რუმინეთის სანაპიროსთან ხანძარი გაუჩნდა კიდევ ერთ სატვირთო გემს

კომორის დროშით მცურავი გემი Yara J(საილუსტრაციო ფოტო)

შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან 15 ოქტომბერს დილით ხანძარი გაუჩნდა ქიმიური პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილ სატვირთო გემს, სან-მარინოს დროშით მცურავ WINE TRADER-ს. ბოლო ორ დღეში ეს მეორე შემთხვევაა.

რუმინეთის სამხედრო-საზღვაო უწყების საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათისთვის, ქალაქ სულინიდან დაახლოებით 13 მილის მანძილზე მყოფი გემიდან მიიღეს შეტყობინება ხანძრის შესახებ, რასაც სამაშველო ოპერაციის დაწყება მოჰყვა.

გემის ეკიპაჟის 12 წევრიდან 4 უსაფრთხოდაა, 8 დაკარგულად ითვლება. ხანძრის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან რუმინეთის არმიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები.

მეორე ინციდენტი ბოლო ორ დღეში

14 ოქტომბერს საღამოს შავ ზღვაში, რუმინეთის ქალაქ სულინის მახლობლად ხანძარი გაჩნდა კომორის დროშით მცურავ სატვირთო გემზეც Yara J.

რუმინეთის მეზღვაურთა პროფკავშირის ინფორმაციით, გემზე უპილოტო აპარატით შეტევა იყო. 17-წევრიანმა ეკიპაჟმა ხანძარი თავისი ძალებით ჩააქრო. არავინ დაშავებულა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ დრონებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს. ამ დრონების კავშირი გემ Yara J-ზე გაჩენილ ხანძართან დადასტურებული არ არის.

  • რუმინეთის მეზობელ უკრაინაზე რუსეთის შეტევებისას და უკრაინის თავდაცვითი მოქმედებებისას ხშირია დრონების შეღწევა რუმინეთის საჰაერო სივრცეშიც. იყო დრონების ჩამოვარდნის და აფეთქების არაერთი შემთხვევაც.

ასევე ნახეთ

ბულგარეთის სანაპიროსთან კიდევ ერთი გემი ჩაიძირა უპილოტო აპარატებით შეტევის შედეგად

2026 წლის 6 და 13 ოქტომბერს უპილოტო აპარატებით ოთხ სატვირთო გემზე იყო შეტევა შავ ზღვაში, ბულგარეთის სანაპიროსთანაც. ორი მათგანი ჩაიძირა.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა 13 ოქტომბრის შეტევის შემდეგ განაცხადა, რომ უპილოტო აპარატების წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია, მაგრამ ლოგიკა აჩვენებს, რომ შედეგი ხელს აძლევს რუსეთის ფედერაციას, ამიტომ რუსეთის ელჩი შეხვედრაზე დაიბარა.

უკრაინული გამოცემის, „ევროპეისკა პრავდას" ცნობით, 15 ოქტომბერს ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერთა სამიტის დაწყებამდე რადევმა განაცხადა, რომ ბულგარეთს ჯერჯერობით არ აქვს მყარი მტკიცებულებები, რომ უპილოტო აპარატები რუსული იყო, თუმცა ვარაუდი რუსეთის ელჩს გააცნო, მით უმეტეს, რომ არალოგიკურია უკრაინას თავისივე ხორბლით დატვირთული გემებისთვის დაერტყა.

  • უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ერთ-ერთი სამიზნეა სატვირთო გემები შავ ზღვაში. თავის მხრივ, უკრაინა უტევს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებს.