არჩევნები ოთხ კვირაში გაიმართება. ერთი მხრივ, ანტიევროპული და პრორუსული ნარატივები ბევრისთვის ნათელს ხდის, რომ კრემლი სერბეთის არჩევნებში ჩარევას ცდილობს; მეორე მხრივ კი, მოსკოვი შიშობს, რომ არჩევნებს “ფერადი რევოლუცია” მოჰყვება.
25 ოქტომბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველი სერიოზული გამოცდა იქნება პოპულისტი ალექსანდარ ვუჩიჩისთვის, 14-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ. 2017 წლიდან ვუჩიჩი უცვლელად იკავებდა პრეზიდენტის პოსტს.
სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატია და ინტეგრაციის პროცესში საქართველოზე წინ არის, თუმცა თავისთავად დიდი პროგრესი არ აქვს. ბელგრადი და თბილისი საერთო ენას ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკაშიც ნახულობენ.
საკადრო გადაადგილებას წინ უსწრებდა სერბი ხალხის მღელვარება, რაც მოჰყვა ორი წლის წინ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურის ჩამონგრევისას 16 ადამიანის დაღუპვას.
რა გათვლა აქვს სერბეთის პრეზიდენტს?
პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის გეგმა ალექსანდარ ვუჩიჩმა ჯერ კიდევ ივნისში გაამჟღავნა და მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს იყო არა უკან დახევა, ხალხის მასშტაბური პროტესტის ფონზე, არამედ იყო ტაქტიკური ჩანაფიქრი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადანაცვლებისთვის.
- 7 სექტემბერს სერბეთის მთავრობამ ვუჩიჩს ქვეყნის პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თხოვნით მიმართა;
- ვუჩიჩმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს დანიშნა;
- და სათავეში ჩაუდგა მმართველი პარტიის - „სერბეთის პროგრესული პარტიის“ - საარჩევნო სიას, რაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობასაც ნიშნავს.
პრეზიდენტმა ვუჩიჩმა გადადგომის შესახებ განცხადება 27 სექტემბერს, კვირა დღეს გააკეთა. მანამდე კი, წინასაარჩევნო კამპანიაში პრაქტიკულად პრეზიდენტის რანგში იყო ჩართული, რაც კანონდარღვევად მიიჩნიეს და არასამთავრობო ორგანიზაციამ - “სოციალური კვლევების ბიურომ” [BIRODI] - ანტიკორუფციულ სააგენტოს მიმართა. მიმართვა უპასუხოდ დარჩა.
BIRODI-ს საჩივარი, როგორც “უსაფუძვლო”, არც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ მიიღეს.
ვუჩიჩმა პრეზიდენტის პოსტი ვადის ამოწურვამდე 8 თვით ადრე დატოვა.
რატომ გააკეთა ეს?
მთავარ მიზეზად ასახელებენ სერბეთის კონსტიტუციის მოთხოვნას - ორი ვადის შემდეგ, პრეზიდენტს კენჭისყრაში მესამედ მონაწილეობა ეკრძალება. ხოლო პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადანაცვლებით ვუჩიჩი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მართვას.
“წინასწარ დათმობებზე მიდის, რათა კონსტიტუციურად უფრო ძლიერი პოზიცია დაიკავოს“, - ივარაუდა ბელგრადის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა, დუშან სპასოევიჩმა.
პრეზიდენტის ფუნქცია სერბეთში ძირითადად პროტოკოლურია, თუმცა ვუჩიჩი ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები მთავარი პოლიტიკური ფიგურა იყო. ვუჩიჩი მანამდე 2-ჯერ იყო პრემიერ-მინისტრიც [2014-2016 და 2016-2017 წლებში, არასრული ვადებით].
ის, რაც ვუჩიჩმა ჩაიფიქრა, განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებში არ არის მიღებული - პოლიტიკოსი მონაცვლეობით იყოს პრეზიდენტისა თუ პრემიერ-მინისტრის პოსტებზე და ასე გაიხანგრძლივოს მმართველობა. ეს პუტინისა და მედვედევის სტილის სვლად მიიჩნევა.
