უკრაინისთვის Starshield-ის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან გაიცა - Reuters

ფოტო არქივიდან. ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი სამხედრო ამზადებს თანამგზავრულ ინტერნეტ-სისტემა Starlink-ს.

უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის განკარგულება პენტაგონმა თეთრი სახლიდან მიიღო. ეს სააგენტო Reuters-ს ანონიმურობის დაცვის პირობით 15 ოქტომბერს უთხრა ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა და დასავლეთის კიდევ ერთი სახელმწიფოს ოფიციალურმა პირმა.

Reuters-ის წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად ვისი განკარგულება იყო ეს. თეთრ სახლში სააგენტოს განუცხადეს, რომ პრეზიდენტს მსგავსი თხოვნით არასდროს მიუმართავს. ამასთან, არ უპასუხეს შეკითხვას, იყო თუ არა მიმართვა ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებისგან.

  • 14 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში შენელებული იყო ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის სამხედრო-სადაზვერვო მიზნებისთვის ადაპტირებული Starshield-ის სიჩქარე. მას უკრაინის თავდაცვის ძალებიც იყენებენ ბრძოლის ველზე კომუნიკაციისა და უპილოტო საფრენი აპარატებისთვის.
  • SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starshield-ის სისტემებს ფლობს და აკონტროლებს აშშ-ის მთავრობა და ნებისმიერ შეზღუდვას სამხედროები და პრეზიდენტი ადგენენ.

ასევე ნახეთ

ტრამპი ისევ აკრიტიკებს ზელენსკის და აცხადებს,რომ მისი დიდი გულშემატკივარი არ არის

უკრაინაში Starshield-ის შეფერხებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკული კომენტარები და განცხადება, რომ უკრაინას ახალი ლიდერი სჭირდება.

მანამდე ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, 9 ოქტომბერს გააუქმა რუსული დიზელის საწვავის იმპორტისთვის დაწესებული აკრძალვა, რასაც ზელენსკიმ ომში ინვესტირება და სისუსტე უწოდა.

11 ოქტომბერს ტრამპმა რუსეთ-უკრაინას შორის გამოაცხადა ენერგოზავი, რომლის მიუხედავად რუსეთმა განაგრძო უკრაინის ენერგოობიექტებზე დარტყმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Financial Times-ის მიერ 15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ განაახლებენ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის მიერ ენერგოზავის გამოცხადების შემდეგ უკრაინამ შეაჩერა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, რუსეთმა კი უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევა გააგრძელა და ამ დროს უკრაინა დარჩა რუსული ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ ამერიკული მხარის წინასწარი მონაცემების გარეშე და შეფერხდა Starshield-ის მუშაობა.

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ Starshield-ის შეზღუდვა არ იყო გამოწვეული ტექნიკური პრობლემებით.

ასევე ნახეთ

„ეს ისტორიის არასწორი მხარეა” - ზელენსკი ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებებზე