საპატრიარქო უარყოფს, რომ სამთავროს მონასტერში წირვა რუსულ ენაზე ჩატარდა

სამთავროს მონასტერი

საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 14 ოქტომბერს, მცხეთობაზე, სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე ჩატარდა.

საპატრიარქოს განმარტებით, წირვა ქართულ ენაზე ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აღავლინა. მასთან ერთად მსახურებაში მონაწილეობდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი, ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი.

საპატრიარქოში განმარტავენ, რომ დამკვიდრებული საეკლესიო ტრადიციის თანახმად, უცხოელ სასულიერო პირებს ადგილობრივი საეკლესიო იერარქიის ნებართვით შეუძლიათ გარკვეული ლოცვების მშობლიურ ენაზე წარმოთქმა.

„ასეთ დროს დაშვებულია, პატივისცემის ნიშნად, უცხოელ ღვთისმსახურებს მშობლიურ ენაზეც მიეცეთ გარკვეული კვერექსის ან ასამაღლებლის წარმოთქმის საშუალება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ

მცხეთობაზე საპატრიარქო „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ აკრედიტაციას არ აძლევს

საპატრიარქოს განცხადებით, ეს მართლმადიდებელ ეკლესიებში მიღებული პრაქტიკაა და ამ შესაძლებლობით საზღვარგარეთ ქართველი სასულიერო პირებიც სარგებლობენ.

„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აცხადებს საპატრიარქო.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საეკლესიო სლავური ენა, რუსეთის გარდა, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებშიც გამოიყენება.

14 ოქტომბერს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, ქვეყანას სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციები სტუმრობდნენ. მათ შორის იყვნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებიც.

ასევე ნახეთ

„რუსეთთან დიალოგი გვაქვს ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე“ - ანდრია ჯაღმაიძე

რუსეთის საპატრიარქომაც გაავრცელა ინფორმაცია მისი დელეგაციის საქართველოში ვიზიტის შესახებ. განცხადებაში, მათ შორის, აღნიშნულია, რომ „ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტმა გიორგიმ და ამბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა სამთავროს მონასტრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინეს“.