ვუჩიჩი წინააღმდეგი იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნის, როდესაც პროტესტში ჩართული ახალგაზრდები დაჟინებით მოითხოვდნენ ახალ არჩევნებს. ახლა კი ვითარება შეიცვალა. ამ სვლით სერბეთის პრეზიდენტმა ამომრჩეველს გაუგზავნა სიგნალი, რომ ის ვითარებას აკონტროლებს.
ვინ არის ვუჩიჩის მთავარი მეტოქე?
არჩევნებში ვუჩიჩის პარტიის მთავარი მეტოქე სტუდენტები არიან. პროტესტში ჩართულები მხარს უჭერენ მოქალაქეთა ჯგუფის საარჩევნო სიას - „სტუდენტები იმარჯვებენ“ (Studenti pobeđuju).
თუმცა სტუდენტებს ძირითადად შიდა პრობლემები აინტერესებთ და ნაკლებად საგარეო თუ რეგიონული პოლიტიკა.
გადადგომამდე ვუჩიჩმა გადაწყვიტა, რომ შეიწყალოს 49 ადამიანი, რომელთა ნახევარი ბოლო პერიოდის მძლავრი პროტესტის მონაწილეა. „მათგან 23 დაკავშირებულია ყველა იმ საშინელ მოვლენასთან, რაც ჩვენ გადავიტანეთ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში“, - თქვა ვუჩიჩმა პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილების გამოცხადებისას.
საპროტესტო აქციები სერბეთში 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო, როცა 1 ნოემბერს ქალაქ ნოვი-სადში ბეტონის ჭერის ჩამონგრევას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მსხვერპლთაგან მე-16 გარდაიცვალა 21 მარტს. სტუდენტების აქტიურობით, მდუმარე აქციები ყოველდღე იმართებოდა, როცა მომიტინგეები სამანქანო გზებსა თუ ხიდებს მოკლე დროით კეტავდნენ; პერიოდულად კი ქუჩაში ზღვა ხალხი გამოდიოდა და მიტინგების მასშტაბი შთამბეჭდავი იყო მთელი მსოფლიოსთვის.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ანა ბრნაბიჩი იქნება - პარლამენტის ყოფილი სპიკერი. საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობა დაიშალა ვადამდელი არჩევნების თარიღის გამოცხადების შემდეგ. ანა ბრნაბიჩი ღიად ლესბოსელი ქალია. მედიის თანახმად, ბრნაბიჩი და მისი პარტნიორი 2019 წლიდან საერთო ვაჟს ზრდიან. ბრნაბიჩი ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იყო 2017 წლიდან.
ანა ბრნაბიჩს პრეზიდენტის პოსტზე დარჩენა, კონსტიტუციით, მაქსიმუმ 3 თვის ვადით მოუწევს. როგორც ვუჩიჩმა თავის გამოსვლაში აღნიშნა - პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტური დეკემბრის ბოლომდე გაიმართება.
კავშირი რუსეთთან
სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა - კრემლთან დაახლოებული ხელისუფლებით.
სერბეთის პრეზიდენტს არაერთხელ უმასპინძლეს მოსკოვში; ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ვიზიტი იყო 2025 წლის მაისში, როდესაც ვუჩიჩი „დიდი სამამულო ომის“ დასრულების მე-80 წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდა რუსეთში. ეს იყო პირველი ვიზიტი მოსკოვში - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მწვავედ გააკრიტიკეს ამ გადაწყვეტილებისთვის დასავლელმა პარტნიორებმა.
იმავე წლის სექტემბერში ვუჩიჩი პუტინს პეკინში შეხვდა - როცა ის ჩინეთის დედაქალაქში „მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვების” 80 წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ სამხედრო აღლუმზე დასასწრებად ჩავიდა.
