ნიშნები:

„თუ ვაქცინაციის დღეს გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი, ღებინება ან სხვა სიმპტომები, იმ დღეს ვაქცინაცია უნდა გადაიდოს. როგორც კი გამოჯანმრთელდებით, შეგიძლიათ აიცრათ“.

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ გრიპის ვაქცინას ყველაზე ხშირად ადგილობრივი რეაქციები ახასიათებს:

  • ინიექციის ადგილზე ტკივილი;
  • შეწითლება;
  • მცირე შეშუპება.

„ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, დამატებითი ჩარევის გარეშეც, ერთ-ორ დღეში თავისთავად ქრება“.

რამდენი დოზა ვაქცინა შემოვა და სად შეიძლება გაკეთება?

ისევე როგორც გასულ წლებში, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში წელსაც, სავარაუდოდ 200 ათასი დოზა ვაქცინა შემოვა. ის ამბობს, რომ ვაქცინების ეს რაოდენობა სრულად პასუხობს მოსახლეობის მოთხოვნებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო წლების მონაცემებით, სეზონურ გრიპზე, ყოველწლიურად, საშუალოდ, 170 ათასი მოქალაქე იცრება.

გასულ წელს ვაქცინაცია საქართველოს მასშტაბით, 200-ზე მეტ სამედიცინო პუნქტში იყო შესაძლებელი.

ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელთა ნუსხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პორტალზე ჯერ არ გამოქვეყნებულა. უწყებაში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია, უახლოეს დღეებში განახლდება.