ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველოს ხელისუფლება არ იქნება

საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - ფოტო არქივიდან

15-16 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირის გაფართოების ფორუმი, რომელშიც ევროკავშირისა და კანდიდატი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის არ იქნება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი.

ევროკომისიის ოფიციალური პროგრამის მიხედვით, ფორუმზე სიტყვით გამოვლენ:

  • ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი;
  • ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა;
  • ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი;
  • ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი.

მონაწილეებს შორის არიან ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ლიდერები:

  • მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ;
  • უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერჰი კორეცკი;
  • ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა;
  • მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი;
  • ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ქრისტიან მიცკოსკი.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები, ევროპული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლებიც.

სიაში არ არის საქართველოს ხელისუფლება

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ მონაწილეთა სიაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან.

საქართველოს ხელისუფლება ფორუმზე არ მიუწვევიათ, ამის შესახებ გამოცემა Euroscope-ს წყარო უდასტურებს.

რადიო თავისუფლებამ ამ თემაზე კითხვით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ნინო ლომჯარია

ოფიციალური პროგრამის მიხედვით, ერთ-ერთ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ორგანიზაცია „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია. დისკუსია ევროკავშირის გაფართოების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების როლს შეეხება.

ფორუმის მთავარი თემებია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა, კანდიდატ ქვეყნებში რეფორმები, უსაფრთხოება და ეკონომიკური ინტეგრაცია.

ფორუმის მონაწილეთა სიაში ასევე არ არიან კიდევ სამი კანდიდატი ქვეყნის, სერბეთის, თურქეთისა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ხელისუფლების წარმომადგენლები.

ასევე ნახეთ

სერბეთი ევროკავშირსა და რუსეთს შორის - რა საერთო აქვს საქართველოსთან?

საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია

უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წლის 23 ივნისს მიიღეს, საქართველომ კი წელიწად-ნახევრის შემდეგ, 2023 წლის 14 დეკემბერს.

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაც გადაწყვიტა, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსი გარკვეული რეფორმების განხორციელების პირობით მიანიჭა.

2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა.

ასევე ნახეთ

კარი ღიაა, მაგრამ საქართველო ევროკავშირის ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

ევროკავშირის განმარტებით, ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა, მათ შორის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და დემოკრატიული უკუსვლა გახდა.

2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებდა.

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ სურს, თუმცა ბრიუსელისგან დამოკიდებულების შეცვლას ელოდება.

12 ოქტომბერს კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელობა საქართველოს მიმართ კვლავ „ხისტი დამოკიდებულებით“ გამოირჩევა. მისი თქმით, „ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია თუ გადაიხედება, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები“.

ასევე ნახეთ

კალასი: არ გვინდა მხარი დავუჭიროთ მთავრობას, გვსურს საქართველოს ხალხის მხარდაჭერა. კობახიძე: ამ სამარცხვინო თამაშებს არავითარი ფასი არ აქვს

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დაიწყო

13 ოქტომბერს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში ოფიციალურად გახსნა მეორე და მესამე კლასტერები, რომლებიც შიდა ბაზარს, კონკურენტუნარიანობასა და ინკლუზიურ ზრდას ეხება.

ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ მოლდოვამ ევროკავშირის გაფართოების პროცესში მოწინავე ქვეყნებს შორის დაიმკვიდრა ადგილი.

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

ამ ფონზე მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოლდოვის შურს, რადგან მისი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს უსწრებს.

„(საქართველოს) პრემიერ-მინისტრი ხელიდან არ უშვებს შესაძლებლობას, გააკრიტიკოს მოლდოვა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს უფრო შურია იმის გამო, რომ მოლდოვა ევროინტეგრაციის გზაზე უფრო სწრაფად მიიწევს წინ“, - განაცხადა გროსუმ.

ასევე ნახეთ

"ოცნება" მოლდოვას არ ულოცავს, არც მოლდოვამ მიულოცა - რა განსხვავებაა ორს შორის?

მან საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაშიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მოსკოვის მხრიდან ქართული პროდუქციის შეზღუდვა მოლდოვისთვის ნაცნობი გამოცდილებაა.

„დღეს ვკითხულობთ, რომ რუსეთის „როსპოტრებნადზორს“ არ მოსწონს არც ქართული ღვინო, არც წყალი, არც ლუდი, არც ხილი. ეს ჩვენთვის დეჟავიუა. მოლდოვამ ეს უკვე გამოიარა, როდესაც ჩვენს ღვინოს ტრაქტორებით ჭყლეტდნენ. ეს იმის მაგალითია, თუ როგორ უპატივცემულოდ ექცევა აგრესორი ქვეყანა მეზობელ სახელმწიფოებს“, - განაცხადა გროსუმ.

  • „ქართული ოცნების“ ლიდერებს არაერთხელ უთქვამთ, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვას არაერთი პარამეტრით უსწრებს, თუმცა ბრიუსელი თბილისს „უსამართლოდ ეპყრობა“. ევროკავშირის წარმომადგენლები კი მუდმივად მიუთითებენ საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიის კუთხით, არსებულ უკუსვლაზე.