ბოლო სატელეფონო საუბარი პუტინსა და ვუჩიჩს შორის 2026 წლის 26 სექტემბერს შედგა.
საუბრის შემდეგ ვუჩიჩმა გამოხატა იმედი, რომ მოხერხდება რუსეთის გაზთან დაკავშირებული შეთანხმების მორიგ ჯერზე გახანგრძლივება. სერბეთი ძირითადად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, თუმცა გრძელვადიანი შეთანხმების დადება ჯერ ისევ ვერ ხერხდება. ბოლო 3-წლიან შეთანხმებას ვადა ერთი წლის წინ ამოიწურა. მას შემდეგ მხოლოდ დროებითი გახანგრძლივება ხერხდება. ბოლო ასეთ შეთანხმებას ვადა 30 სექტემბერს ეწურება.
„მჯერა, რომ დღევანდელი საუბრის შემდეგ, ის [შეთანხმება] გახანგრძლივება და უზრუნველვყოფთ გაზის მოწოდების სტაბილურობას“ - დაწერა ვუჩიჩმა 26 სექტემბერს სოციალურ ქსელებში, პუტინთან საუბრის შემდეგ. EURACTIV-ი ასევე ციტირებს ვუჩიჩს, რომ სერბეთს 1000 კუბური მეტრი რუსული გაზის 318 ევროდ ყიდვის იმედი აქვს, როდესაც საბაზრო ფასი 868 ევროს შეადგენს.
ბელგრადს აწუხებს აშშ-ის სანქციებიც, რომლებიც მის უმსხვილეს ნავთობკომპანიას - „სერბეთის ნავთობმრეწველობას“ (NIS) დაეკისრა, რუსეთის მფლობელობაში არსებული საკონტროლო პაკეტის გამო. ამ ეტაპზე სანქციები გამონაკლისის წესით არის შეჩერებული. ვადა 30 სექტემბერს იწურება - ეს ბოლო ვადა ვაშინგტონმა კომპანიის გაყიდვის პროცესის დასასრულებლად დააწესა.
სანქციების მოსახსნელად საჭიროა რუსული მხარის სრული გასვლა კომპანიიდან. თვეებია ჭიანურდება მოლაპარაკებები კომპანიის 56%-იანი წილის უნგრული ენერგეტიკული გიგანტისთვის, MOL-ისთვის მიყიდვის შესახებ. ვარაუდობენ, რომ რუსეთი სერბეთში არჩევნების შედეგებს ელოდება.
„ჩვენ ასევე განვიხილეთ “სერბეთის ნავთობმრეწველობის” საკითხი იმ იმედით, რომ ვიპოვით ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ვუჩიჩმა პუტინთან საუბრის შემდეგ.
28 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სერბეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვს.
“სერბეთის უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანია რუსეთის მფლობელობაშია და სანქციები უნდა აღსრულდეს. ომის დამნაშავე პუტინის მეგობარ ვუჩიჩს ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა ენერგორესურსების დივერსიფიკაციისა და კომპანიის რუსული მფლობელობისგან გასათავისუფლებლად, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო”, - პრეზიდენტ ტრამპის თანაგუნდელი ასევე აცხადებს, რომ “ვუჩიჩი ამერიკას ატყუებს“, „დროა, გამონაკლისი დასრულდეს!” და საჭიროა სერბეთის წინააღმდეგ ამოქმედდეს გარდაცვლილი სენატორის - ლინდსი გრემის - ინიციატივით სანქციების ახლახან დამტკიცებული მექანიზმი.
რესპუბლიკელი ჯო უილსონი, დემოკრატ ბილ ქითინგთან ერთად, ავტორია კანონპროექტისა, რომელიც სერბეთის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოითხოვს. წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი ეს ინიციატივა ითვალისწინებს სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს იმათ მიმართ, ვინც საფრთხეს უქმნიან დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და სტაბილურობას დასავლეთ ბალკანეთში.
რუსეთის ჩარევა საარჩევნო პროცესებში
რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახურის ინფორმაციით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სერბეთში იზრდება პრორუსული ნარატივი და მატულობს დეზინფორმაციის ნაკადი, განსაკუთრებით პრორუსულ სერბულ მედიებსა და სოციალურ პლატფორმებზე.
მოსკოვი ალაპარაკდა "ფერად რევოლუციაზე", ისევე როგორც ეს 2024 წლის არჩევნების წინ საქართველოს შემთხვევაში ხდებოდა.
სერბეთში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრ ბოცან-ხარჩენკომ, აგვისტოში თქვა, რომ არსებობს “ფერადი რევოლუციის” კარგად ნაცნობი სცენარის" ამოქმედების საფრთხე, კენჭისყრის შემდეგ, არჩევნების შედეგების მიუხედავად. „ვესტისთან“ (Vesti) ინტერვიუში ელჩი ლაპარაკობს ევროკავშირის განზრახვაზე, ახალ ლიდერად იპოვოს მარიონეტი, რომელიც „უსიტყვოდ შეასრულებდა ევროკავშირის ყველა სურვილს, საზოგადოებრივი აზრისა და შიდა ფაქტორების გაუთვალისწინებლად“.
რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური იხსენებს ISFED-ის ანგარიშს - 2024 წლის არჩევნებში რუსული საინფორმაციო ოპერაციის შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ „რუსეთიდან გავრცელებული მთავარი დეზინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში დასავლეთის მიერ საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობის გეგმასა და ხელისუფლების ცვლილების მცდელობას უკავშირდებოდა“ და „აღნიშნული ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში კოორდინირებულად მიმდინარეობდა და არჩევნების შემდეგ თბილისის ქუჩებში პროტესტის პარალელურადაც გაგრძელდა“.
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კონგრესმენი უილსონი ამბობს, რომ რუსეთმა წარმატებით მოახერხა არჩევნებში ჩარევა საქართველოში, თუმცა ეს ვერ შეძლო უნგრეთში, მოლდოვასა და რუმინეთში; და ეს არც სერბეთში არ უნდა გამოუვიდეს - მიუხედავად აშკარა ძალისხმევისა, როცა კრემლი სერბი სტუდენტების თავისუფლებისთვის ბრძოლას დევნასა და წნეხს უპირისპირებს.
საერთო საქართველოსთან
გახშირებული მაღალი დონის ვიზიტები, შეხვედრები და ურთიერთობების გაღრმავების მისწრაფება - თბილისისა და ბელგრადის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ბევრი აქვთ საერთო და ერთმანეთისგანაც ბევრს სწავლობენ.
„ჩვენ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის, იმ პოლიტიკისა, რასაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყნებში“, - განაცხადა თბილისში ჩამოსულმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, 2026 წლის ივნისში. ის აღფრთოვანებული იყო საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლებით. მას ევროკავშირში გაწევრიანებაზე არ ულაპარაკია “ქართული ოცნების” მთავრობის მეთაურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. კობახიძემ კი თქვა, რომ „საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე” და ასევე აქვთ “საერთო გამოწვევებიც“ ამ მიმართულებით.
ალექსანდარ ვუჩიჩთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა “ქართული ოცნების” ამჟამად პატიმარ ექსპრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს. სერბეთის პრეზიდენტმა საგანგებოდ მოიწონა, როდესაც ღარიბაშვილის თაოსნობით, საქართველომ ჩინეთთან დაახლოება დაიწყო.
ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რაც თბილისისა და ბელგრადის წარმომადგენლებს აკავშირებთ.
„მიგვაჩნია, რომ ის დამოკიდებულება, რომელიც ევრობიუროკრატიის ხელმძღვანელებს ჩვენს ქვეყანასთან აქვს, არის უსამართლო, ხშირად არის ორმაგი სტანდარტი. ეს არ არის სიახლე ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, სერბეთისთვის“, - თქვა უპირატესად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა 2025 წლის დეკემბერში, როდესაც სერბეთს სტუმრობდა [ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის ისტორიაში პირველი ვიზიტი სერბეთში].
2026 წლის ივნისში ვუჩიჩს ყაველაშვილმა თბილისში უმასპინძლა. მათ პრესკონფერენცია არ გაუმართავთ.
2025 წლის გაზაფხულზე, როდესაც ბელგრადს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის დელეგაცია ესტუმრა, ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ბელგრადის ევროინტეგრაციის გამოცდილების შესწავლა დასახელდა. თუმცა დელეგაციის წევრები ძირითადად უარყოფით გამოცდილებაზე ლაპარაკობდნენ - ხელოვნურ ბარიერებზე, იმედგაცრუებაზე.
„სერბეთს [საქართველოს] მსგავსი ტიპის გამოწვევები აქვს სუვერენიტეტისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ევროინტეგრაციის გზაზე“, - ამბობდა მარიამ ლაშხი, საპარლამენტო დელეგაციის წევრი.
“სხვათა შორის, ძალიან ბევრი რამ გვენიშნა, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესს ჰგავს“, - უარყოფით გამოცდილებაზე ამახვილებდა ყურადღებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძეც.
სერბეთი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზეა. სწორედ ეს აუცილებელი ეტაპი დააპაუზა „ქართულმა ოცნებამ“ 4 წლით, 2028 წლის ბოლომდე. ეს გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა, რასაც საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა და დღემდე გრძელდება. პროტესტს ბელგრადიცა და თბილისიც უცხოური ფულით დაფინანსებულ გარე ჩარევად მიიჩნევენ.
ბოლოს კობახიძე ვუჩიჩს ნიუ-იორკში შეხვდა, 25 სექტემბერს, გაეროს გენასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში. განხილულ საკითხებს შორის კვლავ დასახელდა: ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდა, თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივები და საელჩოს გახსნის მნიშვნელობა.
“სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე”, - მითითებულია ირაკლი კობახიძის ოფიციალური განცხადების ბოლო აბზაცში.
აგვისტოში ვუჩიჩი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დახმარებას დაჰპირდა უკრაინას, თუმცა ყველასთვის ნათელია, რომ სერბეთს თავად აქვს პრობლემები ევროინტეგრაციის პროცესში.
სერბეთის შენელებული ევროინტეგრაცია
სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე 2013 წლიდან გადავიდა და მოლაპარაკებების პროცესში უკვე გახსნილი აქვს 35-დან 20-ზე მეტი თავი [ახალი საზომით ჰქვია კლასტერი/ბლოკი], მაგრამ ქვეყნის პროგრესი მცირეა.
წლების განმავლობაში სერბეთის ევროინტეგრაციას ბევრი ფაქტორი უშლიდა ხელს, მათ შორის - დემოკრატიული უკუსვლა თუ რუსული დეზინფორმაციის ხელშეწყობა.
- ევროკავშირიდან სერბეთს ხშირად მიუთითებდნენ ნაკლოვანებებზე მედიის თავისუფლების, კორუფციასთან ბრძოლისა თუ საარჩევნო რეფორმების მიმართულებებით.
- სერბეთი არ უერთდება რუსეთისთვის დაკისრებულ საერთაშორისო სანქციებს, რაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაღობად განიხილება ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
სექტემბერში დამტკიცებულ ანგარიშში ევროპარლამენტი აღნიშნავდა, რომ სერბეთი გახდა „დეზინფორმაციის საკვანძო ჰაბი და შუამავალი რუსული, ხოლო უფრო მცირე ზომით - ჩინური გავლენის ოპერაციებისთვის“.
მოლდოვის სპეცსამსახურებმა 2025 წლის სექტემბერში განაცხადეს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები სერბეთში ამზადებდნენ მოლდოვის მოქალაქეებს - მოლდოვის არჩევნების დროს მასობრივი არეულობის გამოსაწვევად.
ფორუმი