14 ოქტომბერს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ფაშინიანმა წარმოადგინა საკუთარი ხედვა, როგორი უნდა იყოს მშვიდობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიცირების შემდეგ.
მისი თქმით, სომხეთის ტერიტორიის ფართობი 29 743 კვადრატული კილომეტრი უნდა იყოს, ხოლო საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
„ანკლავებისა და ექსკლავების საკითხი შემდეგი ფორმულით უნდა გადაწყდეს: საზღვრის არცერთ მხარეს არ უნდა არსებობდეს ანკლავები და ექსკლავები. ანუ ორმა ქვეყანამ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, ზუსტად თანაბარი ფართობის ტერიტორიები უნდა გაცვალონ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნებს შორის ყველა გზა და სატრანსპორტო კომუნიკაცია უნდა გაიხსნას, ხოლო ერევანმა და ბაქომ ერთმანეთის მიმართ ყოველგვარ პრეტენზიაზე უნდა თქვან უარი.
„თურქმენეთში აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ჩემი კონტაქტების შედეგებიდან გამომდინარე, წინასწარი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მშვიდობას ასეთი სახე მივცეთ. უახლოეს მომავალში ამ შესაძლებლობის რეალიზებაზე ვიმუშავებთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ასევე ნახეთ
„როსატომმა“ სომხეთს ატომური სადგურის მშენებლობის კონკრეტული წინადადება გააცნოანკლავები და ექსკლავები
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრებთან საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილია ოთხი ანკლავი: სამი აზერბაიჯანული და ერთი სომხური.
სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის შიგნით მდებარეობს აზერბაიჯანის სამი ანკლავი. მათზე კონტროლი სომხეთმა 1990-1992 წლებში დაამყარა.
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კი სომხეთის კუთვნილი ერთი ანკლავია, რომელზეც აზერბაიჯანულმა ძალებმა კონტროლი 1992 წლის აგვისტოში დაამყარეს.
სამი აზერბაიჯანული ანკლავის საერთო ფართობი დაახლოებით 44 კვადრატული კილომეტრია, ხოლო სომხურის - დაახლოებით 38 კვადრატული კილომეტრი.
ანკლავებისა და ექსკლავების საკითხი ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის ერთ-ერთი გადაუჭრელი საკითხია. ფაშინიანის მიერ შეთავაზებული ფორმულა გულისხმობს ტერიტორიების გაცვლას ისე, რომ ორივე ქვეყანამ შეინარჩუნოს თავისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ფართობი.
ასევე ნახეთ
საქართველოში ეხმაურებიან ჰიჯაბის აკრძალვას აზერბაიჯანის სკოლებშისამშვიდობო შეთანხმება
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კონტაქტები განსაკუთრებით გააქტიურდა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრის ფარგლებში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამშვიდობო შეთანხმების შეთანხმებული ტექსტის პარაფირება მოახდინეს.
თუმცა სამშვიდობო შეთანხმება ჯერ არ არის ხელმოწერილი. ბაქო მის ხელმოწერამდე სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებას მოითხოვს.
ასევე ნახეთ
"ტრამპის მარშრუტი" - სად არის საქართველო საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის გზაზე?აზერბაიჯანი მიუთითებს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც 1990 წლის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ეყრდნობა. დეკლარაციაში კი მოხსენიებულია 1989 წლის დადგენილება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანების შესახებ, რასაც ბაქო აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიად მიიჩნევს.