„ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის“, - თქვა ფავლენიშვილმა, რომლის შეფასებითაც, სასამართლოში მიმდინარე პროცესი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეხება.
მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობისათვის. ფავლენიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, სასამართლო სხდომების პარალელურად ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბონ.
„ჩვენ ვართ სრულიად მზადყოფნაში ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან, ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის, იმიტომ, რომ ბრძოლაში და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები“, - განაცხადა მან.
15 ოქტომბერს პატიმრობაში მყოფმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა, მოითხოვა, რომ სასამართლო სხდომებზე დასასწრებად ბათუმში გადაიყვანონ.
„კატეგორიულად მოვითხოვ, მოხდეს ჩემი ბადრაგირება ბათუმში და მომეცეს შესაძლებლობა, როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს მოქმედ თავმჯდომარეს, საჯაროდ გამოვხატო ჩემი პოზიცია“, - დაწერა ხაბეიშვილმა.
ხაბეიშვილმა მოქალაქეებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენაც მოუწოდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ოპოზიციის მიერ 25 ოქტომბრისთვის დაანონსებულ აქციას.
საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 21, 22 და 23 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მმართველი პარტია ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას ითხოვს.
ასევე ნახეთ
ოპოზიციის ნაწილი საკონსტიტუციოს სხდომებში მონაწილეობას აანონსებსსარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო. სასამართლოს ვებგვერდზე 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული საოქმო ჩანაწერის თანახმად, საქმეს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.
სარჩელი „ქართული ოცნების“ 88 დეპუტატმა 24 სექტემბერს შეიტანა. ისინი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას მოითხოვენ:
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“;
- „კოალიცია ცვლილებისთვის“;
- „ძლიერი საქართველო - ლელო“;
- „ფედერალისტები“;
- „გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელზე გადაწყვეტილების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა თვე, 2027 წლის 24 ივნისამდე აქვს.
8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ. ევროპარლამენტარების ნაწილმა „ქართული ოცნება“ ერთპარტიული რეჟიმის დამყარების მცდელობაში დაადანაშაულა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად აფასებენ.
ასევე ნახეთ
მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო დატოვამანანა კობახიძის გადადგომა
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე მანანა კობახიძემ დატოვა.
კობახიძემ 9 ოქტომბერს სასამართლოს თვითგანრიდების შუამდგომლობით მიმართა. მისი განმარტებით, პროცესში მონაწილეობას შესაძლოა საზოგადოებაში საქმის მიუკერძოებელი და ობიექტური განხილვის შესახებ ეჭვები გაეჩინა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მოსამართლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კობახიძემ გადაწყვეტილებას განსხვავებული აზრი დაურთო.
13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ კობახიძეს პირადი განცხადების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა. მას უფლებამოსილების ვადა 2027 წლის თებერვალში ეწურებოდა. კობახიძეს გადაწყვეტილების მიზეზებზე დამატებითი განმარტება არ გაუკეთებია.